თავი 1
დეშვუდების ოჯახი მიეკუთვნებოდა უძველეს გვარს, რომელიც სასექსში დიდ მამულს, სახელად ნორლენდ-პარკს ფლობდა. ამ ოჯახის მრავალი თაობა დარბაისლურად ცხოვრობდა მათი კუთვნილი მიწების შუაგულში მდებარე დიდ სახლში და მეზობლებს შორის კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. მამულის უკანასკნელი მფლობელი გახლდათ მარტოხელა ჯენტლმენი, რომელმაც ძალიან დიდხანს იცოცხლა და თავისი ცხოვრების მრავალი წლის განმავლობაში მუდმივ მრჩევლად და მეგობრად თავისი და ჰყავდა. ქალი საოჯახო საქმეებს უძღვებოდა, მაგრამ ის ძმაზე ათი წლით ადრე გარდაიცვალა და ამას სახლში დიდი ცვლილებები მოჰყვა. მარტო დარჩენილმა ჯენტლმენმა, დანაკლისის შესავსებად, სახლში თავისი ძმისშვილი - მისტერ ჰენრი დეშვუდი - მამულის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე მიიწვია ოჯახთან ერთად. სწორედ მისთვის აპირებდა, ქონება ეანდერძებინა. ძმისშვილის, მისი ცოლისა და შვილების გარემოცვაში მოხუცი ჯენტლმენის დღეები სასიამოვნოდ მიედინებოდა და ნათესავების მიმართ მისი სიყვარული სულ უფრო იზრდებოდა. მისტერ და მისის დეშვუდები ზრუნვასა და ყურადღებას არ აკლებდნენ და ყველა სურვილს უსრულებდნენ. ამას ისინი არა იმდენად ანგარების გამო, არამედ უფრო თავიანთი გულკეთილობით აკეთებდნენ. ბავშვების მხიარულება კიდევ უფრო ახალისებდა და ართობდა მოხუცს.
მისტერ ჰენრი დეშვუდს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟიშვილი, მეორე ცოლისგან კი სამი ქალიშვილი ჰყავდა. ვაჟი სოლიდური ახალგაზრდა კაცი გახლდათ, გვარიანად მდიდარი, რადგან ოცდაერთი წლის ასაკში განსვენებული დედის ქონების ნახევარი ერგო. ამის შემდეგ მალე ის დაქორწინდა, რის შედეგადაც კიდევ უფრო გამდიდრდა. ამიტომ ნორლენდის მამულის შემდგომი ბედი მისთვის უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მისი დებისათვის, რომელთა ქონება საკმაოდ მცირე იქნებოდა, თუ მათი მამა ამ მემკვიდრეობას ვერ მიიღებდა. მათ დედას საკუთარი ქონება არ გააჩნდა, მამას კი მხოლოდ შვიდი ათასი გირვანქა სტერლინგი ჰქონდა, რამდენადაც მისი პირველი ცოლისგან დატოვებული მემკვიდრეობის ნაწილი ასევე ვაჟიშვილს ეკუთვნოდა, ის კი მხოლოდ პროცენტებს იღებდა ამ კაპიტალიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში.
მოხუცი ჯენტლმენი გარდაიცვალა. მისი ანდერძი წაიკითხეს და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ამას სიხარულიც მოჰყვა და იმედგაცრუებაც. აწ განსვენებული არც იმდენად უსამართლო იყო და არც იმდენად უმადური, რომ თავისი ძმისშვილისთვის არაფერი დაეტოვებინა. თუმცა, მემკვიდრეს მამული ისეთი პირობით გადაეცემოდა, რომ მისი ღირებულება სანახევროდ უფასურდებოდა. მემკვიდრეობის მიღება ჰენრი დეშვუდს საკუთარი თავისა ან ვაჟისათვის კი არ სურდა, არამედ ცოლისა და ქალიშვილებისათვის, არადა, მოხუცმა თავისი ქონება სწორედ მის ვაჟს და მისი ვაჟის პატარა, ოთხი წლის ბიჭს დაუტოვა. ბიძამ ძმისშვილს ხელ-ფეხი შეუკრა სხვადასხვა შეზღუდვით, რომლებიც მას საშუალებას ართმევდა, უზრუნველეყო ისინი, ვინც განსაკუთრებით უყვარდა და ვისაც ფული განსაკუთრებით სჭირდებოდა. ანდერძი კრძალავდა მამულის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენებას, ტყის გაყიდვას. ყველაფერი ისე იყო გაკეთებული, რომ დროთა განმავლობაში მთელი ქონება ხელუხლებლად გადასულიყო ჰენრის შვილიშვილის ხელში. პატარა ბიჭმა, რომელიც მშობლებთან ერთად ნორლენდს დროდადრო სტუმრობდა, მოახერხა, თავისი დიდი ბაბუის ძმისათვის თავი იმდენად შეეყვარებინა ორი-სამი წლის ბავშვებისათვის ისეთი, არცთუ უცნაური რამეებით, როგორიცაა ბავშვური ტიტინი, შეუპოვრობა საკუთარი ჟინის გატანისას და სხვადასხვა ეშმაკური ხრიკი, რომ მათ თავისუფლად გადაწონეს მთელი ის მზრუნველობა და ყურადღება, რომლითაც მოხუცი ჰენრის ცოლისა და ქალიშვილებისგან იყო გარემოცული. თუმცა, განსვენებულს არც მათი განაწყენება უფიქრია და კეთილგანწყობის ნიშნად თითოეულს ათასი გირვანქა სტერლინგი დაუტოვა.
თავიდან ჰენრი დეშვუდი ლამის სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, მაგრამ შემდეგ მან, ბუნებით ოპტიმისტმა და მხიარულმა კაცმა, გადაწყვიტა, რომ წინ ბევრი დრო ჰქონდა და თუ ეკონომიურად იცხოვრებდა, შეძლებდა გადაედო გარკვეული თანხა მამულის შემოსავლებიდან, რომელიც უკვე საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ გარკვეული ცვლილებების შეტანით მისი კიდევ უფრო გაზრდის იმედი ჰქონდა. თუმცა ქონება ძალიან გვიან გადავიდა მის ხელში და, როგორც აღმოჩნდა, - მხოლოდ ერთი წლით. სწორედ ამდენ ხანს იცოცხლა მან ბიძის სიკვდილის შემდეგ და მის ქვრივსა და ქალიშვილებს მემკვიდრეობით სულ ათი ათასი გირვანქა სტერლინგი დარჩათ იმ სამი ათასის ჩათვლით, რომელიც ქალიშვილებს ბაბუის ძმამ დაუტოვა. როგორც კი ნათელი გახდა, რომ მისტერ დეშვუდის ავადმყოფობა ძალზე სერიოზული იყო, ამის შესახებ მის ვაჟიშვილს შეატყობინეს. მთელი ძალითა და მონდომებით, რაც კი ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფმა შეძლო, ჰენრიმ თავის ვაჟს მიანდო დებსა და დედინაცვალზე ზრუნვა.
მისტერ ჯონ დეშვუდი, თავისი ოჯახის დანარჩენი წევრებისაგან განსხვავებით, განსაკუთრებით ძლიერი გრძნობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მომაკვდავი მამის თხოვნამ გაჭრა და პირობა დადო, რომ მათი კეთილდღეობისათვის ყველაფერს გააკეთებდა, რაც კი შეეძლო. ამან მომაკვდავს უკანასკნელი წუთები შეუმსუბუქა, მისტერ ჯონს კი დრო მისცა, კარგად აეწონ-დაეწონა, თუ რისი გაკეთება შეეძლო ისე, რომ გონივრულობის