ნაწილი პირველი
უკვე გამობრძანებულან.
ჩემზე ადრე ამდგარან თეთრად გამოწკეპილი შავი ჯეელები და დერეფანშივე დაცლილან ღამე დაგროვილი სექსუალური ენერგიისგან, სანამ თავზე წავადგები, თვითონვე მოსპობენ კვალს.
სწორედ კვალს შლიან, როცა საძინებლიდან გამოვდივარ. სამივე მოღუშულია, ყველაზე და ყველაფერზე აღრენილი - დღევანდელ დღეზეც, ამ დილაზეც, აქაურობაზეც და აქაურებზეც. ასე აძაღლებულებს, ჯობია თვალში არ შევეჩხირო. ტილოს ფეხსაცმელი მაცვია და მტვრის გორგალივით უხმაუროდ მივიპარები კედელ-კედელ, თუმცა ვის დაემალები? ჩემს შიშს უცებვე აფიქსირებს ამათი ზემგრძნობიარე აპარატურა და სამივე ერთად, ერთდროულად ატრიალებს ჩემკენ თავს. ბადრიჯნისფერ სახეებზე გამოფატრული რადიოს დამჯდარი ნათურებივით უბჟუტავთ თვალები.
„ბელადსაც გაუღვიძია! ცოცხების ბელადს. ადექი, ძველო? ერთი აქეთ გვიკადრეთ, თუ შეიძლება!“
იატაკის მოსაწმენდ ტილოს მჩრიან ხელში და წინასწარ შერჩეული, დღეს მოსასუფთავებელი ადგილისკენ მითითებენ. მეც იქით ვაღერებ თავს. ერთი, ვითომ ასაჩქარებლად, ცოცხის გრძელ ხის ტარს მირტყამს უკან.
„ნახე, რა მოცოცხა ცოცხების ბელადმა! შეხედავ, მთასავითაა ეს ჩემისა, ამ კარებში ვერ შემოეტევა, არადა, დებილი ბავშვის ტვინი არა აქ თავში, რაც გინდა დაავალე...“
უჯიგროდ იცინიან. მერე მესმის, შეთქმულებივით თავებმიტყუპებულები როგორ ჩურჩულებენ რაღაცას ჩემს ზურგს უკან. გაბმულად ზუზუნებენ შავი მანქანები - სიკვდილზე, სიძულვილზე, საავადმყოფოს ათას სხვა საიდუმლოზე. ძაღლადაც არავინ მაგდებს, ფეხებზე კიდიათ, მეც მესმის თუ არა აქაური სიძულვილის საიდუმლოებები. ყრუ-მუნჯად მთვლიან და იმიტომ. ყველას ყრუ-მუნჯი ვგონივარ. იმდენი ეშმაკობა კი შემრჩა, ყრუ-მუნჯად გავასაღო თავი ამ დამპალ ქვეყანაში. სხვა აბა რაში გამომადგება ჩემი სანახევროდ ინდიელობა, ცოტა თუ არ მოვიტყუე და ვიეშმაკე?! ხოდა მეც ვეშმაკობ და ეს მშველის, კაი ხანია უკვე.
ზუსტად ჩვენი განყოფილების კარებთან ვაპრიალებ იატაკს, საკეტში გასაღები რომ გაიჩხაკუნებს - მთავარი ექთანია, ვიცი, გასაღების ხმაზე ვცნობ, ასეთი ხმით მარტო იმის გასაღები ტრიალდება საკეტში. რბილად, სწრაფად, საქმიანად. დიდი ხანია, ისაა ამ განყოფილების კლიტეთმპყრობელი. უხმაუროდ შემოსრიალდება კარებში, სუსხს შემოიყოლებს და კარს ზურგს უკან კეტავს. მერე ერთხელაც ეხებიან იმისი თითები სლიპინა ფოლადს - ფრჩხილებიც ტუჩების ფერი აქვს: უცნაურად ნარინჯისფერი, გავარვარებულ რკინასავით. ვერც მიხვდები, ძალიან ცივი ფერია თუ ძალიან ცხელი, როცა ხელით გეხება ხოლმე.
