წმინდა ღირსმოწამენი, ათონის ივერთა მონასტერში ლათინთაგან მოწყვეტილნი ტრაგიკული იყო XIII საუკუნე საქართველოსთვის. ერთიანი, ძლიერი ქვეყანა ურჯულოთა შემოსევამ დასცა და დააქცია. ჯერ - ხვარაზმელნი, შემდგომ მონღოლნი ღვთის რისხვად მოევლინნენ ჩვენს სამშობლოს...
მაშინ, როცა თბილისში ყრმების კალო ილეწებოდა, აბა, ვიღა მოიცლიდა ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე ქართველებისთვის! მათი რიცხვი იმ დროს რამდენიმე ასეულს აღწევდა. ივერთა მონასტრის ღირსი მამები გულისფანცქალით ელოდნენ მშობელი ქვეყნიდან ახალ ამბავს. ამბები კი ერთიმეორეზე თავზარდამცემი მოდიოდა... მამები საღმრთო შურით ივსებოდნენ იბერიაში მოწამებრივად აღსრულებულ ახლობელთა მიმართ.
ივერონელებს ერთადერთ ნუგეშად კარიბჭისად წოდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი დარჩათ, რომელსაც მიართმევდნენ ხოლმე წმინდა ძღვენს - მამულისთვის ლოცვა-გოდებას. „ეძიებდითო სიკვდილს ქრისტესთვის“, - ანდერძად დაგვიბარა წმინდა ვახტანგ გორგასალმა. ივერიელ ძმათა სულებიც ქრისტესთვის სასიკვდილოდ იყვნენ განმზადებულნი. მალე ეწვიათ კიდევაც განსაცდელი, მაგრამ არა მონღოლთა, თურქთა თუ არაბთაგან, არამედ ქრისტეს სახელით ჯვრითა და ცეცხლით მოსულ ლათინთაგან.
მტერმა ჯერ მათი სულების მოკვდინება სცადა, მაგრამ ვერ ეწია მიზანს. მაშინ წარუღო ის, რაც შეძლო - ხორცი, მიწის უბადრუკი საფარველი.
როგორც ათონური პატერიკი მოგვითხრობს, იმპერატორ მიხეილ პალეოლოგოსის მეფობის ჟამს (1258-1282 წ.წ.) ლათინებმა დიდძალი ლაშქრით დაიპყრეს ბერძენთა მრავალი ქალაქი და სოფელი, რომლებიც იმხანად ბულგარელთა მოხარკეები იყვნენ. ბერძნებმა ამ გასაჭირის ჟამს ისევ ბულგარელებს სთხოვეს დახმარება, სანაცვლოდ კი ყველა პირობის დაკმაყოფილება აღუთქვეს. ბულგართა მეფე კალო-იოანე ბერძნებს მიეშველა და ფრიგია გაათავისუფლა, მაგრამ იმპერატორმა პირობის შესრულების ნაცვლად კალო-იოანეს მოკვლა სცადა. ბულგართა მეფე განსაცდელს გადაურჩა, შინ დაბრუნდა, ჩაახშო თავის სამეფოში მომხდარი აჯანყება, შეკრიბა დიდი ლაშქარი, შეუტია საბერძნეთს და რამდენიმე პროვინცია მოაოხრა.
ყოველმხრივ შევიწროებულმა მიხეილ პალეოლოგოსმა იტალიაში, პაპთან, ელჩები მიავლინა. სწერდა, რომ ის, რაც ბულგარელებმა ლათინებს დამართეს, მათი ბრალი არ იყო და რომ ბულგარელებისა თვითონაც ეშინოდათ. „ჩვენ შემოვუდექით რომის ეკლესიას, - იუწყებოდა უსტარი, - რომლის მრწამსს, აღმსარებლობასა და აზროვნებას არც ადრე უარვყოფდითო“, - ბოლოს კი დახმარებას ითხოვდა: გვიხსენით ამ ველურ ბულგარელთაგან, თორემ ღმერთის წინაშე აგებთ პასუხსო.
