თავი I. -
ლოცვა -
1. შესავალი ადამიანებს ყოველდღიურად გვაქვს სხვადასხვა სახის ურთიერთობა სიტყვების საშუალებით, ან გარკვეული ქმედებითა თუ უმოქმედობით და ფიქრით. ჩვენ გვიწევს ურთიერთობა გარემომცველ სამყაროსთან: ნივთებთან, ბუნებასთან, ცხოველებთან. მაგრამ მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში მთავარი, ყოვლის განმსაზღვრელი არის ურთიერთობა უზენაეს არსებასთან – ღმერთთან და ამ ურთიერთობას ეწოდება ლოცვა.
ფართო გაგებით, მორწმუნე ადამიანის მთელი ცხოვრება, მისი ყოველი სიტყვა, საქმე თუ გაფიქრება უნდა იყოს ლოცვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი სცოდავს, ანუ თავისუფალი ნებით არღვევს კავშირს ღმერთთან.
საუბედუროდ, ამგვარი დარღვევა, ჩვენი დაცემული ბუნების გამო, შემთხვევით ხასიათს არ ატარებს და დღევანდელ ადამიანს ღმერთი მხოლოდ მაშინ თუ ახსენდება, როდესაც უჭირს.
ამის გამო საჭიროა გარკვეული იძულება საკუთარი თავისა იმ გაწყვეტილი კავშირის აღსადგენად, რომლისკენაც მოგვიწოდებს წმინდა მოციქული პავლე, როდესაც ამბობს:
„მოუკლებლად ილოცევდით“ (I თესალ. 5,17).
ასეთი კავშირი ღმერთთან ადამიანს დაკარგული აქვს და მისი აღდგენა დღევანდელ პირობებში ერთი შეხედვით შეუძლებელიც კი ჩანს, მაგრამ იყვნენ ადამიანები (არა მარტო მონაზვნები, არამედ ერისკაცნიც) და, ალბათ, დღესაც არიან, რომლებმაც განუწყვეტელ ლოცვით მდგომარეობას მიაღწიეს.
დღეს ჩვენი მიზანია, შევძლოთ უმცირესი – დავამყაროთ სწორი დამოკიდებულება სამყაროს შემოქმედთან. ღვთაებრივი გამოცხადებებისა და პირადი სულიერი გამოცდილების საფუძველზე ეკლესიის წმინდა მამების მიერ დადგენილია ქრისტიანის ცხოვრების წესი, რომელიც გვეხმარება, არ ავცდეთ ღვთისკენ მიმავალ ვიწრო გზას. ეს წესი ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს ეხება: მის დამოკიდებულებას ღმერთთან, მოყვასთან და საკუთარ თავთან.
ლოცვა, ამ სიტყვის კონკრეტული მნიშვნელობით, გულისხმობს უშუალო მიმართებას, უშუალო საუბარს ღმერთთან – იქნება ეს სიტყვიერი თუ გულში ჩუმად წარმოთქმული.