ქანთერვილის მოჩვენება
I
როდესაც მისტერ ჰაირამ ბ. ოტისი, ამერიკელი მინისტრი, ქანთერვილ ჩეიზს ყიდულობდა, ყველა ეუბნებოდა, დიდ სისულელეს სჩადიხარ, რადგან სახლი, უეჭველია, მოჩვენებებით არის სავსეო. მართლაც, ლორდი ქანთერვილი, რომელიც პატიოსნებითა და პუნქტუალობით იყო ცნობილი, თვითონვე გრძნობდა აუცილებლობას ეს ფაქტი ეხსენებინა, როდესაც პირობების შესათანხმებლად შეხვდა მინისტრს.
- ამ ადგილას ცხოვრება აღარ გვინდა, - მიმართა ლორდმა ქანთერვილმა, - რაც პაპიდაჩემი, ბოლთონის დოვაგერის ჰერცოგინია ისე შეშინდა, რომ გონს ვეღარ მოვიდა ცხონებული. სასადილოდ რომ ემზადებოდა, ჩაცმისას მან მხრებზე ჩონჩხის ხელები დაინახა; თავს მოვალედ ვრაცხ მოგახსენოთ, ბატონო ოტის, რომ მოჩვენება აქ რამდენჯერმე შეამჩნიეს ოჯახის ჯანმრთელმა წევრებმა, მათ შორის სამრევლო მღვდელმა, ღირსმა ავგუსტუს დამპიერმა, რომელიც კემბრიჯში, სამეფო კოლეჯის სამეცნიერო საზოგადოების მაგისტრია. ჰერცოგინიას თავს დამტყდარი ამ უბედური შემთხვევის შემდეგ ჩვენთან ახალგაზრდა მსახურთაგან აღარავინ ისურვა დარჩენა, ლედი ქანთერვილიც სულ უძილობას უჩიოდა ღამღამობით დერეფნიდან და ბიბლიოთეკიდან მომავალი იდუმალი ხმების გამო.
- ბატონო ჩემო, - უთხრა მინისტრმა, - ავეჯსა და მოჩვენებას ღირებულებაში ვიანგარიშებ. მე თანამედროვე ქვეყნიდან ვარ, სადაც ყველაფერი გაგვაჩნია, რასაც კი ფულით იყიდის კაცი. თანაც, ჩვენ საკმაოდ მარჯვე ახალგაზრდობა გვყავს, რომელსაც თქვენი ძველი სამყაროს გადატრიალება შეუძლია. ჩვენს ახალგაზრდებს თქვენგან საუკეთესო მსახიობები და საოპერო პრიმადონები მიჰყავთ, ამდენად, ეს მოჩვენება მართლაც რომ არსებულიყო, უკვე დიდი ხნის წინ იქნებოდა ჩვენს რომელიმე მუზეუმში გამოფენილი ან ქუჩაში საჩვენებლად გამოდგმული.
- ვშიშობ, მოჩვენება მაინც არსებობს, - ღიმილით მიუგო ლორდმა ქანთერვილმა, - თუმცა, იქნებ ის არც კი მოხიბლულიყო თქვენი გამჭრიახი იმპრესარიოების შემოთავაზებებით. უკვე სამი საუკუნეა კარგად არის ცნობილი, ფაქტობრივად, 1584 წლიდან, და ყოველთვის ჩნდება ხოლმე ჩვენი ოჯახის რომელიმე წევრის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.
- ვბედავ მოგახსენოთ, რომ ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, ოჯახის ექიმი ჩნდება ხოლმე სახლში. ლორდო ქანთერვილ, მგონი მოჩვენებისმაგვარიც არაფერი არსებობს და, ვფიქრობ, ბუნების კანონები ბრიტანულ არისტოკრატიას ვერ მოერგება.
- ამერიკაში მართლაც რომ ბუნებას ხართ მორგებულნი, - უპასუხა ლორდმა ქანთერვილმა, რომელიც მისტერ ოტისს ბოლო შენიშვნას ვერ მიუხვდა. - თუკი სახლში მოჩვენების არსებობა არ გაღელვებთ, ყველაფერი კარგად ყოფილა. ოღონდ, გახსოვდეთ, მე გაგაფრთხილეთ.
