წინათქმა 2011 წლის 25 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოდან წმინდა სამების ტაძარში გადაასვენეს ახალშექმნილი „საქართველოს იმედის“ ხატი. უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ იმ დღეს ასე მიმართა მრევლს:
„დიდება და მადლობა უფალს, რომ ღირსი გაგვხადა, შექმნილიყო ეს ხატი - „საქართველოს იმედი“. ის ღვთის მადლითა და ძალით იქნება სასწაულთმოქმედი და ყოველ ადამიანს, რომელიც სარწმუნოებით, სიმდაბლით, სიყვარულით მიეახლება, აღუსრულდება თხოვა და ლოცვა. ამ ხატის მადლით ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო. ამ ხატის მადლით ღმერთმა დააბრუნოს ქართველი ხალხი უცხოეთიდან საქართველოში. ამ ხატის მადლით ღმერთმა გვაცხოვნოს ჩვენ, ამინ!“