თავი I
ერკიულ პუარო სასაუზმოდ მაგიდას მისჯდომოდა. მარჯვენა ხელთან ცხელი შოკოლადით სავსე ფინჯანი ედგა. პუარო ტკბილეულის დიდი მოყვარული გახლდათ. ცხელ შოკოლადს ბრიოშს აყოლებდა. ეს ფუნთუშა ძალიან უხდებოდა შოკოლადის სასმელს. პუარომ თავის დაქნევით დაადასტურა ეს. ამ დილით ოთხი pâtisserie შემოიარა და ბოლოს ბრიოში იმ დანიურ საცხობში იყიდა, რომელიც ახლომდებარე ფრანგულ საცხობს ბევრად სჯობდა. წმინდა წყლის ყალთაბანდობა იყო და მეტი არაფერი.
პუარო განცხრომაში იყო. კუჭი დაუცხრა. გონებაც დამშვიდებული ჰქონდა, შესაძლოა, მეტისმეტადაც კი. პუარომ ეს-ეს არის დაასრულა უდიდესი ნაშრომი, დეტექტიური ლიტერატურის დიადი მწერლების ანალიზი. მან გაბედა და მწვავედ გააკრიტიკა ედგარ ალან პო, უილკი კოლინზს კი რომანტიკული გრძნობების გამოხატვაში მეთოდისა და თანამიმდევრობის უკმარისობა დასდო ბრალად, სამაგიეროდ, ცამდე აიყვანა ხოტბით ორი, თითქმის უცნობი ამერიკელი ავტორი, საქებარი სიტყვები არ დაიშურა მისთვის, ვინც ღირსი იყო, და მკაცრად გაკილა ის, ვინც, მისი აზრით, კეთილ სიტყვას არ იმსახურებდა. პუარომ გადაათვალიერა სტამბიდან გამოტანილი წიგნი და მიუხედავად ბეჭდვის დროს დაშვებული მრავალი შეცდომისა, აღიარა, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდა. ტკბებოდა წიგნზე მუშაობით და იმ უამრავი საკითხავით, რომელთა გაცნობამაც მოუწია, სიამოვნებდა ზიზღის გამომხატველი ამოოხვრა, როდესაც წიგნს იატაკზე მოისვრიდა ხოლმე (თუმცა არასდროს ავიწყდებოდა ადგომა, დაბლა დავარდნილი წიგნის აღება და სანაგვე ყუთში მისი აკურატულად ჩადება), და ის იშვიათი შემთხვევებიც სიამოვნებდა, როდესაც აღფრთოვანებული მოწონების ნიშნად თავს აკანტურებდა.
და ახლა რაღა იქნებოდა? პუაროს დასვენების სასიამოვნო შუალედი ჰქონდა, რომელიც ასე საჭირო იყო გონებრივი შრომის შემდეგ. მაგრამ ადამიანი მუდმივად ხომ ვერ დაისვენებს, ახალ საქმეს უნდა მოჰკიდოს ხელი. სამწუხაროდ, პუაროს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა იქნებოდა ეს ახალი საქმე. კიდევ ერთი ლიტერატურული გამარჯვება? პუარო ასე არ ფიქრობდა. „გააკეთე საქმე კარგად და მეორეჯერ აღარ მიუბრუნდე!“ - ეს გახლდათ მისი პრინციპი. მაგრამ საქმე ის იყო, რომ პუარო უკვე მოწყენილი იყო. დაძაბული გონებრივი მუშაობა, რომელიც სიამოვნებას ჰგვრიდა, მეტისმეტად ინტენსიური გამოდგა. მან პუაროს მავნე ჩვევები შესძინა, დაუდეგარი გახადა...
- დასანანია! - პუარომ თავი გააქნია და კიდევ ერთი ყლუპი ცხელი შოკოლადი მოსვა.
