თავი 1- I
ეძღვნება სიბილ ბარნეტს, რომელსაც ასევე უყვარს ხეტიალი.
- ლინეტ რიჯუეი!
- ის არის! - თქვა "სამი გვირგვინის" მფლობელმა მისტერ ბარნაბიმ და თანმხლებს მუჯლუგუნი გაჰკრა.
ორივე მონუსხული და პირდაფჩენილი შესცქეროდა უშველებელ სისხლისფერ "როლს-როისს", ფოსტასთან წამის წინ რომ გაჩერდა.
მანქანიდან გადმოფარფატდა თავშიშველი გოგონა, რომელსაც, ერთი შეხედვით, უბრალო კაბა ეცვა, ოქროსფერი დალალები და სწორი, მკაცრი ნაკვთები ჰქონდა, ასეთ ჩამოსხმულ ქალს მალტონ-ანდერ-ვოუდში ხშირად ნამდვილად ვერ ნახავდი. საფოსტო განყოფილებაში მკვირცხლი, მტკიცე ნაბიჯით შევიდა.
- ის არის! - აღფრთოვანებით გაიმეორა ბარნაბიმ დაბალი, შიშნარევი ხმით, - მილიონერია... აქაურობაზე ათასების დახარჯვას აპირებს. ამბობენ, აუზის, იტალიური ბაღებისა და სამეჯლისო დარბაზის გაკეთება უნდაო... სახლს ნახევრად ჩამოშლის და თავიდან ააშენებსო...
- ქალაქში ფულს დაატრიალებს, - უპასუხა მეგობარმა. ხმელ-ხმელი, ავადმყოფური იერის კაცი იყო, შურითა და ბოღმით ლაპარაკობდა.
მისტერ ბარნაბი დაეთანხმა.
- მალტონ-ანდერ-ვოუდისთვის ჩინებული ამბავია! დიდებული! - მისტერ ბარნაბის კარგი წინათგრძნობა ჰქონდა და კმაყოფილმა დასძინა, - ყველანი გამოვფხიზლდებით.
- სერ ჯორჯს არაფრით ჰგავს, - მიუგო მეგობარმა.
- სერ ჯორჯი დოღმა დაღუპა, - სინანულით თქვა მისტერ ბარნაბიმ, - არასდროს უმართლებდა.
- რამდენი გადაუხადეს?
- მგონი, ექვსი ათასი.
გამხდარმა გაოცებისგან დაუსტვინა, მისტერ ბარნაბიმ კი საზეიმოდ განაგრძო:
- მეტიც, ამბობენ, ექვსი ათასს კიდევ დაახარჯავსო!
- აუჰ! - აღმოხდა გამხდარს, - ამდენი ფული საიდან აქვს?
- როგორც გავიგე, ამერიკიდან. დედამისი ვიღაც მილიონერის ერთადერთი ქალიშვილი ყოფილა. ფილმებში რომ არის ხოლმე, ეგეთი ამბავია, არა?
გოგონა ფოსტიდან გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა. გამხდარმა ავტომობილს თვალი გააყოლა და ჩაილუღლუღა:
- ასე არ შეიძლება - მეტისმეტად ლამაზია. ფულიც გქონდეს და გარეგნობაც? სად გაგონილა? მდიდარი გოგოები შეუხედავები არიან ხოლმე, ეს კი კალმით ნახატია... არაფერი აკლია... რა უსამართლობაა!