ისტორიის სიღრმეებში იკარგება ქართველური სამყაროს ურთიერთობის საწყისი ბიბლიის შემქმნელ ებრაელ ხალხთან. ბიბლია, სადაც ჩამოყალიბებულია ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლი სიკეთის იდეოლოგია, დაწერილია ებრაელი ხალხის საუკეთესო შვილების მიერ, მაგრამ მთავარი შემოქმედი ამ მოძღვრებისა არის ღმერთი. როგორც ცნობილია ებრაელებსა და ქართველებს ერთმანეთის მიმართ ყოველთვის განსაკუთრებულად კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ. ორ ხალხს შორის სულიერად მჭიდრო ურთიერთობის ამ იშვიათმა შემთხვევამ საუკუნეებს გაუძლო. ასეთი ურთიერთობის პირველმიზეზის შესახებ ისტორიამ თითქმის არავითარი ცნობები არ შემოგვინახა, ამიტომ ამ სულიერი კავშირის შენარჩუნებას ორივე ერი გენეტიკურ მეხსიერებას უნდა უმადლოდეს, ხოლო რაც შეეხება პირველმიზეზს, ეს იმდენად სათუთი და სერიოზული თემაა, რომ მას სხვადასხვა დარგის მეცნიერთა მიერ კომპლექსური გამოკვლევის ჩატარება სჭირდება. ქართული სამყაროს პირველი კონტაქტები ებრაულ სამყაროსთან ჯერ კიდევ ისტორიის გარიჟრაჟზე ივარაუდება. ებრაელთა მამამთავრის აბრაამის წინაპარი იყო ბიბლიის პირველივე წიგნში დასახელებული ვინმე ებერი (დაბ. 10,25). შესაძლოა აქ იყოს ებრაელთა და იბერიელთა გენეალოგიური ხაზების სათავე.
ქართველები ებრაელებს მეორენაირად ურიებს ვუწოდებთ, ამ ტერმინს ტოპონიმ ურის სახით ჩვენ მივაკვლევთ ბიბლიის პირველ წიგნში, სადაც აღწერილია ებრაელთა მამამთავრის აბრაამის ცხოვრების ისტორია. ბიბლიის მიხედვით მსოფლიოს უძველესი შუმერული ცივილიზაციის ცენტრიდან, ქალაქ ურიდან აბრამი თავის ოჯახთან ერთად ღმერთის მითითებით აღთქმული ქვეყნისაკენ, ქანაანისაკენ გაემგზავრა. ური უფრო ზღაპრულ ქალაქად მიაჩნდათ, სანამ ცნობილმა ინგლისელმა არქეოლოგმა ლეონარდ ვულლიმ, რომელიც 1922 წელს სათავეში ჩაუდგა ინგლის-ამერიკის ერთობლივ ექსპედიციას, არ აღმოაჩინა იგი. 12 წლიანი არქეოლოგიური გათხრების დროს მან არაერთი სენსაციური არტეფაქტი გამოამზეურა. ვულლი ოცი მეტრის სიღრმეზე ურის პირველი დინასტიის სამეფო აკლდამების ქვეშ ორნახევარი მეტრი სისქის დანალექ, ალუვიურ ფენას მიადგა, რომელსაც ადამიანის საქმიანობის არავითარი კვალი არ ეტყობოდა. ეს იმ წარღვნის კვალი იყო, რომელზედაც "დაბადება" მოგვითხრობს. წარღვნის შესახებ შუმერულ მეფეთა სიებშიც არის ნათქვამი: "შემდეგ იყო წარღვნა, წარღვნის შემდეგ კი მეფეები ისევ ჩამოვიდნენ ციდან". სამხრეთ საქართველოში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე) მტკვრის ხეობაში, არტაანთან დღესაც არის სოფელი ური, რომელიც მოხსენიებულია "გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში" (XVI ს.). ურს მოიხსენიებს "ქართლის ცხოვრებაში" მემატიანე ლეონტი მროველიც ქ. წ. III საუკუნის ამბების თხრობისას, როგორც არტაანის მხარის მთავარ ქალაქს.
