ადრეული ბავშვობა
1863 წლის 5 იანვარს გურიის სოფელ ლიხაურში აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში მესამე ვაჟი დაიბადა. ვაჟის შეძენა, ისიც თავმომწონე აზნაურისთვის, დიდად საამაყო იყო და საგანგებო ზეიმითაც აღინიშნებოდა ხოლმე: ამაყი გურული კაცი ამ შემთხვევას თავისიანებს და სოფელს, პირველ რიგში, თოფის გასროლით აუწყებდა. მაგრამ ახალი წლის ამ საზეიმო დღეებში თაყაიშვილებთან თოფი არ გავარდნილა. ოჯახის თავკაცი ლოგინად იყო ჩავარდნილი. იგი რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა კიდეც და სოფელმა მაშინ გაიგო, რომ თაყაიშვილებთან ახალმა წელმა ერთდროულად მიიტანა სიხარულიც და უბედურებაც. ახალშობილს ექვთიმე დაარქვეს.
აზნაური სვიმონ თაყაიშვილი ჩინოსანი, კორდოს ოფიცერი - საზღვრის მცველი ყოფილა მაშინდელ გურია-ოსმალეთის ხაზზე. მას მამამისი შეუცვლია ამ თანამდებობაზე და სათანადო ჯილდოებიც დაუმსახურებია. სვიმონს სოფელში ჭკვიანი, დინჯი, სამართლიანი და ნასწავლი კაცის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, კარგი პატრიოტიც ყოფილა.
დედა ნინო, თავად გიტული (გიტო) ნაკაშიძის ასული, სოფელ მაკვანეთიდან ყოფილა. ექვთიმეს ჰყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი.
ნაბოლარა ექვთიმე, ბედმა მამის ალერსი რომ არ არგუნა, დედას თითქოს მწუხარების გასანელებლად მოევლინა და განსაკუთრებით ანებივრებდა პატარას. თავს დასტრიალებდნენ უფროსი და, ძმები, მამიდები. მხოლოდ მკაცრი შინაბერა მამიდა ტუქსავდა ექვთიმეს გადაჭარბებული ცელქობის გამო - ასე ნებაზე მიშვებული ბავშვი, ნახეთ, რა ყაჩაღი გამოვაო. ექვთიმე დაუდეგარი ყმაწვილი ყოფილა. მთელი დღე დარბოდა, ღობე-ყორეს ედებოდა, საქონელს დასდევდა და აწიოკებდა. ბომბორა ძაღლი „ვარდია“ მისი განუყრელი მეგობარი იყო. გადაჭარბებულმა ცელქობამ უბედურებაც შეამთხვია: სამი წლისამ ფეხი მოიტეხა. ხეირიანი ექიმი სოფელში კი არა, მაზრაშიც არ მოიძებნებოდა. დამტვრეული ბავშვის ზედამხედველობა „მაკა მალაზონმა“ იკისრა. მოტეხილი ფეხი არტაშანში ჩაუსვეს და სოფლური მალამოთი სწამლობდნენ. ძვლის შეზრდა დროზე ვერ მოხერხდა. ბავშვმა წოლა ვერ აიტანა და არტაშნიანი ფეხით სიარული დაიწყო. ტკივილები განუახლდა, მონატეხი გაღიზიანდა და ძვალი დაუზიანდა - ზრდა შეფერხდა, ფეხი დაუმოკლდა და დაკოჭლდა. ამის გამო მას თანატოლები დასცინოდნენ და „კოჭლაბუხას“ ეძახდნენ.
