"მაყურებლებო, მსურს, გულწრფელად გაგესაუბროთ. ჩემს აღმზრდელს ვფიცავ, დიონისეს, სიმართლეს გეტყვით. მე თქვენ მგონიხართ გონიერი მაყურებლები, – ეს კომედია ჭკვიანური არის, იცოდეთ, მე უკეთესი არაფერი დამიწერია. ის უკვე ადრეც სიყვარულით გაგასინჯვინეთ, ბევრი ვიშრომე, მაგრამ ბრიყვთა გამოისობით დამარცხებული დავრჩი მაინც. – არ ვიყავ ღირსი! სირცხვილი თქვენი, ბრძენო ხალხო, ვისთვის დავშვერი! ბოლომდე მაინც ვერ გაგწირეთ, ჩემო კარგებო, მე თქვენ მიყვარხართ და თქვენგანაც ხშირად მსმენია ქება-დიდება `ჭკუისა~ და `გარყვნილებისთვის~. მე ხომ ქალწული ვიყავი და მშობიარობის ნება არ მქონდა, მაინც ვშობე, ბავშვი ვიღაცამ აიყვანა და თქვენ გაზარდეთ კეთილშობილად; თქვენგან მივიღე ერთგულება და სიყვარული. მოვიდა ჩემი კომედია ელექტრასავით: მოვიდა, ეძებს, ეგებ შეხვდეს ბრძენ მაყურებლებს; იცნობს, როგორც კი დაინახავს, ძმის თმის კულულებს. იგი ზნეობით წმინდა არის, თავადაც ხედავთ: ტყავის ფალოსი ხომ არავის არა ჰკიდია, რომელიც თავში წითელია, ბავშვებს აცინებს; ეს კომედია არ დასცინის მელოტებს, კორდაქსს აქ არ ცეკვავენ, არც მოხუცი არ დარბის ჯოხით, ცემით და ტყეპით რომ შენიღბოს ცუდი ხუმრობა; არავინ დაძრწის მაშხალიანი, არავინ ბღავის, არა, ის მხოლოდ თავისსავე სიტყვებს ენდობა. მეც, ამოდენა პოეტი ვარ, არ მომიშვია თმები და თქვენი მოტყუება არც კი მიცდია – სცენაზე მუდამ ახალ-ახალ იდეებს გაწვდით, არც ერთი არ ჰგავს ერთმანეთს და ყველა სწორია. ღრუბლები, 518–548 თუკი ვინმე თქვენგანს, ჩვენო კარგო მაყურებელო, უკვირს, როცა ხედავს, რომ მაქვს წელი ავი კრაზანის და აფიქრებს, თუ რას ნიშნავს ამოდენა ნესტარი, მე იოლად აღმოვუფხვრი განათლების ხარვეზებს. ჩვენ, ვისაც ეს ნესტრები გვაქვს დაკიდულნი, გახლავართ ერთადერთნი ატიკელნი, ნაღდი ავტოხთონები, ... ტყუილად ხომ არ იქნება, გუნდად რომ ვიკრიბებით, ბუდეს ვიქმნით არქონტთან და ბუდეს ვიქმნით თერთმეტთან, ზოგი ოდეონშია და ზოგი კედლებს აწყდება, ზუზუნებენ, თავი ყველას დაუხრია მიწისკენ, როგორც მატლებს, ფიჭაში რომ დაძვრებიან უაზროდ. სარჩოს შოვნაზე თუ მიდგა საქმე, აქაც რა გვიჭირს, ვისაც ვნახავთ, დავნესტრავთ და სარჩოც არ მოგვაკლდება; მაგრამ მუქთამჭამელებიც არ გვაკლია, მამლები, ნესტარი არ გააჩნიათ, ხელისგაუნძრევლად რომ მიირთმევენ, რაც ჩვენ დიდი გარჯის ფასი გვიჯდება. ესაა, რომ არ გვასვენებს, ომში ვინც არ ყოფილა, ის ხალხია, ჩვენს ხელფასს რომ ახრამუნებს, ქვეყნისთვის რომ არც შუბი, არც ნიჩაბი ხელში არ აუღია. მომავალში, მე ვთვლი, უნდა მოქმედებდეს კანონი: ნესტარი არ გაგაჩნია? – ვერ მიიღებ ტრიობოლს. კრაზანები, 1071–1121 "