თავი I - I პირველი კლასის მოსაწევი ვაგონის კუთხეში მოსამართლე უორგრეივი, რომელიც ახალი გასული იყო პენსიაზე, სიგარას ეწეოდა და „თაიმში“ პოლიტიკის განყოფილებას ათვალიერებდა. მალე გაზეთი გვერდით გადადო და ფანჯარაში გაიხედა. მატარებელი სომერსეტს კვეთდა. მოსამართლემ გამოიანგარიშა: კიდევ ორი საათი მოუწევდა მგზავრობა.
კვლავ და კვლავ გონებაში ატრიალებდა ყველაფერს, რაც გაზეთებში დაიწერა ინდიელთა კუნძულის შესახებ. თავდაპირველად ის ამერიკელმა მილიონერმა შეიძინა, თავგადაკლულმა იახტსმენმა, რომელმაც ამ კუნძულზე, არცთუ შორს დევონის ნაპირებიდან, თანამედროვე სტილის მდიდრული სახლი აიშენა, მაგრამ, სამწუხაროდ, მილიონერის მესამე ცოლი – მისი ბოლოდროინდელი შენაძენი, რწევას ვერ იტანდა და ამან მილიონერი აიძულა, სახლსა და იახტას გამოსთხოვებოდა. და აი, გაზეთებში გაიელვა კუნძულის გაყიდვის შესახებ განცხადებებმა, რომლებშიც ის ძალიან ლამაზ ფერებში, ხატოვნად იყო აღწერილი. ამას მოჰყვა ცნობა, რომ კუნძული ვინმე ოუენმა შეიძინა. ამის შემდეგ ჭორიკანობის მოყვარული პრესის ფანტაზიას გასაქანი მიეცა. სინამდვილეში, ინდიელთა კუნძული ჰოლივუდის კინოვარსკვლავმა მის გაბრიელა ტერლიმ იყიდა! მას სურს რამდენიმე თვე წყნარად გაატაროს იქ – რეპორტიორებისა და სარეკლამო აურზაურისგან მოშორებით. „ბიზი ბი“ დელიკატურად მიანიშნებდა: კუნძული სამეფო ოჯახის საზაფხულო რეზიდენცია იქნება! მისტერ მერიუოდერამდე მიაღწია მითქმა-მოთქმამ, რომ კუნძული ახალგაზრდა ლორდმა ლ.-მ იყიდა. ის, ბოლოს და ბოლოს, კუპიდონის მსხვერპლი გახდა და კუნძულზე თაფლობის თვის გატარებას აპირებს. „ჯონასმა“ დადასტურებულად იცოდა, რომ კუნძული ადმირალიტეტმა შეიძინა ძალიან საიდუმლო ექსპერიმენტების ჩასატარებლად.
მართლაც, ინდიელთა კუნძული გაზეთების გვერდებიდან არ ჩამოდიოდა.
მოსამართლე უორგრეივმა ჯიბიდან წერილი ამოიღო. იმდენად გაურკვეველი ნაწერი იყო, თითქმის არ იკითხებოდა, მაგრამ აქა-იქ გასაკვირად მკაფიოდ დაწერილი სიტყვებიც ჩანდა:
„ძვირფასო ლორენს... ასი წელია თქვენგან არაფერი მსმენია... აუცილებლად ჩამოდით ინდიელთა კუნძულზე... საუცხოო ადგილია... რამდენი რამ გვაქვს სალაპარაკო... ძველი დრო... ბუნებით დატკბობა... მზის სხივებში ნებივრობა... 12.40 პადინგტონის სადგურიდან... ოუქსბრიჯში შეგხვდებით“... და ხვეულა ხელმოწერა: „მარად თქვენი კონსტანცია კალმინგტონი“.
მოსამართლე უორგრეივი ფიქრით წარსულში გადავიდა. ცდილობდა, გაეხსენებინა, ლედი კონსტანცია კალმინგტონი ბოლოს როდის ნახა. შვიდი წელი მაინც იქნებოდა, თუ მთლად რვა არა. მაშინ ქალი იტალიაში გაემგზავრა მზეზე სანებივროდ, ბუნებასა და contadini (Contadini (იტალ. Contadino) – გლეხები, რომელთაც საკუთარი ან იჯარით აღებული მიწა აქვთ; მეურნე გლეხი, ფერმერი.)-სთან საურთიერთობოდ. მერე სადღაც ყური მოჰკრა, რომ ქალი სირიაში გადავიდა, სადაც კიდევ უფრო მწველ მზეზე აპირებდა ნებივრობას და ბუნებასა და ბედუინებთან ურთიერთობას.
„კონსტანცია კალმინგტონი... – ფიქრობდა მოსამართლე, – სწორედ ის ქალია, რომელიც კუნძულს იყიდის და იდუმალებით გარემოცულ სამყაროში იცხოვრებს“, – თავი დააქნია თავისივე ლოგიკის მოწონების ნიშნად, შემდეგ თავი მკერდზე ჩამოუვარდა... მოსამართლეს ჩაეძინა.