I ბირდქეიჯ-უოქზე, ერსქინთან, მის პატარა, მყუდრო სახლში რომ ვისაუზმეთ, ბიბლიოთეკაში ფინჯან ყავაზე შემოვრჩი და სიგარეტიც გავაბოლეთ. ამასობაში, საუბარში ლიტერატურული ყალბისმქმნელობის საკითხი წამოიჭრა. ახლა მკაფიოდ ვეღარ ვიხსენებ, როგორ შევეხეთ ამ უცნაურ თემას, რადგან კარგა ხანია გასული, მაგრამ ზუსტად მახსოვს, ხანგრძლივი საუბარი კი გამოგვივიდა. საკითხი მაქფერსონს, აირლანდსა და ჩათერთონს შეეხო, ამ უკანასკნელზე კი მე დავიჩემე, მისი ე.წ. ლიტერატურული ფალსიფიკაციები სხვა არაფერია, თუ არა შედეგი ხელოვანის წადილისა, სრულყოფილად წარმოაჩინოს ყველაფერი-მეთქი; ასევე, დავიჟინე, უფლება არ გვაქვს, ხელოვანი გავკიცხოთ იმ მეთოდების გამო, რომლითაც იგი საკუთარი შემოქმედების წარმოჩენას ცდილობს და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყოველგვარი ხელოვნება ქმედებაა – მისწრაფებაა წარმოსახვის გარკვეულ სფეროში თვითწარმოჩენის მისაღწევად, რომელიც თავისუფალია ნაკლისგან და რეალური ცხოვრებით არის შემოფარგლული. ამდენად, ხელოვანის განსჯა ფალსიფიკაციის გამო – ეს იგივეა – ეთიკური პრობლემა ესთეტიკურთან გავაიგივოთ-მეთქი.
ერსქინმა, რომელიც ჩემზე ბევრად უფროსი იყო და კმაყოფილი მოწიწებით მისმენდა, უეცრად მხარზე ხელი დამადო და მკითხა:
– რას იტყოდი ერთ ახალგაზრდა კაცზე, რომელსაც ხელოვნების კონკრეტულ ნამუშევარზე უცნაური თეორია ჰქონდა და სწამდა კიდეც ამ თეორიისა იმდენად, რომ გაყალბებაზეც კი არ თქვა უარი მის გასაუმჯობესებლად?
– აჰ, ეს კი უკვე სულ სხვა საქმეა, – მივუგე მე.
ერსქინმა ერთხანს იყუჩა და თავისი სიგარეტის ნაცრისფერ კვამლს გაუშტერა თვალი.
– კი, – მითხრა პაუზის შემდეგ, – სრულიად სხვაა.
მისი ხმის ტონში რაღაც იგრძნობოდა, შეიძლება, გაცხარების მაგვარი რაღაც, რამაც ჩემი ცნობისმოყვარეობა კიდევ უფრო გაამძაფრა.
– იცნობდი ვინმეს, ვინც ეს ჩაიდინა? – წამოვიყვირე მე.
– დიახ, – მიპასუხა და სიგარეტი ბუხარში შეაგდო, – ჩემი დიდი მეგობარი იყო – სირილ გრეჰემი. ის ძალიან მომხიბვლელი და მოსულელო ტიპი იყო, თუმცა კი ფრიად უსულგულო. არადა, მხოლოდ მისგან დამრჩა ერთადერთი მემკვიდრეობა ცხოვრებაში.
– რა მემკვიდრეობა? – შევეკითხე მე. ერსქინი სავარძლიდან წამოდგა, კაბინეტი გადაჭრა და ორ სარკმელს შორის კედელში ჩადგმული კარადის კარი გახსნა, შემდეგ უკან გამობრუნდა ელისაბედის(ელისაბედ დედოფალი – ინგლისის მბრძანებელი ტიუდორთა დინასტიიდან (1558-1603). ინგლისსა და ესპანეთს შორის დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლა კოლონიური მონოპოლიისთვის ახალ სამყაროში). დროინდელ ჩარჩოში ჩასმული, ოდნავ გახუნებული მომცრო სურათით ხელში.
