სახელის ნაცვლად
„და როცა ვინმე დაასრულებს ამ ტექსტის ნაწყვეტს“...
რა არის ის, რაც აიძულებს ადამიანს, გაექცეს ხილულ სამყაროს და თავი სიტყვას შეაფაროს? ან სულაც, ამ სიტყვაშივე გაითხაროს საფლავი, ჩაწვეს და ახალმოწამესავით აღესრულოს, ისე რომ აღდგომასაც არ ელოდოს? ანდა, სიტყვა შუბისტარზე შემდგარი მზესავით მიიღოს, თვალი გაუსწოროს და თვითონ კი არა, სიტყვა დამარხოს თავისთავში, როგორც ციდან ზუსტი ნატყორცნით ჩამოხსნილი ლამაზი ფრინველი, როგორც ჰორიზონტზე გადაფრენილი შვიდვარსკვლავა ირემი...
რა არის ის, რაც სიტყვებთან მარტოს ტოვებს ადამიანს, სხვა ყველაფრისთვის კი დააბრმავებს და დააყრუებს, დაახშობს ყოფიერების მძიმე სარქველით?..
ვნება განუზომელია და ალბათ ისაა სამყაროს სახლის ერთი სარკმელიც.
ეს პოემა ქალზეა და ამ ქალს,
„მარტოობა თუ შეაწუხებს,
ქალს, სიძულვილი თუ შეაწუხებს,
ქალს, სიყვარული თუ შეაწუხებს,
ეს დედამიწა გლობუსივით დაატრიალოს,
რომ არ გავჩერდეთ.“
ასეთ ვნებას შემოქმედებაც აღძრავს ხოლმე ადამიანში, უფრო სწორედ, იმ რაღაც ახლის, უცხოს მონატრება, რომელმაც მერე მთელი ეს ხილული სინამდვილე სულ სხვა წრეზე უნდა დაატრიალოს. მკითხველისთვის მოტოვებულ სიცარიელეებში (რათა უფრო ხალისიანი და მაცდუნებელი თამაში შედგეს - მკითხველსა და ავტორს შორის) ათასი ამბავია, რის გამოც შეიძლება პოემის გმირი ათას ვინმედ წარმოიდგინო, თუკი მკითხველი არ დაიბნევა, თამაშს აჰყვება და სადღაც, შავით თეთრზე აბრიალებულ ვნებათაღელვებში ავტორსაც მოჰკრავს ყურს, ავტორი კი ერთგან მართლაც დაიჩივლებს:
„მთელი სოფელი მისი იყო,
რა ვერ იკმარა?“
უკმარობა განუზომელია, და ალბათ ისიცაა სამყაროს სახლის ერთი სარკმელი.
აქ ატმოსფერო უკიდურესად დამუხტულია. შემზარავად პირქუშია პალიტრაც, სტილიზებული ქვესკნელის ფოტოგრაფირება კი მკითხველის გამძლეობას სცდის (აქვე: ეს პოემა მხოლოდ გამძლეთათვისაა), გამძლეებმა კი კარგად იციან, მარტოობა რა ჯოჯოხეთური დღესასწაულია ამ სამყაროში.
მარტოობაც, სამყაროს სახლს სარკმელად ადევს.
თამაში გრძელდება და, შედეგიც უცნობია. უფრო სწორედ, ძნელი ისაა, მიხვდე რა ჯობია, გამარჯვება თუ მარცხი. ძნელია გაერკვე, რა ჯობია: იცხოვრო თუ არ იცხოვრო სახელის ნაცვლად.
ეს შემოქმედებაა.
ეს პოემაც სარკმელია, სამყაროს სახლში.
ნინო სადღობელაშვილი