საქართველო საუკუნეთა განმავლობაში ინახავს ბიბლიურ რელიკვიებს. მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში ქ. წ. IX საუკუნეში მოღვაწე წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერშია დაცული ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე დიდი ხნით ადრე ებრაელების მიერ იბერიაში ჩამოტანილი მისი სასწაულმოქმედი ხალენი, რომელიც მან ცეცხლოვანი ეტლით ზეცად ატაცებულმა თავის მოწაფეს ელისეს დაუტოვა. ქ. წ. პირველი ათასწლეულის პალესტინაში ორი ებრაული სახელმწიფო არსებობდა ისრაელის სამეფო და იუდეველთა სამეფო. იბერიაში ებრაელ ლტოლვილთა პირველი ტალღა სავარაუდოდ ქ. წ. 722 წლის ახლო ხანებში უნდა გამოჩენილიყო, როდესაც ასურეთმა ისრაელის სამეფო დაიპყრო. ლეონტი მროველი “ცხოვრება ქართველ მეფეთა”-ში მოგვითხრობს ებრაელთა მეორე ტალღის შემოსვლის შესახებ ქართლში, რომელიც ქ. წ. 586 წელს ნაბუქოდონოსორ II-ს მიერ იერუსალიმის აღებას უკავშირდება. მაშინ მცხეთის მამასახლისმა მოითათბირა მოსახლეობასთან და დევნილებს საცხოვრებელი ადგილი გამოუყო არაგვის გასწვრივ, ზანავში. “მოქცევაი ქართლის” ქრონიკის მიხედვით ებრაელთა მესამე ტალღის გამოჩენა იბერიაში თარიღდება ქ. წ. 169 წელს. ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში მოყვანილ ცნობებს ადასტურებს XX საუკუნეში ქართლში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ებრაული ეპიგრაფიკული ძეგლების სახით. სვეტიცხოველშივეა დაცული წმიდა მარიამ ღვთისმშობლის ხელით მოქსოვილი იესო ქრისტეს უკერებელი კვართი, რომელიც გოლგოთაზე ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ წილისყრით ქართველ ებრაელებს ელიოზ მცხეთელს და ლონგინოზ კარსნელს ერგო. სწორედ მათ ჩამოიტანეს მცხეთაში უფლის კვართი. აქ მათ ელიოზის თვალცრემლიანი და სიდონია შეეგება, გადაეხვია თავის ძმას, გამოართვა კვართი და მაგრად ჩაიკრა მკერდში. ქრისტეს კვართის მცხეთაში ჩამოტანის ამბავი ქართლის მაშინდელმა მეფემ ადერკმა შეიტყო. მას ძალიან მოეწონა იგი და მოუწადინებია მისი ჩაცმა, მაგრამ სიდონია უეცრად გარდაცვლილა და მისთვის კვართის გამორთმევა ვერ მოუხერხებიათ, ამიტომ ის კვართიანად დამარხეს. ამ ორი უდიდესი ბიბლიური სიწმინდის ლოკალიზებამ ერთ გეოგრაფიულ წერტილში, რაც ძველი და ახალი აღთქმის სიმბოლურ ერთიანობას ნიშნავს, მცხეთა მეზობელი და არამეზობელი ქვეყნების მოსახლეობისათვის სულიერების უმნიშვნელოვანეს ცენტრად აქცია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ებრაელთა და იბერიელთა განსაკუთრებულ ერთობას ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც წმიდა მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრია, არის საქართველო, რაც მთელი საქრისტიანოს და არასაქრისტიანოს მიერაა აღიარებული. მარიამ ღვთისმშობელიც ებრაელია. შემთხვევითი არაა, რომ საქართველოს მთელი ტერიტორია გაჟღენთილია ბიბლიური ტოპონიმიკით - სიონი, ბეთლემი, თაბორი, გეთსამანია და სხვა..