წმინდა აღმსარებელი ამბროსის ღირსეული წინაპრები
წმინდა აღმსარებელი ამბროსის მამა - ზოსიმე, ბაბუა - დავითი, დიდი ბაბუა - გაბრიელი და შესაძლოა, უფრო შორეული წინაპრებიც სასულიერო პირები იყვნენ.
წმინდა აღმსარებელი ამბროსის დიდმა ბაბუამ, გაბრიელ ხელაიამ, სასულიერო განათლება ჭყონდიდის მონასტერში არქიმანდრიტ გრიგოლ მიქელაძესთან მიიღო. 1810-1811 წლებში 25-26 წლის გაბრიელი არქიმანდრიტმა გრიგოლმა ჯერ დიაკვნად, მერე კი მღვდლად აკურთხა. დაახლოებით 40 წლის მამა გაბრიელი მარტვილის ახლოს, სოფ. ინჩხურის წმ. გიორგის პირველ ეკლესიაში (სოფელში იყო წმ. გიორგის მეორე ეკლესიაც) მღვდლად მსახურობდა. გაბრიელთან ერთად ინჩხურის წმ. გიორგის პირველ ეკლესიაში 1822 წლიდან ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ბესარიონის (დადიანი) ხელდასხმით, მსახურობდნენ მისი უფროსი ვაჟი, დიაკონი დავითი ხელაია (ხელაძე) - ამბროსის ბაბუა და 22 წლის ძმისწული დიაკონი გიორგი. გარდა დავითისა, გაბრიელს ჰყავდა კიდევ ორი ვაჟი - 7 წლის ეგნატე და 2 წლის პეტრე.
1826 წლისთვის დავითიც ცოლშვილიანი ყოფილა.
მღვდელი გაბრიელ ხელაია 1833 წლის 15 მარტს გარდაიცვალა. მამის გარდაცვალების შემდეგ სამეგრელოს მიტროპოლიტმა დავითმა მამა გაბრიელის ვაჟი მღვდლად აკურთხა და მის ადგილზე დანიშნა. ამ დროისათვის 33 წლის დავით ხელაიას ჰყავდა სამი ვაჟი. უფროსი (თევდორე) 10 წლის იყო, შუათანა (ვასილი) - 7 წლის, უმცროსი - 2-ის. ეს უკანასკნელი არის ზოსიმე - წმინდა აღმსარებელი ამბროსის მამა. დავით ხელაიას, ისევე როგორც მის მამას, სასულიერო განათლება მარტვილის მონასტერში მიუღია.
XIX საუკუნის 30-40-იანი წლების მიჯნაზე მღვდელი დავით ხელაია ოჯახთან ერთად აფხაზეთში გადავიდა საცხოვრებლად და მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდა სამურზაყანოში. მისი ძმა, ეგნატეც სასულიერო პირი გახდა და XIX საუკუნის 40-იანი წლების შუა ხანებიდან აფხაზეთში სოფ. ეშქეთის (აკვასქის) ეკლესიის მღვდლად მსახურობდა. XIX საუკუნის 50-იანი წლების შუა ხანებში იგი ახალგაზრდა გარდაიცვალა. დავითისა და ეგნატეს უმცროსი ძმა, პეტრე, საერო პირი იყო და ინჩხურში ცხოვრობდა. მათი ბიძაშვილი დიაკონი გიორგი ხელაია, მას შემდეგ, რაც დავითი აფხაზეთში გადავიდა, ორ ათეულზე მეტი ხნის მანძილზე ინჩხურის წმ. გიორგის პირველი ეკლესიის მღვდლად მსახურობდა. მამა დავით ხელაიას შუათანა ვაჟი ვასილი 1846 წლიდან მოქვის ღვთისმშობლის მიძინების ისტორიული ტაძრის მედავითნედ მსახურობდა, იცოდა ქართული და აფხაზური ენები, გალობა. როგორც ჯემალ გამახარია გადმოგვცემს, 1851 წლის 15 სექტემბერს აფხაზეთის ეპისკოპოსი გერმანე (გოგელაშვილი) საქართველოს ეგზარქოსს, ისიდორეს (ნიკოლსკი), სთხოვდა - ნება დამრთეთ, „მოქვის სამრევლოს მღვდლის ვაკანსიაზე ვაკურთხო მოქვის მედავითნე ვასილ ხელაია, რომელმაც კარგად იცის ქართული საეკლესიო წიგნების კითხვა, გალობა და საეკლესიო წესდება, კატეხიზმო და წმინდა ისტორია; გარდა ამისა, დაიმსახურა მრევლის სიყვარული, იცის აფხაზთა ზნე-ჩვეულებები და ენა“. იმავე დღეს, 1851 წლის 15 სექტემბერს, ვასილ ხელაია 28 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ვასილის ნაცვლად მოქვის ტაძრის მედავითნედ მისი ძმა ზოსიმე დაინიშნა. ზოსიმე ხელაიამ მოქვში 1860 წლამდე იმსახურა.