რამდენიმე კვირის თავზე სახლის შესყიდვა დასრულდა და სეზონისთვის მინისტრი ოჯახთან ერთად ჩამოვიდა ქანთერვილ ჩეიზში. მისის ოტისი, იგივე მისს ლუკრეცია რ. თაფანი, 53-ე უესთ-სთრითიდან, ნიუიორკელი ლამაზმანი, ახლა შუახნის, სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი იყო დახვეწილი თვალის ჭრილითა და საუცხოო პროფილით. ბევრი ამერიკელი ქალბატონი სამშობლოს დატოვების შემდეგ ქრონიკული ავადმყოფის იერს იძენს, თანაც, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს ევროპული დახვეწილობა იყოს, მაგრამ მისის ოტისს ეს შეცდომა არასდროს მოსვლია. მას საოცარი აღნაგობა ჰქონდა და ჭარბი რაოდენობით მისცემოდა სიცოცხლის ხალისიც. მართლაც, მრავალ ღირსებათა შორის, ის ჭეშმარიტი ინგლისელი იყო, და, ამავე დროს, ნათელი მაგალითიც იმისა, რაც დღესდღეობით ჩვენ ამერიკასთან გვაქვს საერთო, ცხადია, ენის გამოკლებით.
მის უფროს ვაჟს ნათლობისას, პატრიოტული გრძნობების გამო, ვაშინგთონი დაარქვეს, რასაც თავად ვაჟი მუდამ განიცდიდა. იგი იყო ქერათმიანი, საკმაოდ ლამაზი ახალგაზრდა კაცი და ჩინებული მოცეკვავის სახელით ცნობილი. ვაშინგთონი იმედის მომცემი მომავალი ამერიკელი დიპლომატი იყო, რომელმაც სამი სეზონი უწყვეტად ნიუპორტის კაზინოში გერმანული კადრილიის დირიჟორად იმსახურა. გარდენიები და ჰერალდიკა კი მის სისუსტედ ითვლებოდა. სხვაფრივ, ის ერთობ გონიერი იყო.
მის ვირჯინია ე. ოტისი, თხუთმეტიოდე წლის გოგონა, მოქნილი და ნუკრივით საყვარელი გახლდათ, ფართო ლურჯ თვალებში ჩამდგარი თავისუფლებით.
ის მშვენიერი ამორძალი იყო, რომელმაც ერთხელ მოხუცი ლორდი ბილთონი დაიყოლია, თავისი პონით გაეჭენებინა ჰაიდ-პარკის ირგვლივ და ზუსტად აქილევსის ქანდაკების წინ სიგრძე-ნახევრითაც მოუგო გასწრობანა. ამით მან ჩეშირის ყმაწვილი ჰერცოგის გული ისე მოინადირა, რომ ამ უკანასკნელმა ვირჯინიას ხელიც კი სთხოვა, თუმცა ცრემლმორეული ჰერცოგი იმავე საღამოს მეურვეებმა ითონში დააბრუნეს.
ვირჯინიას მოჰყვებოდა ტყუპი ძმა, რომელთაც „ვარსკვლავებსა და ზოლებს“ უწოდებდნენ იმის გამო, რომ მათ სულ წკეპლავდნენ. ძმები, ღირსეული მინისტრის გამოკლებით, ერთადერთი რესპუბლიკელები იყვნენ ოჯახში.
რამდენადაც ქანთერვილ ჩეიზი უახლოესი რკინიგზის სადგურ სქოტლენდს შვიდი მილით იყო დაშორებული, მისტერ ოტისს ვაგონეტისთვის ჰქონდა ტელეგრაფი გაგზავნილი მათ დასახვედრად და ისინიც მგზავრობას კარგ გუნებაზე შეუდგნენ. ივლისის სასიამოვნო საღამო იდგა და ჰაერს რბილად ერეოდა ფიჭვნარის სურნელი. დროდადრო ესმოდათ გარეული მტრედი როგორ უკვირდებოდა თავის ტკბილ ღუღუნს, გვიმრების შრიალში კი ხოხბის პრიალა მკერდსაც მოჰკრეს თვალი. პატარა ციყვები წიფლებიდან აკვირდებოდნენ ჩავლილთ, თეთრკუდა კურდღლები ჩირგვებიდან ხავსიან ბორცვებზე გადარბოდნენ. ქანთერვილ