ნაწილი I -
ფაქტები -
1. „ტოროსის ექსპრესში“ მნიშვნელოვანი მგზავრი ადის სირიაში ზამთრის სუსხიანი დილის ხუთი საათი იყო. ალეპოს რკინიგზის სადგურში ბაქნის გასწვრივ დიდებულად ჩამომდგარიყო მატარებელი, რომელსაც სარკინიგზო ცნობარებში „ტოროსის ექსპრესს“ უწოდებდნენ. „ტოროსი“ ვაგონ-რესტორნის, საძილე ვაგონისა და ადგილობრივი დღის მატარებლის ორი ვაგონისგან შედგებოდა.
საძილე ვაგონის კიბესთან სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა ფრანგი ლეიტენანტი ქუდჩამოფხატულ და შარფშემოხვეულ დაბალ კაცს ელაპარაკებოდა, რომელსაც მხოლოდ გაწითლებული ცხვირი და ულვაშის აპრეხილი ბოლოები უჩანდა.
სიცივე ძვლებში ატანდა და ამიტომ წარჩინებული უცხოელის გაცილება დიდად სახარბიელო საქმე არ გახლდათ, თუმცა ლეიტენანტი დიუბოსკი მაინც ვაჟკაცურად ასრულებდა თავის მოვალეობას. ნატიფი ფრანგულით დახვეწილ ფრაზებს აფრქვევდა. სიმართლე რომ ითქვას, საქმის ვითარება არც ესმოდა ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ხმებისთვის ყური უკვე მოეკრა. გენერალს - მის გენერალს - კი ხასიათი დღითი დღე უუარესდებოდა. და სწორედ ამ დროს ეს ბელგიელი მგზავრიც გამოჩნდა, სავარაუდოდ, ინგლისიდან მოდიოდა. გარნიზონში მთელი კვირა დაძაბული მდგომარეობა იყო. ამის შემდეგ კი ერთ ამბავს მეორე მოჰყვა: ერთ-ერთმა საკმაოდ ცნობილმა ოფიცერმა თავი მოიკლა, მეორემ - უეცრად მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება, თუმცა კი შეშფოთებულ სამხედროებს გულს მოეშვათ, რადგან სამხედრო ნაწილში უსაფრთხოების ზომები შეამსუბუქეს. და გენერალიც, კონკრეტულად ლეიტენანტ დიუბოსკის უფროსი, თითქოს ათი წლით გაახალგაზრდავდა.
დიუბოსკმა თავისი გენერლის და უცხოელის საუბრის ნაწყვეტს მოჰკრა ყური.
- თქვენ გადაგვარჩინეთ, მონ ცჰერ (Mon cher (ფრ.). - ჩემო მეგობარო), - უთხრა გენერალმა ემოციურად და ამ სიტყვების წარმოთქმაზე ჭაღარა ულვაში აუცახცახდა. - თქვენ გადაარჩინეთ საფრანგეთის არმიის ღირსება, დიდი სისხლის ღვრა აგვაცილეთ თავიდან! არც კი ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა, ჩემს თხოვნას რომ გამოეხმაურეთ, ამ სიშორეს რომ ჩამობრძანდით...
რაზეც უცნობმა (სახელად ერკიულ პუარომ) შემდეგი ფრაზით უპასუხა:
- რას ბრძანებთ, განა დამავიწყდა, სიკვდილს როგორ გადამარჩინეთ?
გენერალმა თავის მხრივ შესაფერისი ფრაზა შეაგება და მოკრძალებულად უარყო საკუთარი დამსახურება; კიდევ ერთხელ ახსენა საფრანგეთი, ბელგია, დიდება, ღირსება და უამრავი საქებარი სიტყვაც დაამატა, მერე გულიანად გადაეხვივნენ ერთმანეთს და საუბარიც დასრულდა.
კონკრეტულად რას ეხებოდა მათი საუბარი, ლეიტენანტ დიუბოსკმა ვერ გაიგო, თუმცა, რაკი „ტოროსის ექსპრესზე“ პუაროს გაცილება მას დაევალა, ახალგაზრდა ოფიცერი დაკისრებულ მისიას საკადრისი გზნებითა და გულმოდგინებით ასრულებდა, რაც საიმედო კარიერის შექმნას უქადდა.
- დღეს კვირაა, - თქვა ლეიტენანტმა დიუბოსკმა. - ხვალ, ორშაბათ საღამოს, უკვე სტამბოლში იქნებით.
პირველად როდი გამოთქვა ეს აზრი. მაგრამ, როგორც ამბობენ, მატარებლის დაძვრამდე ბაქანზე საუბრისას ფრაზები ხშირად მეორდება.
- სწორი ბრძანებაა, - დაეთანხმა პუარო.
- როგორც ვხვდები, რამდენიმე დღეს აპირებთ იქ დარჩენას, ხომ?
- Mais oui (Mais oui (ფრ.). - რასაკვირველია). სტამბოლში არასდროს ვყოფილვარ. დასანანი იქნებოდა, ეს შანსი ხელიდან რომ გამეშვა, Comme ça (Comme ça (ფრ.). - აი, ასე). - თქვა და მრავალმნიშვნელოვნად გაატკაცუნა თითები. - ხელს არაფერი მიშლის და რამდენიმე დღეს დავყოფ.
- La Sainte Sophie (La Sainte Sophie (ფრ.). - „აია-სოფია“. ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, აშენდა 324 წელს. ოსმანთა იმპერიის დროს 1453-1931 წლებში მეჩეთად გადაკეთდა. 1935 წლიდან მუზეუმია თურქეთის ქალაქ სტამბოლში) მშვენიერი სანახავია, - უთხრა ლეიტენანტმა დიუბოსკმა, რომელსაც ეს ტაძარი არასდროს ენახა.
ბაქანზე ცივმა ქარმა დაუბერა და ორივე მოიბუზა. ლეიტენანტმა დიუბოსკმა მაჯის საათისკენ გააპარა თვალი. ხუთს ხუთი წუთი აკლდა, ანუ მატარებლის გასვლამდე ხუთი წუთიღა რჩებოდა. ვაითუ, დამინახა, საათს რომ დავხედეო, გაიფიქრა და ისევ საუბარი წამოიწყო:
- წელიწადის ამ დროს ცოტა ვინმე თუ მოგზაურობს, - თქვა და საძილე ვაგონის ფანჯრებს ახედა.
- ასეა, - დაეთანხმა პუარო.
- იმედი ვიქონიოთ, რომ ტოროსში (ტოროსი, იგივე ტავრი - მთათა სისტემა თურქეთის სამხრეთ ნაწილში, გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ 1000 კმ-ზე) დიდთოვლობაში არ მოჰყვებით.
- ასეთი რამეც ხდება?
- ცხადია, ხდება, თუმცა წლეულს ჯერ არ მომხდარა.
- ჩვენც უკეთესის იმედი ვიქონიოთ, - თქვა პუარომ. - ევროპიდან ამინდის პროგნოზი კარგს არაფერს გვიქადის?
- არაფერს. ბალკანეთში დიდთოვლობა ყოფილა.
- გერმანიაშიც, როგორც გავიგე.
- Eh bien (Eh bien (ფრ.). - რა გაეწყობა), - სწრაფად წარმოთქვა ლეიტენანტმა დიუბოსკმა, რადგან გრძნობდა, რომ მორიგი პაუზა ახლოვდებოდა. - ხვალ საღამოს, რვას რომ ოცი დააკლდება, კონსტანტინოპოლში იქნებით.
- დიახ, - უთხრა პუარომ, საუბარი რომ არ შეეწყვიტა. - გამიგია, რომ La Sainte