მოქცევაი ქართლისაი მაცხოვრის ამაღლების შემდეგ იერუსალიმში, სიონის მთაზე შეკრებილმა მოციქულებმა წილი ყარეს - ვინ რომელ ქვეყანაში წასულიყო საქადაგებლად. დედა ღვთისამ მოისურვა მოციქულებრივ ქადაგებაში მონაწილეობა. მას ივერია ხვდა წილად. სულიწმინდის გარდამოსვლისთანავე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საქართველოში გასამგზავრებლად გაემზადა, მაგრამ უფალმა მისი იერუსალიმში დარჩენა ისურვა და აღუთქვა, რომ არ უარყოფდა მის წილხვედრ ქვეყანას. „ნუ განეშორები იერუსალიმით, რამეთუ წილხვდომილი შენი განათლდეს უკუანაისკნელთა ჟამთა, ხოლო შენ იღვწიდ მუნ, სადაცა ინების ღმერთმან“.
ჩვენს ქვეყანაში კი საქადაგებლად წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული მოივლინა, რომელმაც, სვიმონ კანანელსა და მატათასთან ერთად, საქართველოში პირველი სამოციქულო ეკლესია დააფუძნა. მოციქულებმა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე ბევრი მოაქციეს, მაგრამ მეფე და ქვეყნის უმეტესი ნაწილი კერპთმსახურების სიბნელეში დარჩნენ.
უძველესი დროიდან აწუხებდათ კითხვა, თუ საქართველოში ქრისტიანობა მოციქულებმა გაავრცელეს, რატომ გახდა აუცილებელი წმინდა ნინოს შემოსვლა? ჯერ კიდევ ეფრემ მცირეს გარკვეული შეუსაბამობა შეუნიშნავს ამ საკითხთან დაკავშირებით და შეეცადა, აეხსნა, თუ რით იყო გამოწვეული ასეთი შეუსაბამობა. მისი აზრით, მოციქულების შემდეგ ხალხმა დაივიწყა ქრისტეს მოძღვრება და ისევ წარმართობისაკენ მიიქცა, ქვეყანა „მრავალჟამ დაიპყრნა ღუარძლმან მეკერპეთამან“. ეფრემ მცირეს განმარტებით, ასეთი რამ თვით საბერძნეთშიც მომხდარა, „ვიდრე ჟამთამდე მეორედ პავლედ ზეცით წოდებულისა დიდისა კონსტანტინესთა“. სწორედ წმინდა კონსტანტინე იმპერატორის ხელშეწყობით მიეცა გასაქანი ქრისტიანობას იმპერიის მასშტაბით. უფალმა, ეფრემ მცირეს აღნიშვნით, „არცა ჩუენ მცირენი დაგუიტევნა უღუაწად, არამედ ესრეთ განაგო კუალად აღმოწოდებაი ჩუენი“ და ჩვენთან ხელახლა საქადაგებლად გამოგზავნა წმინდა ნინო.
