იდეალური ქმარი ინგლისური ლიტერატურის დიდოსტატი ოსკარ უაილდი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დაიბადა 1854 წლის 16 ოქტომბერს. ბავშვობიდანვე ენამჭევრობით გამორჩეული ოსკარი იოლად ექცეოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, თუმცა მხოლოდ პროგრესულად მოაზროვნეთა სიმპათიებს იმსახურებდა, რადგან ფართო საზოგადოებას არ ესმოდა მისი. უაილდი ადრეული წლებიდანვე ეწინააღმდეგებოდა ყველაფერ მასობრივსა და ოფიციალურს, უყვარდა არსებული წესების დარღვევა, ამას ჩარჩოებიდან გამოსვლას უწოდებდა, ხოლო საზოგადოებას კი ხალხის მასად ნათლავდა. წინააღმდეგობებით აღსავსე მწერლური წიაღსვლის მიუხედავად, სწორედ ხალხის ფართო მასებში გახდა პოპულარული მისი ნაწარმოებები. თავად უაილდი ამბობდა, რომ მის მოთხრობებს ვერ იგებენ.
წერის ნიჭი დედისგან დაჰყვა. ლედი ჯეინ ფრანჩესკა ელჯი დუბლინის ელიტარულ სალონებში საკმაოდ ცნობილი ქალბატონი იყო. უაილდების ოჯახის კარი კი იმ დროის ხელოვანთათვის მუდამ ღია იყო. ასეთ ატმოსფეროში აღზრდილ ოსკარს მამის, სერ უილიამ რობერტ უაილდის შრომისმოყვარეობა და სიჯიუტე გამოჰყვა. მართალია, სერ რობერტი არა მხოლოდ ირლანდიაში, არამედ მთელ გაერთიანებულ სამეფოში ცნობილი ოფთალმოლოგი და ოტორინოლარინგოლოგი იყო და ხელოვნებასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ კარგად შეუწყო ხელი ვაჟის ინტელექტუალურ აღზრდასა და ხელოვნებისადმი მისწრაფების გაღვივებას. შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოუვიდა კიდეც. წლების შემდეგ ოსკარმა ასეთი რამ თქვა: „ხელოვნება ერთფეროვნებისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა“, თანაც სიტყვა „ხელოვნებას“ მწერალი ყოველთვის მთავრული ასოთი წერდა. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ოსკარისთვის უდიდესი გასართობი და საამური გარემო ისევ და ისევ ხელოვნება იყო, რამეთუ მხატვრულ შემოქმედებაში ჭვრეტდა „სულის ენით აუწერელ სიამეს“.
ვერ იტანდა ვერაფერ ტრივიალურსა და შაბლონურს, თავად მუდამ ორიგინალურს, ნაწერიც არაჩვეულებრივი გამოსდიოდა, რაც მისი პოპულარობის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი იყო. წერდა იმაზე, რაც აწუხებდა, რასაც ვერ ხედავდა, მაგრამ სურდა დაენახა. უაილდმა ინგლისურ ლიტერატურას ახალი სუნთქვა შესძინა. დიდი ენამჭევრი, ლაკონიზმისა და მხატვრულობის დიდოსტატი იმავდროულად სატირასაც არ ერიდებოდა თანადროული საზოგადოების სამხილებლად და გასაკიცხად. ცხოვრების წესიც განსხვავებული ჰქონდა. როგორც იტყვიან, ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად. ცხოვრობდა განცხრომით, სამეგობროდ ირჩევდა ხელოვნების დამფასებელ, „თავისუფალი სულის“ ადამიანებს, ვისაც თამამი იდეები და ნაბიჯები არ აშინებდა.
მე-19 საუკუნის 90-იან წლებში იმდენად პოპულარული გახდა, რომ მასზე მთელი გაერთიანებული სამეფო ალაპარაკდა. მის ნაწარმოებებში, უფრო კონკრეტულად კი მის გმირებში ხშირად თავად ოსკარ უაილდს ხედავდნენ. ბევრი იჩემებდა მის ახლო ნაცნობობას. უჩვეულო ხასიათისა და ცხოვრების წესის გამო არაერთი უხამსი ჭორიც დაუყარეს. თუმცა ამაზე ოდნავ ქვემოთ ვისაუბრებთ...