ყირიმის ომის წლებში (1853-1856წწ.), როგორც ცნობილია, აფხაზური მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა მხარი თურქეთს დაუჭირა. რუსულმა სამხედრო ნაწილებმა, ადმინისტრაციულმა სტრუქტურებმა, აფხაზეთის მთავარმა, ასევე სამღვდელოებამ (მცირე გამონაკლისის გარდა) 1854 წლის მარტ-აპრილში აფხაზეთი დატოვეს. მხოლოდ ააცის, შქაწყარისა და კვიტოულის ეკლესიებში სრულდებოდა ღვთისმსახურება. სხვა სოფლებში სასულიერო პირების დატოვება თურქული ოკუპაციის პირობებში შეუძლებელი აღმოჩნდა. ამ ვითარებაში არც ეგნატე და ზოსიმე ხელაიები იქნებოდნენ გამონაკლისები, თუმცა უცნობია, სად გაიხიზნნენ ისინი ომის წლებში - სამეგრელოში თუ სამურზაყანოში, სადაც დავით ხელაია მსახურობდა. მიუხედავად თურქული ოკუპაციისა, ქრისტიანობა აფხაზეთში არ ჩამკვდარა. ყირიმის ომის დასრულების შემდეგ ქართულმა სამღვდელოებამ, რომელთა შორის იყვნენ მამა-შვილი დავით და ზოსიმე ხელაიები, დიდი როლი ითამაშა აფხაზეთში ქრისტიანობის გავრცელება-განმტკიცებაში.
1860 წლის იანვრიდან ხელაიების ცხოვრება და მოღვაწეობა ილორის წმინდა გიორგის ეკლესიას უკავშირდება. სამეგრელოსა და აფხაზეთის ეპისკოპოსმა გერონტიმ (პაპიტაშვილი) 29 წლის ზოსიმე ხელაია, რომელმაც სასულიერო განათლება ჯერ კიდევ მოქვში დანიშვნამდე თავის ბიძასთან - ეგნატესთან მიიღო, 1860 წლის 15 იანვარს დიაკვნად, იმავე წლის 23 იანვარს კი ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის მღვდლად დაადგინა. ხელაიებს აქ ჰქონდათ საკუთარი სახლ-კარი 30 დესეტინა (1 სახაზინო დესეტინა 1 ჰა-ზე ოდნავ მეტია) მიწის ნაკვეთით. ილორშია მათი საძვალეც. აქ არიან დასაფლავებული წმინდა აღმსარებელი ამბროსის ბაბუა და ბებია, დედ-მამა, მეუღლე და მეუღლის წინაპრები, მცირეწლოვანი შვილი, ძმები. აფხაზეთის, სამურზაყანოს, კერძოდ, ილორის მკვიდრად მიიჩნევდა თავს წმ. ამბროსიც, რაც ასახულია კიდევაც მის შემოქმედებაში და ასევე ფსევდონიმებში. როგორც ცნობილია, იგი სამ ფსევდონიმს იყენებდა, რომლებიც მხოლოდ აფხაზეთთან არიან დაკავშირებული. ყველაზე ხშირად წმ. ამბროსი საკუთარ შრომებს აქვეყნებდა სადაურობის აღმნიშვნელი ფსევდონიმით „სამურზაყანოელი“;