* * *(რა ეთქმის მას, ამონათქვამი არ გესმის ვისიც)
რა ეთქმის მას, ამონათქვამი არ გესმის ვისიც,
გელოდა ვინც, სასწაულივით გელოდა. ან
რა ღონე იღონოს სიტყვების სათქმელად მან,
ვისშიაც შენდამი ნათქვამმა სისხლივით ჩაქცევა იცის.
მიშველე, გთხოვ! გამარღვევინე მხუთავი რკალი.
გამეცი ხმა. გამომიცოცხლე ალაგი ყრუ.
შენიდან ვარსკვლავთა ნაჟურის ვერშესმით ღრუ
პირისა მევსება, მგონია, გამდნარი კალით.
არ არის გზა. ჩაგიძირივარ ჩემსავე სისხლში.
მივდივარ ძირს, თანდათანობით მივდივარ ძირს.
თავდაღმა წასული ფსკერისკენ, ვაჟღერებ სტვირს.
იმავდროულად გამოვცემ ქაღალდზე ძარღვების შიშხინს.