ეს იყო ჭაბუკის სრული სიმაღლით დახატული პორტრეტი.
XVI საუკუნის მიწურულის დროინდელ კოსტიუმში ჩაცმული ვაჟი მაგიდასთან იდგა და მარჯვენა ხელი გადაშლილ წიგნზე ედო. ჩვიდმეტი წლისას ჰგავდა და არაჩვეულებრივი სილამაზის პატრონი ჩანდა, თან, რაღაცით ქალსაც ჩამოჰგავდა. მართლაც, რომ არა მამაკაცის სამოსი და მოკლედ შეკრეჭილი თმა, კაცი იფიქრებდა, ქალის სახე აქვსო. მეოცნებე თვალები და ალისფერი თხელი ტუჩები ჰქონდა. მანერით, განსაკუთრებით კი ხელების გამოყვანის ოსტატობით, სურათი ფრანსუა კლოეს გვიანდელ ნამუშევარს მოგვაგონებდა. შავი ხავერდის კამზოლზე საოცარი ოქრონაქარგი და ფონის ლურჯი ელფერი იკვეთებოდა, რაც კოსტიუმის ფერს ამძაფრებდა და რაღაც მანათობელ გამჭვირვალობას ანიჭებდა; და ორი ნიღაბი – ტრაგედიისა და კომედიისა – რაღაც ოფიციალურად რომ გადმოეკიდათ მარმარილოს მაგიდიდან – მკაცრად იყო გამონაკვთული, რაც იტალიელების მსუბუქ გრაციას სულაც არ ჰგავდა. ეს ჩრდილოეთის სულის მატარებელი სტილი დიდ ფლამანდიელ ოსტატს საფრანგეთის მეფის კარზეც კი არ დაეკარგა სრულად.
– გადასარევი რამეა, – შევნიშნე მე. – მაგრამ ვინ არის ეს მომხიბლავი ჭაბუკი, რომლის სილამაზეც ასე ბედნიერად შემოგვინახა ხელოვნებამ?
– შენ წინაშეა ბატონ უ. ჰ-ის პორტრეტი, – სევდიანი ღიმილით მიპასუხა ერსქინმა.
არ ვიცი, ეს ფერთა თამაში თუ იყო, მაგრამ მომეჩვენა, რომ თვალებში ცრემლი გაუკრთა.
– ბატონ უ. ჰ-ის? – გავიმეორე მე. – კი, მაგრამ ვინ არის ეს უ. ჰ.?
– ნუთუ არ გახსოვს? შეხედე, რა წიგნი ჩანს მის ხელს ქვემოთ.
– თითქოს რაღაც წერიაო, მაგრამ ვერ ვარჩევ – რა, – მივუგე მე.
– აი, ლუპა, კარგად დააკვირდი, – მითხრა ერსქინმა ისე, რომ სახეზე სევდიანი ღიმილი არ მოშორებია.
ლუპა ავიღე, ლამფაც უფრო ახლოს მივწიე და გაჭირვებით დავიწყე ჩახლართული ძველი ლიგატურით გამოყვანილი ხელნაწერი ფრაზების კითხვა: „იმ ერთადერთს, ვისთვისაც შეიქმნა ქვემორე სონეტები...“
– ღმერთო სახიერო! – შევძახე მე. – შექსპირისეული ხომ არ არის ეს უ. ჰ.?
– სირილ გრეჰემიც ასევე ამბობდა, – ჩაილაპარაკა ერსქინმა.
– ყმაწვილი რომ არაფრით ჰგავს ლორდ ფემბროქს?! – შევედავე მე. – ფენჰერსტულ პორტრეტებს კარგად ვიცნობ, მაგ მხარეში რამდენიმე კვირის წინაც ვიყავი.
– მართლა გგონია, რომ სონეტები ლორდ ფემბროქს ეძღვნება?
– სავსებით დარწმუნებულიც