მოწნული ჩანთა უჭირავს, ზუსტად იმის ცალი, ამპკვას ტომის ინდიელები რომ ყიდიან შარაგზებზე აგვისტოს ხვატსა და პაპანაქებაში, კანაფის სახელურიანი და დიდნაჩვრეტებიანი. ისე, შესახედად ხელოსნის აბგასაც გავს. რაც აქა ვარ, სულ ამ ჩანთას დაათრევს და მშვენივრად ვიცი, შიგ რაც უწყვია: არავითარი პუდრი, პომადა ან რამე სხვა ქალური სისულელე - ჭანჭიკები, კბილანები, პატარა პრიალა ქლიბები, ფაიფურივით თეთრად მოციმციმე პაწაწინა აბები, პინცეტები, ნემსები, სპილენძის მავთულის გორგალი... მოკლედ, ყველაფერი, რაც მორიგეობისას დაჭირდება და გამოადგება. გვერდით ჩამივლის და ოდნავშესამჩნევად მიკრავს თავს. მე ჩემს გრძელტარიან ცოცხს მივყვები კედლისკენ, თან ვიღიმები, ვცდილობ თვალებში არ შევხედო, სულაც დავხუჭო თვალები - იქნებ ასე მაინც მოვატყუო როგორმე იმისი შეუმცდარი აპარატურა: თვალები თუ დახუჭე, ბევრს მაინცდამაინც ვერაფერს შეგატყობენ.
მოფარებულში შეყუჟულს მესმის, როგორ მიწკაპუნებენ კაფელის იატაკზე რეზინის ქუსლები. მოწნული ჩანთაც საქმიანად მიჩხარუნებს, ნაბიჯების რიტმში, ვიდრე დერეფანს ჩაათავებს. გახევებული მიაბიჯებს. თვალს რომ ვახელ, უკვე დერეფნის ბოლოშია, საცაა ექთნების სამორიგეოში შეუხვევს და შუშის კედლის იქით თავის მაგიდას მიუჯდება. სარკმელთან მოკალათებული წვრილ-წვრილად ჩააწიკწიკებს დავთარში ყველაფერს, რაც მომდევნო რვა საათის განმავლობაში დღის პალატაში მოხდება. სახეზე აწერია, თავისთვის რაღაც ძალიან სასიამოვნოზე და შვებისმომგვრელზე ფიქრობს.
მერე... მერე უკვე შავტუხა ჯეელებსაც ამჩნევს. ისევ წეღანდელივით დგანან, თავებმიტყუპებულები. ისევ ბუტბუტებენ ძველებურად. იმის შემოსვლა არც გაუგიათ. ახლა კი გრძნობენ დაჟინებულ მზერას, მაგრამ რაღა დროსია! მეტი ჭკუა უნდა ეხმარათ, სადმე სხვაგან უნდა ეჩურჩულათ, რამ დაავიწყათ, ვისი მორიგეობის დრო მოდიოდა! შავი სახეები ერთმანეთს სცილდებიან, შეცბუნებულები შორიშორდებიან. ქალი კი იფხორება, იფოფრება, შორიდანვე თვალებით ჭამს დერეფნის ბოლოს მახეში გაბმული მხეცებივით მიყუჟულებს, იცის, რაზეც ჩურჩულებდნენ და უკვე ცოფებს ყრის, თავს ვეღარ ერევა. ისეთი გაცოფებულია, ერთი სული აქვს ნაკუწ-ნაკუწ დაფლითოს შავი ნაბიჭვრები. ნელ-ნელა სივდება სიბრაზისგან, ისე იბერება, თეთრი ხალათი ზურგზე ასკდება. მკლავებსაც იმოდენაზე შლის, ხუთი-ექვსჯერ შემოაწვდენს სამივეს ერთად. თან აქეთ-იქით იყურება, აქეთ-იქით ატრიალებს უშველებელ თავს. ჯერ არავინ ამდგარა, ჯერ ვერავინ ვერაფერს დაინახავს. მარტო ყრუ-მუნჯი ბრომდენი, ბებერი ნახევრად ინდიელი მენაგვე ამოფარებია თავის ცოცხს, სადღაც, შორს... ეგ გინდ ყოფილა, გინდ არა. ხოდა, ქალიც ბოლომდე იგიჟებს თავს, ბოლომდე ყვება სიბრაზეს. დახატული ღიმილი სიფათზე გადაგლესია, თამამად აჩენს ავად დაკრეჭილ კბილებს და სულ უფრო