კარი გაიღო და მოწიწებითა და ოდნავ დამნაშავის გამომეტყველებით პუაროს ერთგული მსახური, ჯორჯი, შემოვიდა, ჩაახველა და ჩაიბუტბუტა:
- ჰმ... - შეჩერდა, - ახალგაზრდა ქალბატონი გკითხულობთ.
პუარომ მსახურს გაკვირვებული და ოდნავ ზიზღნარევი მზერით შეხედა.
- მე ამ დროს სტუმრებს არ ვიღებ, - უთხრა ჯორჯს საყვედურით.
- დიახ, არ იღებთ, სერ, - დაეთანხმა მსახური.
ბატონმა და მსახურმა ერთმანეთს შეხედეს. მათი საუბარი ზოგჯერ სირთულეებთან იყო დაკავშირებული: კილოს ცვლილებით, მინიშნებებითა თუ სიტყვების შერჩევით ჯორჯი ბატონს აგრძნობინებდა, რომ სწორად დასმული კითხვის პასუხად რაღაც მნიშვნელოვანს გაიგებდა. პუარო დაფიქრდა, რა შეიძლებოდა ამ შემთხვევაში ეკითხა.
- ის ახალგაზრდა ქალბატონი მომხიბლავია? - იკითხა პუარომ წინდახედულად.
- ჩემი აზრით, არა, სერ, მაგრამ გემოვნებაზე არ დავობენ.
პუარომ აწონ-დაწონა მსახურის პასუხი. მას გაახსენდა ხანმოკლე პაუზა, რომელიც ჯორჯმა გააკეთა, სანამ წარმოთქვამდა ფრაზას „ახალგაზრდა ქალბატონი“. ჯორჯი მეტისმეტად ფრთხილი ბრძანდებოდა ადამიანებთან ურთიერთობაში. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ იცოდა სტუმრის საზოგადოებრივი მდგომარეობა, არჩია, თავი შეეკავებინა ვარაუდის გამოთქმისგან.
- ფიქრობ, რომ ის ახალგაზრდა ქალბატონია და არა, ვთქვათ, უბრალოდ ახალგაზრდა ქალი?
- ასე მგონია, სერ, თუმცა ამას დღეს ზუსტად ვერავინ გეტყვით, - უთხრა ჯორჯმა წრფელი გულისტკივილით.
- გითხრა მიზეზი, რატომაც უნდა ჩემი ნახვა?
- როგორც მითხრა... - ჯორჯმა ეს სიტყვები ყოყმანით თქვა, თითქოს მათთვის წინასწარ იხდიდა ბოდიშს, - უნდა დაგელაპარაკოთ იმ მკვლელობის შესახებ, რომელიც შესაძლოა, ჩაიდინა.
გაოცებულმა ერკიულ პუარომ წარბები აზიდა.
- შესაძლოა, ჩაიდინა? ზუსტად არ იცის, ჩაიდინა თუ არა?
- თავად ასე მითხრა, სერ.
- არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ შეიძლება საინტერესო იყოს, - თქვა პუარომ.
- შესაძლოა, ხუმრობს, სერ, - თქვა ჯორჯმა დაეჭვებით.
- ყველაფერი შესაძლებელია, მე ასე ვფიქრობ, - თქვა პუარომ, - მაგრამ რთული წარმოსადგენია... - პუარომ ფინჯანი აიღო, - ხუთი წუთის შემდეგ შემოიყვანე ჩემთან.
- დიახ, სერ, - ჯორჯი ოთახიდან გავიდა.
პუარომ ცხელი შოკოლადი ბოლომდე დალია. შემდეგ ფინჯანი განზე გასწია და წამოდგა. ბუხართან მივიდა და მის თავზე დაკიდებულ სარკეში ულვაში გულდასმით შეისწორა. შემდეგ კმაყოფილი დაუბრუნდა თავის სკამს და სტუმარს დაუწყო ლოდინი. პუარომ