წმინდა მოწამე სუქია და მისთანა 16 ქართველი
15 (28) აპრილი
წმინდა მოწამენი - სუქია, ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე, კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნირანგიოსი, პოლიევქტოსი, იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე - ქართველი დიდებულები იყვნენ. ისინი ალბანეთის მთავრის კარზე მსახურობდნენ და შესაბამისი პატივიც ჰქონდათ მთავრისაგან.
სომეხთა მეფის, არტაქსარის მეფობის დროს (88-123 წწ.) წმინდანები არტაშტში, სომხეთის მაშინდელ დედაქალაქში მოხვდნენ. ისინი ახლდნენ ალბანეთის მთავრის ასულ სათენეკს, რომელიც სომეხთა მეფეს გაჰყვა ცოლად. აქ ქადაგებდა წმინდა თადეოზ მოციქულის მოწაფე და ხელდასხმული ხუცესი ხრისოსი. ქართველი დიდებულები დაემოწაფნენ მას და გადაწყვიტეს, უფლის სამსახურისთვის გადაედოთ თავი. ხრისოსმა ახალმოქცეულები მესოპოტამიაში წაიყვანა და ევფრატის წყალში მონათლა. ნათლისღებისას მათ იხილეს ბორცვზე მდგარი ქრისტე. ახალნათელღებული ქრისტიანები აღარ განეშორებოდნენ ნათლისღების ადგილს, მაცხოვრის გამოცხადების ადგილას ჯვარი აღმართეს და ჯვარი ხარებისა უწოდეს.
ამის შემდეგ ხრისოსთან არტაქსარ მეფის გამოგზავნილი კაცები მივიდნენ და სთხოვეს, თავისი მოწაფეებისთვის ებრძანებინა სომხეთში დაბრუნება. ხრისოსმა უპასუხა: „ნებისაებრ თვისისა აღირჩიონ მათ სარგებელი თვისი“. მოძღვრის სიმტკიცით განრისხებულმა ბარბაროსებმა ხრისოსი და ოთხი მოწაფე მახვილით მოსწყვიდეს, სუქიასთვის კი ხელი არ უხლიათ, რადგან ეშინოდათ დედოფლისა, რომელსაც წმინდანი ნათესავად ეკუთვნოდა.
სუქიამ და მისმა თანამოძმეებმა დაფლეს სიმართლისათვის ვნებულნი, თვითონ კი „დაადგრეს სამხოლოსა მათსა ანგელოსებრივითა ცხოვრებითა“.
ხრისოსის მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ საძმოს სულიერი მოძღვარი წმინდა სუქია გახდა. მალე ისინი გადავიდნენ სუკაკეთის მთაზე, რომელიც სოფელ ბაგდევანდის ახლოს მდებარეობდა. ყოფილი დიდებულები მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მათი საჭმელი იყო მთის ბალახი, სასმელი კი - ცივი წყაროს წყალი. გამუდმებით ღია ცის ქვეშ ცხოვრებამ მოღვაწეთა კანი გამომწვარ თიხას დაამსგავსა, სხეულს კი თმა მოედო, რომელიც მათ ყოველგვარი სნეულებისაგან იცავდა.
წარმართული ალბანეთის ახალმა მთავარმა დატიანოსმა შეიტყო, რომ მისმა ქვეშევრდომმა დიდებულებმა ნათელიღეს და განმარტოებით ცხოვრობდნენ. თავის კარისკაც ბარლაპას უბრძანა, სპითურთ წასულიყო სუკაკეთს და პატივით მოეყვანა სუქია და მისი თანმხლებნი, ურჩობის შემთხვევაში კი მახვილით მოეწყვიტა ბერები.
ბარლაპამ სუკაკეთის ტყეში მოიძია მამაკაცები, რომლებიც უტყვ ველურებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე დიდებულებს. მან მეფის ბრძანება გადასცა სუქიას, პასუხად კი წმინდანმა მიუგო: „ჩვენ სახელისათვის უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესისა, რომელ არს შემოქმედი და უფალი ყოველთა მყოფთა, ნებსით მკუდარ ვიქმნენით და დავიწყებულ ხორციელად და რად სადამე სახმარ მკვდართა პატივი მთავრობითი, რომელნიცა ქრისტეს ჩვენისაგან მისთანა უკვდავსა და უბერებელსა, წარუდგინებელსა და სამარადისოსა მოველით დიდებასა ანგელოსთა თანა წმინდათა“.
წმინდანთა სიმტკიცით განრისხებულმა ბარლაპამ ბრძანა, შეეკრათ ძმები და მათთვის ცეცხლი შემოენთოთ. წმინდანები 21-ე ფსალმუნს გალობდნენ: „შენ, უფალო, ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა ჩემგან და ხელის აღპყრობად ჩემდა მომხედენ. იხსენ მახვილისაგან სული ჩემი და ხელთაგან ძაღლთაისა მხოლოდშობილება ჩემი, უთხრა სახელი შენი ძმათა და შორის ეკლესიისა გიგალობდე შენ“.
ცეცხლმოკიდებული წმინდა მოწამენი ბარლაპას ბრძანებით მახვილით აკუწეს, მათი დანახშირებული ნაწილები კი მიმოაბნიეს.
ეს მოხდა 123 წელს (სხვა გადმოცემით - 130 წელს, ათონის ივერთა მონასტრის XI ს-ის პერგამენტის მიხედვით - 100 წელს). უღმრთო მთავარმა წმინდანთა ნაწილების დაფვლა აკრძალა. ღვთის განგებულებამ 230 წლის განმავლობაში დაუმარხავი წმინდა ნაწილები უხრწნელად დაიცვა. IV საუკუნეში ქრისტიანებმა შეაგროვეს ისინი, ლუსკუმაში ჩაასვენეს და დაფლეს (წმინდანთა სახელები კლდეზე აღმოჩნდა ამოკაწრული).
წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლმა, სომეხთა განმანათლებელმა (+335; ხს. 30 სექტემბერს), წმინდა სუქიასა და მისი ძმების წამების ადგილზე ააგო ეკლესია და დააარსა მონასტერი. შემდგომ ამ ადგილას მაკურნებელმა წყალმა ამოხეთქა.
„ქართველ წმინდანთა ცხოვრება“, ტომი II,
თბილისი, 2001 წ.
კონდაკი: აღმობრწყინდა დღეს მოწამისა საღმრთო ხსენებაჲ, შემოკრებული სულთა დღესასწაულის მოყუარეთასა, რომელმან სისხლითა მარტვილობისა თვისისდათა შეამკო პორფირი სძლია, ეკლესიისა ჩჱნისა, და სიმდიდრედ დიდ ძალად ნაწილნი თვისნი წმინდანი მოგვანიჭნა მცველად და მფარველად ერისა მორწუნისა.