მანამდე კი დრამატული პიესებით სახელგანთქმული დუბლინელი დენდი ლონდონელი ქალბატონების გულთამპყრობელი გახდა. სწორედ აქ გაიცნო 1881 წელს კონსტანს ლოიდი, ბარიერისტ ჰორას ლოიდის ქალიშვილი, რომელმაც სამი წლის შემდეგ დუბლინში ჩააკითხა და თავი შეახსენა. ბევრი არაფერია ცნობილი წყვილის ქორწინებამდე ურთიერთობებიდან, მაგრამ უკვე 1885 წელს მათ იქორწინეს და მომდევნო ორ წელიწადში ორი ვაჟი ეყოლათ. კონსტანსი შეძლებული ოჯახის შვილი იყო და დიდი წლიური შემოსავალიც ჰქონდა, მაგრამ უაილდის ფუფუნებისადმი მიდრეკილებას და ოდიოზურ მოთხოვნებს მისი ჯიბეც კი ვერ სწვდებოდა ბოლომდე.
ცოლქმრული ცხოვრების პირველ წლებში ოსკარ უაილდმა დაუვიწყარი ნაწარმოებები შექმნა: „ქანთერვილის მოჩვენება“ (1887), „ლორდ ართურ სევილის დანაშაული“ (1891) და რომანი „დორიან გრეის პორტრეტი“ (1891).
1890-იანი წლები უაილდისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა დრამატურგიაში. ამ პერიოდში შექმნა მან თავისი ცნობილი პიესები „სალომე“ (1891), „ლედი უინდერმირის მარაო“ (1893) და „იდეალური ქმარი“ (1895). სამივე პიესა საზოგადოებამ დიდი აღტაცებით მიიღო და მისივე სიცოცხლეში ითარგმნა რამდენიმე ენაზე. აღსანიშნავია, რომ პიესა „სალომე“ უაილდმა ფრანგულ ენაზე დაწერა.
პიესები არა მხოლოდ ლონდონისა და დუბლინის სცენებზე იდგმებოდა, არამედ ევროპისა და ამერიკის უდიდეს ქალაქებშიც. ოსკარ უაილდის განუზომელი პიროვნული პოპულარობა კი იზრდებოდა და მის შემოქმედებას ჯაბნიდა. 1890-იანი წლების მეორე ნახევარში შემოქმედებით საქმიანობაში მას თითქოს ბედი აღარ სწყალობს. ამას დაემატა პიროვნული პრობლემები ოჯახში, უხამსი ჭორები და უაილდის პასუხი საზოგადოების აზრისადმი - კიდევ უფრო თავაშვებული ცხოვრება!
ჯერ კიდევ 1891 წელს უაილდმა გაიცნო ახალგაზრდა ალფრედ დუგლასი. ესთეტიკური სიამოვნების მისაღებად მასთან სულ უფრო მეტ დროს ატარებდა. ბოლოს ისე მოხდა, რომ ცოლ-შვილის ნახვას, თავისზე 16 წლით უმცროსი ალფრედის საზოგადოება ამჯობინა. მიზეზი კი იმ ხანებისთვის ფრიად გაუგებარი და მიუღებელი - თავისივე სქესის წარმომადგენლის სიყვარული აღმოჩნდა. ეს ლონდონისთვის მორიგი შოკი იყო, უაილდმა საკუთარ თავსაც კი გადააჭარბა! ეს რომ ცოლმა შეიტყო, ორივე ბავშვს მოჰკიდა ხელი და მამისეულ სახლში გადაბარგდა. რამდენიმე წელიწადში მან თვითონაც შეიცვალა და ვაჟებსაც დააკარგვინა მამის გვარი. მაგრამ აქაც ნუ