ჩვენი მხრივ კი დავძენთ, რომ მოციქულთა მოღვაწეობის შემდგომ, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ქრისტიანობა კვლავ ვრცელდებოდა მოგზაურთა თუ სხვათა მეშვეობით. IV საუკუნემდე როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში არსებობდა ე.წ. ქრისტიანული თემები, რაზეც მეტყველებს არქეოლოგიური არტეფაქტები და წერილობითი წყაროები. ახალი წელთაღრიცხვით I-III საუკუნეებში საქართველოში ქრისტიანული თემები ფარულად არსებობდა, თუმცა სამეფო ხელისუფლება მას არ დევნიდა. სახელმწიფო ხელისუფალნი და მათი ქვეშევრდომნი ისევ წარმართულ კერპებს ეთაყვანებოდნენ, თუმცა, როგორც წყაროებით ირკვევა, ქრისტიანული თემები გარკვეულ გავლენას ახდენდნენ წარმართულ მოსახლეობასა და თვით სამეფო ხელისუფლებაზეც. ამის თაობაზე საგულისხმო ცნობებია დაცული დაახლოებით III საუკუნის შუა ხანებში მოღვაწე ქართლის მეფე რევ მართლის შესახებ. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით: „ესე რევ მეფე დაღაცათუ იყო წარმართი, არამედ იყო მოწყალე და შემწე ყოველთა ჭირვეულთა: რამეთუ სმენილ იყო მისდა მცირედ რამე სახარება უფლისა იესო ქრისტესი, და აქუნდა რამე სიყვარული ქრისტესი“. ამ ამონარიდით აშკარაა, თუ რა გავლენას ახდენდნენ მცხეთაში არსებული ქრისტიანული თემები წარმართ მოსახლეობაზე. ამით უნდა აიხსნას ისიც, რომ მეფე რევ მართალმა აკრძალა არმაზის კერპისათვის ჩვილ ბავშვთა ზვარაკად შეწირვა. მეფის ამ გადაწყვეტილებას წარმართი მოსახლეობა კმაყოფილებით შეხვედრია. როგორც ჩანს, სახარებისეულმა ქადაგებამ წარმართები ახალი სარწმუნოების მისაღებად მოამზადა. თვით წარმართი მეფის, რევის ზედწოდება, „მართალი“, ქრისტიანულია და იგი ჭეშმარიტების მაძიებელს ნიშნავს.
ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, წმინდა ნინოს დამსახურება ისაა, რომ მისი ქართლში შემოსვლის დროს ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა. მისი ქადაგების შედეგად სამეფო კარის წევრებთან ერთად მთელი ერი მოექცა ახალ სარწმუნეობაზე. ამის გამო ითვლება იგი ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთასწორად.
ყურადღება უნდა მიექცეს ერთ მნიშვნელოვან ფაქტსაც: წმინდა ნინოს დროს ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად აღიარება განაპირობა წინა აზიაში იმ დროს შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ. კერძოდ, იმან, რომ ნისიბინის საზავო ხელშეკრულებით (298 წ.) საქართველო და სომხეთი რომის იმპერიის ქვეშევრდომები გახდნენ. IV საუკუნის დასაწყისში კონსტანტინე იმპერატორმა იმპერიის მასშტაბით ქრისტიანობა შეიწყნარა, შემდგომ კი სახელმწიფო სარწმუნოებად გამოაცხადა. ამ ფაქტორმა გავლენა მოახდინა აღმოსავლეთ რომის იმპერიისადმი დაქვემდებარებულ საქართველოზე, სადაც აგრეთვე ამავე პერიოდში გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად. ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ წმინდა ნინოს ქართლში შემოსვლის დროს მთელი ერი მზად იყო ქრისტიანობის მისაღებად. რომ არა მოციქულთა ღვაწლი, წმინდა ნინოს გაუჭირდებოდა ქართველი ხალხის გაქრისტიანება.
ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ ფაქტზეც, რომ ქართველთა განმანათლებელი ქალია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს ერთადერთი შემთხვევაა მსოფლიოს ქრისტიანული ქვეყნების ისტორიაში. ამის თაობაზე ცნობილი ფრანგი ქართველოლოგი ბერნარ უტიე წერს: „ნამდვილად შეუდარებელი არის საქართველო იმიტომ, რომ თქვენი დედა სარწმუნოებაში, თქვენი განმანათლებელი, თქვენი მოციქული - ქალია, წმინდა ნინო; რამდენადაც ვიცი, ეს მსოფლიოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა და ისიც თქვენთან, ქართველებთან“. ამ ფაქტს ჯერ კიდევ XII საუკუნის II ნახევრის მოღვაწე კათოლიკოს-პატრიარქმა ნიკოლოზ გულაბერიძემ (1150-1177) მიაქცია ყურადღება. იგი ცდილობს, უპასუხოს კითხვას: „ხოლო პირველად ესე საძიებელი არს, თუ რაისთვის უკუე დედაიკაცი აჩინა და წარმოავლინა ღმერთმან ჩუენდა მიმართ“. ნიკოლოზ გულაბერიძემდე, როგორც