"1. მე მკვდარი ვარ ახლა მე მკვდარი ვარ – ერთი გვამი, რომელიღაც ჭის ფსკერზე დაგდებული. კარგა ხანია, სული ამომხდა, გულიც გამიჩერდა, მაგრამ ეს არავინ იცის. იმან კი, იმ ნაძირალამ, ჩემს სიკვდილში რომ დარწმუნებულიყო, ყური დამადო, მაჯაც გამისინჯა, მერე ფერდში წიხლი ჩამაზილა, ჭასთან მიმათრია, ამწია და შიგ ჩამაგდო. თავი, უკვე ქვით რომ მქონდა ჩამტვრეული, ჭაში ჩავარდნისას სულ დამეჩეჩქვა; ტუჩები, შუბლი, ლოყები ერთმანეთში ამეზილა; ძვლები დამემსხვრა; პირი სისხლით გამევსო. ოთხი დღეა შინ არ მივსულვარ. ალბათ ჩემი ცოლ-შვილი უკვე მეძებს, ჩემი პატარა გოგო ჭიშკარს გასცქერის და ცრემლად იღვრება. ყველას გზისკენ უჭირავს თვალი. თუმცა, ვინ იცის? იქნებ აღარც მელოდებიან? შეჰგუებიან იმ აზრს, რომ აღარ დავბრუნდები. რა საშინელებაა! არადა, კაცს სულ ჰგონია, უკან დარჩენილი ცხოვრება ძველებურად გრძელდება. ჩემს დაბადებამდე უსასრულოდ დიდი დრო იყო გასული და ჩემი სიკვდილითაც არაფერი დამთავრდება. სანამ ცოცხალი ვიყავი, ამაზე არც მიფიქრია. ვცხოვრობდი ჩემთვის, მუშაობაში ვატარებდი დღეებს აისიდან დაისამდე. ბედნიერი ვიყავი. ბედნიერი ვყოფილვარ. ჩვენი ფადიშაჰის ნაყაშხანაში წიგნის გვერდების მოვარაყებაში ტოლს ვერავინ მიდებდა. სახელოსნოს გარეთაც ვშოულობდი სამუშაოს და თვეში ცხრაასი აქჩე შემომდიოდა. ცხადია, ეს ყველაფერი უფრო აუტანელს ხდის ჩემს სიკვდილს. "