მთელი კათოლიკური სამყარო დაირაზმა მათი „თანაზიარი“ პალეოლოგოსის დასახმარებლად (უფრო კი დასამხობად). „მოყვასის სიყვარულით გულანთებულნი“ გზად ათონის წმინდა მთას მიადგნენ და იქ მოღვაწე მამების სულის „ხსნა“ განიზრახეს. პირველად წმინდა ათანასეს ლავრაში მივიდნენ და ბერებს სარწმუნოებრივი ერთობა და თანაზიარობა შესთავაზეს. მამები შეშინდნენ და მათთან ერთობას დათანხმდნენ. ლათინებმა ამ მონასტერს ხელი აღარ ახლეს და ახლა ივერთა სავანეში გადაინაცვლეს... დიდი იყო მტრის ლაშქარი, დიდი იყო საცთურიც რწმენის უარყოფისა. აგერ, შენს თვალწინ ათონის უდიდესი მონასტერი ჯვრით მოსული მტრის ნებას დაჰყვა, თვით ბიზანტიის იმპერატორიც მათ მხარესაა, საქართველო კი ძალზე შორსაა... არ სჯობს, თავი გადაირჩინო? მოციქულიც ხომ გვასწავლის: „ადგილ ეც რისხვასო“. განა ამ სიტყვებით არ განიმართლეს თავი ათანასეს ლავრის ბერებმა?! მაგრამ არა, არ დაჰყვნენ ქართველები ბოროტის ნებას. ტყუილად ხომ არ უწოდებდნენ გეორგიანებს! ფარად და ხმლად რჯულის კანონი და წმინდა სახარება იპყრეს, ამხილეს მომხდურნი და სამოციქულოს თანახმად, ახალმოძღვრების ქადაგებისთვის ანათემას გადასცეს. დიდი სასოებით იმეორებდნენ რუის-ურბნისის ძეგლისწერის სიტყებს: „არა გეცრუვნოთ შენ, სიწმინდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განცემელ ქმნილ ვართ, მოწამე არს ჭეშმარიტება“.
ისღა მოასწრეს, რომ ღვთისმშობლის ხატი გადამალეს... გამძვინვარებული ლათინები ივერონს შეესივნენ.
აი, როგორ მოგვითხრობს ამ ამბავს ერთი ძველი ათონური წყარო (ის წმინდა იოანე მაისურაძეს გადაუწერია და ჩამოუტანია წმინდა მთიდან): „საფრანგეთით მომავალნი ავაზაკებრ ზემოთქმულ მონასტერსა ზედა დაესხნენ და მოაოხრეს... უმკვიდროდ და იავარყოფილად დაუტევეს და ყოველნივე სამღვდელონი და შეწირულებანი ანუ რაიცა სამსახურებელად მონაზონთა იყვეს, ნატყვენავ-ჰყვეს“. ბერები უპატიოდ, თრევით გამოიყვანეს მონასტრიდან, ცხვრებივით გადაარჩიეს, მოხუცებულნი და უძლურნი (ისინი რიცხვით ორასნი ყოფილან) მონასტრისავე გემზე დასვეს და შუა ზღვაში ჩაძირეს, დანარჩენები კი განძარცვეს საბერო სამოსლისგან და მონასტრის ქონებასთან ერთად რომში გაგზავნეს, სადაც ურიებს მიჰყიდეს.
ამის შემდეგ, როგორც წერს მემატიანე, „ყოველივე მდგომარეობაი მონასტრისაი უკუქცეულ იქმნა“.
ივერიელთა მოწამებრივმა აღსასრულმა სხვა ტომისანიც გაამხნევა. ლათინთა ნებას არ დაჰყვნენ და ქართველთა შემდგომ ქრისტესთვის ეწამნენ ვათოპედისა და ზოგრაფის მონასტრების მამები. უკანასკნელნი - ოცდაექვსი ბერი - ლათინებმა იმ კოშკში გამოწვეს, რომლისთვისაც თავი შეეფარებინათ.
მტერმა მონასტერი, სენაკი და კოშკი არ დატოვა, რომ არ დაერბია, არ გაეძარცვა და იქ მცხოვრებნი არ მოეწყვიტა.
იავარქმნილი მონასტრები ცოტა ხანში აღადგინეს, მაგრამ 1304-1305 წლებში - თურქების, 1306 წელს - კატალონიელებისა და 1308 წელს არაბთა შემოსევისას ისინი კვლავ განადგურდა. „მყისვე აგარიანთაგან