ხუთი წლის ექვთიმეს ახალი უბედურება დაატყდა თავს: დედა გარდაეცვალა. მოხუცებულობაშიც კი მკაფიოდ ახსოვდა ექვთიმეს დედასთან განშორების ტრაგიკული წუთები. „მასთან ვიწექი ლოგინში. ღამე გამაღვიძეს და ატირებული ძალათ მომაცილეს დედას. შემოდგომა თავდებოდა. ბუხარში ცეცხლი ენთო. ბუხრის წინ დამსვეს. იქვე ჩემი ძმა ვარლამი იყო. აივანზე წივილ-კივილი ატყდა და მეზობლები მოგროვდნენ. მე არ მესმოდა, რა იყო სიკვდილი. ხანდახან მეზობლის ქალები შემოვიდოდნენ ჩვენთან და მოთქმით გვეუბნებოდნენ: „ვაი, უბედურებო, დედა აღარ გყავთ, ობლებად დარჩით, რა გეშველებათო!“ თმაგაშლილი და სახედახოკილი ბებია, მოზლუქუნე უფროსი და-ძმები, ეზოში გაჭედილი ნათესავები, მეზობლები, ოთახში დასვენებული მშვიდად მძინარე დედა, რომელიც, ექვთიმე რომ გამოსათხოვრად მიიყვანეს, არ განძრეულა, არც კი იღიმოდა, ცივი და მიუკარებელი იყო. ექვთიმეს შეეშინდა და ატირდა... ეს იყო და ეს. ამ მძიმე დღეებისა ექვთიმეს მეტი არაფერი დამახსოვრებია. მეორე დღეს ნათესავებს წაუყვანიათ და დედის გასვენებას არ დასწრებია. შემდეგ დედის ნათელი და ალერსიანი სახე თანდათან დავიწყების წყვდიადში ჩაიძირა. ობოლი ბიჭი ბებიის, ბიძების, მამიდების გარემოცვაში იზრდებოდა: ზოგმა მათგანმა ექვთიმეს ხასიათის ჩამოყალიბებაზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა. ექვთიმე ბავშვობის წლებს რომ იგონებს, საგანგებოდ ჩერდება გარემოსა და გარემომცველ ადამიანებზე.
სამი ობოლი ძმის - ნიკოს, ვარლამისა და ექვთიმეს აღზრდა უკისრიათ ბებიას, დაქვრივებულ და შინ მობრუნებულ მამიდა მაკას, უფროს დას - ლისას და მის მეუღლეს სიმონ გოთუას, რომელიც ობოლი ცოლისძმების მეურვედ დაუნიშნავთ.
ოჯახში ყველაზე უფროსი და გავლენიანი მაკა ბებია იყო - საჯავახოელი შარაშიძის ქალი. მოხუცებულობაშიც კი წარმოსადეგი ყოფილა. ის იყო განმკარგულებელი, ყოველგვარი საქმის მოთავე, მეზობლების ჭირისა და ლხინის მოზიარე. მისი მთავარი ხელობა მკურნალობა ყოფილა. მთელი ზაფხული აგროვებდა და ახმობდა მინდვრის ყვავილებს. ოზურგეთში, მეწვრილმანეთაგან „ბარგის წამლებსაც“ ყიდულობდა, ყვავილების ძირებს ხარშავდა, აზავებდა, აბებს და ნაყენს აკეთებდა და ავადმყოფებს აძლევდა. საფასურს არ ითხოვდა, მაგრამ მადლიერ თანასოფლელებს მაინც მოჰქონდათ მოსაკითხი. ბუნებით მკაცრი ქალი დედურ სითბოს უმცროსი შვილიშვილისადმი ვერ მალავდა: „მე, ობოლს, უდედმამოს, უფრო მიბრალებდა და არავისაგან ისეთი მოფერება, ალერსი და მზრუნველობა არ მახსოვს, როგორც მისგან, - იგონებდა შემდეგ ექვთიმე, - იგი ოდა სახლში ვერ ჩრდებოდა, - აქ სული მეხუთებაო - და ღამეს ფაცხაში ათენებდა“. უმცროს შვილიშვილსაც აქვე, თავის ლოგინში იწვენდა. „ბებია ზოგჯერ არ მაძინებდა, წიგნი იცოდა და ზღაპრებიცა. თხრობით მიქცევდა ხოლმე“.
ექვთიმეს მეხსიერებაში ბოლომდე დარჩა კეთილი ხსოვნა მამიდებისა, რომლებიც ობოლს ხშირად დედის მაგივრობას უწევდნენ. განსაკუთრებით თბილად კი ის მაკა მამიდას იგონებდა.
მაკა მამიდა თაყაიშვილების ოჯახის