თავი პირველი
მისის მაკგილიკადი სუნთქვააჩქარებული მისდევდა სადგურის ბაქანზე მებარგულს, რომელსაც მისი ჩემოდანი მიჰქონდა. ქალი დაბალი და მსუქანი იყო, მაღალი მუშა კი დიდი ნაბიჯებით მიიწევდა წინ. თანაც, მისის მაკგილიკადის საშობაოდ მაღაზიებში სიარულისას შეძენილი უამრავი პაკეტი ამძიმებდა. ასე რომ, ეს უთანასწორო რბოლა გახლდათ და როდესაც მებარგულმა პლატფორმის ბოლოს მიაღწია და შეუხვია, მას იქამდე საკმაო მანძილი რჩებოდა გასავლელი.
დღის ამ მონაკვეთში პირველ ბაქანზე უჩვეულოდ ცოტა ადამიანი შეიმჩნეოდა, რაც იმას გამოეწვია, რომ მატარებელი ახლახან გასულიყო, სამაგიეროდ, მის მიღმა ზღვა ხალხი ირეოდა. ადამიანები სხვადასხვა მიმართულებით მიიჩქაროდნენ: მიწისქვეშა გადასასვლელისკენ, ბარგის შემნახველი საკნებისკენ, კაფეებისკენ, ცნობათა ბიუროსკენ, მატარებლების განრიგის ტაბლოსკენ და ორი შემოსასვლელ-გასასვლელისკენ, რომლებიც სადგურს გარე სამყაროსთან აკავშირებდა.
ფუთებახორხლილ მისის მაკგილიკადის გზაში არაერთი მუჯლუგუნი მოხვდა, მაგრამ ბოლოს მაინც მიაღწია მესამე პლატფორმამდე, ერთი პაკეტი ფეხებთან დადო და ხელჩანთაში ბილეთის ძებნას შეუდგა, რათა იგი გასასვლელთან მდგომი, უნიფორმაში გამოწყობილი, მკაცრი გამომეტყველების კონტროლიორისთვის წარედგინა.
სწორედ ამ დროს მის თავზე ხრინწიანი, თუმცა მკაფიო ხმა გაისმა:
- თექვსმეტ საათსა და ორმოცდაათ წუთზე მესამე პლატფორმიდან გადის ჩადმუთისკენ მიმავალი მატარებელი. გაჩერდება ბრეკჰემპტონში, მილჩესტერში, უეივერტონში, კარვილჯანქენში, როქსეტერში, შემდეგ კი ყველა სადგურში. ბრეკჰემპტონსა და მილჩესტერში მიმავალმა მგზავრებმა ადგილები ბოლო ვაგონში დაიკავონ. მათ, ვინც ვენეიში მიემგზავრება, როქსეტერში გადაჯდომა მოუწევთ.
ხმა შეწყდა, რაღაცამ გაიტკაცუნა, მცირე პაუზის შემდეგ კი ის კვლავ გაისმა და ყველას შეატყობინა, რომ 16:35-ზე მეცხრე პლატფორმაზე ბირმინგემიდან და ვულვერჰემპტონიდან მომავალი მატარებელი ჩამოდგებოდა.
მისის მაკგილიკადიმ, როგორც იქნა, ბილეთს მიაგნო და კონტროლიორს გაუწოდა. ამ უკანასკნელმა იგი დააკომპოსტირა და ჩაიბურტყუნა:
- მარჯვნივ, ბოლოში.
მისის მაკგილიკადიმ დარჩენილი გზაც გაიარა და თავისი მებარგული დაინახა, რომელიც მოწყენილი სახით მესამე კლასის ვაგონთან ელოდებოდა.
- აქეთ, ქალბატონო.
- მე პირველი კლასით ვმგზავრობ, - განაცხადა მისის მაკგილიკადიმ.
- თავიდანვე ასე გეთქვათ, - ჩაიბუზღუნა მებარგულმა და დამცინავად შეათვალიერა ქალის შავწინწკლებიანი, თითქმის მამაკაცური ყაიდის ტვიდის პალტო.
აქოშინებულ მისის მაკგილიკადის კამათის თავი აღარ ჰქონდა, თორემ ეტყოდა, რომ სწორედ ასე მოიქცა.
