"სადღეისო ლოცვა 10, 110, 1010 წელიწადია, რაც დამდევს უკან საზარელი შიში ყოველგან - აურაცხელი გონდახშული მორწმუნეების, აურაცხელი მატყუარა მორწმუნეების; თუ ღმერთები ხართ - მოსპეთ ყველა სანთელი მათი! დაშრიტეთ მათი დანთებული ყველა კანდელი! ჩააქრეთ მათი ჭრელაჭრულა ჭაღები! - რათა კვლავ დაემკვიდროს... იქმენ ნათელი! და არ მიიღოთ არც ერთ კარზე იმათი საღმრთო, რომელიც მათი კი არ არის, მოპარულია! მათი შეთქმული შესაწირიც კი უარჰყავით, რამეთუ... თავად წმინდა რწმენა არ შეიწირონ, - რწმენა მაღალი, რწმენა - სუფთა, რწმენა - მართალი; თუ ღმერთები ხართ - გევედრებით: დაიხშეთ ყურნი იმათი ლირწი, შემპარავი ლოცვის წინაშე, ზეპირ-აწონილ-აზომილი ლოცვის წინაშე, რითაც თავს როდი იტყუებენ, თქვენ გატყუებენ. "