"ჰ ე რ მ ე ს ი ... აღარ ბრძანდებიან ღმერთები აქ მეტად, გუშინ გადასახლდნენ. ტ რ ი გ ე ო ს ი სად, რომელ მიწაზე? ჰ ე რ მ ე ს ი “მიწაზე?!” ტ რ ი გ ე ო ს ი აბა, სად? ჰ ე რ მ ე ს ი ძლიერ შორს აქედან, სრულიად ცის თაღთან. ტ რ ი გ ე ო ს ი მერედა შენ მარტო დაგტოვეს ღმერთებმა? ჰ ე რ მ ე ს ი მე იმათ დარჩენილ ნივთებს ვყარაულობ: ქოთნუკებს, დაფნუკებს და ამფორუკებსაც. ტ რ ი გ ე ო ს ი ერთი ეს მითხარი, რატომ აიყარნენ? ჰ ე რ მ ე ს ი განრისხებულები არიან ბერძნებზე, ამიტომ წავიდნენ, ომი დაგვიტოვეს, – რასაც მოისურვებს, ის უნდა აკეთოთ. თავად კი სულ მაღლა ავიდნენ, რომ თქვენი მუდმივი ომისთვის აქ აღარ ეცქირათ და აღარ გაეგოთ თქვენი ვედრებები. ტ რ ი გ ე ო ს ი ასე რად მოგვექცნენ, მითხარი, ძვირფასო. ჰ ე რ მ ე ს ი თქვენ თვითონ ირჩიეთ ომი და იმიტომ. აი, სპარტელები, ზავს თუ აპირებდნენ, თვითვე გადათქვამდნენ და ასე იტყოდნენ: “ახლა ვაზღვევინებთ ატიკას ყველაფერს”... ხოლო თუ ატიკას გაუმართლებდა და, ზავს თუ მოითხოვდნენ ლაკედემონელნი, ახლა თქვენ იტყოდით: “არა, გვატყუებენ, ათენას ვფიცავართ, სანდო არ არიან. პილოსი თუ გვექნა, თავს დაგვესხმებიან”. ტ რ ი გ ე ო ს ი კი, ჩვენი ნათქვამი მეცნობა ნამდვილად. ჰ ე რ მ ე ს ი ამიტომ მგონია, რომ ქალღმერთ მ შ ვ ი დ ო ბ ა ს თქვენ ვეღარ იხილავთ. მშვიდობა, 196–222 ე ვ ე ლ პ ი დ ე ეს სათხოვარი გვაქვს, ამიტომ მოვედით: იქნებ გვაპოვნინო რამე მატყლმრავალი ქალაქი, რომ ჩვენთვის წამოვწვეთ ნებივრად. ო ფ ო ფ ი კრანაეს ქალაქზე უფრო დიდს დაეძებთ? ე ვ ე ლ პ ი დ ე უფრო დიდს კი არა, უფრო მოხერხებულს. ო ფ ო ფ ი არისტოკრატიას დაეძებ? ე ვ ე ლ პ ი დ ე რას ამბობ?! პირიქით! სკელიას ძეზეც გულს მაზიდებს. ო ფ ო ფ ი სად, რომელ ქალაქში გინდა, რომ დასახლდე? ე ვ ე ლ პ ი დ ე სადაც უმძიმესი საქმე ეს იქნება: კარზე უთენია მომადგეს ძმაკაცი, მითხრას: “ოლიმპოსის მბრძანებელს გაფიცებ, აბანოს მერე მე მეწვიეთ როგორმე შენცა და შვილებიც – ქორწილის სუფრა მაქვს. იცოდე, თუ ახლა ამ ლხინში არ მოხვალ, ჭირშიაც ვერ მოხვალ მერე ვერასოდეს!” ო ფ ო ფ ი ღმერთმანი, შენ მძიმე საქმე გყვარებია! ფრინველები, 120–135 "