მებარგულმა ჩემოდანს ხელი დაავლო და მეზობელი ვაგონისკენ გაემართა, სადაც მისის მაკგილიკადი ერთადგილიანი კუპეს მყუდრო, დიდებულ გარემოში განმარტოვდა. 16:50-ზე გასასვლელი მატარებელი პირველი კლასის მგზავრებს შორის ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა. ისინი დილის ექსპრესს ან უფრო გვიანდელს, 18:40-იანს ამჯობინებდნენ, რომელსაც ვაგონ-რესტორანი ჰქონდა. მისის მაკგილიკადიმ მებარგულს ფული გადაუხადა. კაცს სახეზე აშკარა იმედგაცრუება დაეტყო, ვინაიდან, მისი აზრით, ეს თანხა მესამე კლასის მგზავრს უფრო შეეფერებოდა, ვიდრე პირველისას. მართალია, მისის მაკგილიკადი მზად იყო, ფული არ დანანებოდა ქვეყნის ჩრდილოეთიდან ღამით კომფორტულად მგზავრობისთვის, მით უმეტეს, წინასაშობაოდ მაღაზიებში აღმა-დაღმა სიარულის შემდეგ, მაგრამ წვრილმანი გასამრჯელოს გულუხვად გაცემა არ უყვარდა.
მან შვებით ამოისუნთქა, მოხერხებულად მოკალათდა და ჟურნალი გადაშალა. ხუთი წუთის შემდეგ სასტვენის ხმა გაისმა და მატარებელი დაიძრა. მალე ქალს ჟურნალი ხელიდან გაუცურდა, თავი გვერდზე გადაუვარდა და ჩაეძინა. მისის მაკგილიკადის ოცდათხუთმეტი წუთი ეძინა. გაღვიძებული თავს გაცილებით მხნედ გრძნობდა. მან გვერდზე მოქცეული შლაპა გაისწორა, გაიმართა და ფანჯარაში გაიხედა, საიდანაც სოფლური პეიზაჟები ერთმანეთს ცვლიდა. უკვე საკმაოდ ბნელოდა - დეკემბრის ნისლიანი, პირქუში დღე დასასრულს უახლოვდებოდა. შობამდე ხუთი დღე რჩებოდა. წელიწადის ამ დროს ლონდონში მოღუშული, გულის გამაწვრილებელი ამინდი ჭარბობდა, თუმცა მის მიღმაც ყველაფერი ასევე მოსაწყენად გამოიყურებოდა. თვალს მხოლოდ კაშკაშა გამონათება თუ ახარებდა, როდესაც მატარებელი რომელიმე სადგურს ან ქალაქს ჩაუვლიდა.
- საღამოს ჩაი! - გაისმა გამცილებლის ხმა, რომელიც დერეფანში ზღაპრული ჯინივით მოულოდნელად გაჩნდა.
მისის მაკგილიკადის დიდ უნივერმაღში ჩაის დალევაც მოესწრო და დანაყრებაც. გამცილებელი დერეფანს გაუყვა, თან მონოტონურად იმეორებდა ერთსა და იმავეს. ქალმა კმაყოფილებით ახედა ბადეს დივნის თავზე, სადაც მისი მრავალრიცხოვანი პაკეტები ეწყო. პირსახოცები ძვირი არ დაუჯდა, თანაც სწორედ ისეთი შეიძინა, მარგარეტს რომ უნდოდა. რობისთვის საუცხოო „კოსმოსური“ თოფი ეყიდა, ჯინისთვის - რბილი კურდღელი, თავისთვის კი თბილი და მოხდენილი ჟაკეტი შეერჩია, როგორიც სჭირდებოდა. ესეც პულოვერი ჰექტორისთვის... მისის მაკგილიკადიმ კიდევ ერთხელ მოიწონა საკუთარი კეთილგონიერება საჩუქრების შერჩევისას.
მან კვლავ ფანჯარაში გაიხედა. შემხვედრმა ექსპრესმა გამაყრუებელი სტვენით ჩაუქროლა და ფანჯრები შეაზანზარა. მისის მაკგილიკადი უნებურად შეკრთა კიდეც. მატარებელმა გრუხუნით გაიარა ლიანდაგების ისრები და სადგური უკან მოიტოვა.
შემდეგ, როგორც ჩანს, შუქნიშანს დაემორჩილა და სვლა შეანელა. ერთხანს ძლივს მიღოღავდა, ბოლოს გაჩერდა კიდეც, მაგრამ მალე კვლავ დაიძრა. გვერდით კიდევ ერთმა შემხვედრმა ჩაუქროლა, თუმცა - ნაკლებად გამაყრუებელი ხმაურით.
მატარებელმა თანდათანობით სიჩქარე