"ერთი წელია, რაც მამაჩემი მოკვდა. არ მჯერა, რომ ამბობენ, ადამიანი ნამდვილ ზრდასრულობას მხოლოდ მშობლების სიკვდილის მერე აღწევსო. ნამდვილ ზრდასრულობას ვერც ვერასოდეს აღწევ. მოხუცის კუბოსთან უსიამოვნო ფიქრები ამეშალა. ამ ბებერმა ნაბიჭვარმა მაგარი დრო ატარა, ყველა სირთულიდან მეფესავით გამოძვრა. `პატარა გოგოებთან დაეთრეოდი, ძმაო~, – ჩემთვის ვქილიკობდი, – `აქეთ კიდე დედაჩემს ფეხებშუა დიდ ხლეს უდებდი~. რა თქმა უნდა, დაძაბული და გაღიზიანებული ვიყავი. ყოველდღე ხომ არ მარხავ ოჯახის წევრებს. ცხედრის ნახვაზე უარი ვთქვი. ორმოცი წლისა ვარ და ცხედრები საკმარისად მინახავს. მირჩევნია, ამ სანახაობას უბრალოდ გავერიდო. შინაური ცხოველიც ამიტომ არ მიყიდია აქამდე. არ დავქორწინებულვარ. ორ-სამჯერ ცოლის მოყვანა კი შემეძლო, მაგრამ გადავიფიქრე, თუმცა ქალები ნამდვილად მიყვარს. ვნანობ კიდეც, უცოლო რომ ვარ. განსაკუთრებით შვებულების დროს ვვარდები ხოლმე უხერხულ მდგომარეობაში. გარკვეულ ასაკს მიტანებულ კაცს, რომელიც შვებულებას მარტოდმარტო ატარებს, ხალხი ნაკლებად ენდობა: ვარაუდობენ, საშინელი ეგოისტი და გარყვნილი ვინმე იქნებაო. არა, ამ ხალხს ნამდვილად ვერ გავამტყუნებდი. დაკრძალვის შემდეგ იმ სახლში დავბრუნდი, სადაც მამაჩემმა ბოლო წლები გაატარა. მისი სხეული ერთი კვირის წინ აღმოეჩინათ. "