შესავალი
საზოგადოებაში გაბატონებულია აზრი, რომ დეტექტივი, გარკვეული თვალსაზრისით, დიდ დოღს წააგავს. ორივეგან ამბავი ჯგუფის მონაწილეობით იწყება: დეტექტივი - ადამიანების, დოღი - ცხენებისა და ჟოკეების. სამაგიეროდ, თუ დოღის შემთხვევაში - ირჩევ ფავორიტს და ჩადიხარ ფსონს, დეტექტივის შემთხვევაში, და ამაზე არავინ კამათობს, თუ გინდა, რომ გაგიმართლოს, ირჩევ სრულ აუტსაიდერს. სხვანაირად რომ ვთქვათ, შენი ფავორიტი აუტსაიდერია! აირჩიე ის, ვინც ყველაზე ნაკლებად ტოვებს დამნაშავის შთაბეჭდილებას და ათიდან ცხრა შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ სწორედ ის არის დამნაშავე.
ვინაიდან არ მინდა, მკითხველმა ეს წიგნი დაწყებისთანავე მოისროლოს, წინასწარ ვაფრთხილებ: ამ წიგნში ყველაფერი სხვანაირადაა. იწყება მხოლოდ ოთხი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფით, რომელთაგან, გარკვეულ ვითარებაში ნებისმიერს შეეძლო დანაშაულის ჩადენა. ეს თითქოს, ასუსტებს მოულოდნელობის ეფექტს, მაგრამ, პირიქით, სწორედ ის, რომ ოთხივე ადამიანს წარსულში ჩადენილი აქვს მკვლელობა და, შესაბამისად, მომავალშიც შეუძლია იმავეს გაკეთება, თანაბარ ინტერესს აღძრავს ოთხივესადმი. ისინი დიამეტრულად განსხვავებულ ტიპებს წარმოადგენენ. ასევე ერთმანეთისგან განსხვავდება დანაშაულის ჩადენის მათი მოტივიც და მეთოდიც. თითოეული სპეციფიკურად მისთვის დამახასიათებელ ხერხს იყენებს დანაშაულის ჩადენისას. ამდენად, დანაშაულის ძიებისას მხოლოდ და მხოლოდ მათ ფსიქოლოგიას უნდა დაეყრდნო, რაც არანაკლებ საინტერესოა, რადგან, როდესაც კვლევის ყველა გზა ამოწურულია, მკვლელის ბუნებაღა რჩება, რომელიც უაღრესად დიდი ინტერესის საგანს წარმოადგენს.
აქ მოთხრობილი ამბის სასარგებლოდ იმის დამატებაც შემიძლია, რომ თავად ერკიულ პუაროს იგი თავის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ საქმედ მიაჩნდა, თუმცა მის მეგობარ კაპიტან ჰასთინგზს ეს საქმე მოსაწყენად მოეჩვენა. საინტერესოა, რომელ მათგანს მიემხრობა ჩემი მკითხველი...
აგათა კრისტი