თავი პირველი
სერ უოლტერ ელიოტს, რომელიც სომერსეტის საგრაფოში, კილინჩჰოლის მამულში ცხოვრობდა, მოცალეობისას ხელში ერთთავად „ბარონეტების წიგნი“ ეჭირა. ამით თავსაც იქცევდა და დროც გაჰყავდა, თან გუნება-განწყობილებასაც იუმჯობესებდა, თუ ხასიათზე ვერ იყო. ადრეული ჩანაწერები მასში აღფრთოვანებასა და მოწიწებას იწვევდა. ამქვეყნიური საზრუნავისგან გამოწვეული არასასურველი შეგრძნებები ყოვლად უმნიშვნელოდ და ზიზღის მომგვრელადაც კი ეჩვენებოდა, როცა წინა საუკუნეში დაბადებულთა სახელების უსასრულო სიას ეცნობოდა. თუკი ეს არ შველოდა, ყოველთვის შეეძლო, საკუთარი თავის შესახებ წაეკითხა. ასეც იქცეოდა: საყვარელ წიგნს ამ გვერდზე გადაშლიდა და გაუნელებელი ინტერესით კითხულობდა:
„ელიოტი კილინჩჰოლიდან.
უოლტერ ელიოტი, დაბადებული 1760 წლის 1-ელ მარტს, 1784 წლის 5 ივლისს დაქორწინდა გლოსტერის საგრაფოს საუთ-პარკის მამულში მცხოვრები ესკვაირის, ჯეიმზ სტივენსონის ქალიშვილზე. ამ ლედიმ (რომელიც 1800 წელს გარდაიცვალა) მას გაუჩინა ელიზაბეთი, დაბადებული 1785 წლის 1-ელ ივნისს, ენი, დაბადებული 1787 წლის 9 აგვისტოს, მკვდრადშობილი ვაჟი 1789 წლის 5 ნოემბერს, და მერი, დაბადებული 1791 წლის 20 ნოემბერს“.
სწორედ ამ სახით გამოაქვეყნა ეს ჩანაწერი მბეჭდავმა; მაგრამ სერ უოლტერმა ის გააუმჯობესა და შთამომავლებისთვის შემდეგი სიტყვები დაამატა: „1810 წლის 16 დეკემბერს ცოლად გაჰყვა ჩარლზს, სომერსეტის საგრაფოს აპერკროსის მამულში მცხოვრები ესკვაირის, ჩარლზ მასგროუვის, ვაჟიშვილსა და მემკვიდრეს“, რასაც თავისი მეუღლის გარდაცვალების ზუსტი თარიღიც მიაყოლა.
ამას, წესისამებრ, ძველი და დიდებული გვარის აღმასვლის ისტორია მოჰყვებოდა; როგორ დაფუძნდნენ ჩეშირში; როგორ აღმოჩნდნენ დაგდეილში, სადაც ოლქს რამდენიმე შერიფი და ზედიზედ სამი მოწვევის პარლამენტის წევრები აჩუქეს; როგორ ერთგულებდნენ სამეფო გვირგვინს; როგორ მიიღეს ბარონეტის ტიტული ჩარლზ მეორის მეფობის პირველ წელს - ყველა ელიზაბეთისა და მერის ჩამოთვლით, რომლებზეც ისინი დაქორწინდნენ. ამ ყველაფერს ოცდაოთხი გვერდი ეკავა და გერბითა და დევიზით სრულდებოდა: „მთავარი მამული - კილინჩჰოლი, სომერსეტის საგრაფოში“, რასაც კვლავ სერ უოლტერის ხელით გაკეთებული ჩანაწერი მოჰყვებოდა: „სავარაუდო მემკვიდრეა უილიამ უოლტერ ელიოტი - მეორე სერ უოლტერის შვილთაშვილი“.
სერ უოლტერი საოცრად პატივმოყვარე კაცი გახლდათ. თავი მოჰქონდა როგორც პიროვნული თვისებებით, ისე მდგომარეობით. ახალგაზრდობაში შესანიშნავი თვალტანადობით გამოირჩეოდა. ახლაც კი, ორმოცდათოთხმეტი წლის ასაკში, მიმზიდველი სახის ნაკვთები ჰქონდა. იშვიათად თუ მოიძებნებოდა ლამაზი ქალი, რომელიც სერ უოლტერზე მეტად ზრუნავდა საკუთარ გარეგნობაზე, ან რომელიმე ახალგამომცხვარი ლორდის კამერდინერი, რომელსაც მასზე მეტად აღაფრთოვანებდა საზოგადოებაში თავისი მდგომარეობა. მისი აზრით, სილამაზეზე მაღლა მხოლოდ ბარონეტობა იდგა. სერ უოლტერ ელიოტი ამ ორივე საჩუქარს ირგებდა და მათ გულწრფელად ემადლიერებოდა.
სხვაგვარად, ალბათ, ვერც იქნებოდა, ვინაიდან სწორედ მათი წყალობით დაქორწინდა იგი ქალზე, რომელსაც სხვა თვისებებით ვერ გაეჯიბრებოდა. ლედი ელიოტი შესანიშნავი, კეთილგონიერი და თავაზიანი ადამიანი იყო, რომლის საქციელსა და მსჯელობას, იმ ახალგაზრდული გატაცების გამოკლებით, რამაც ლედი ელიოტად აქცია, ნაკლს ვერავინ მოუძებნიდა. იგი ჩვიდმეტი წლის განმავლობაში ოსტატურად არბილებდა და ფარავდა ქმრის უარყოფით თვისებებს, დადებითს კი თვალსაჩინოდ წარმოაჩენდა. უბედნიერესი ქალი არ ეთქმოდა, მაგრამ ოჯახზე ზრუნვამ, შვილებმა და მეგობრობამ ცხოვრებას ისე მიაჯაჭვა, რომ აშკარად გაუჭირდა მასთან განშორება, როცა ეს დრო დაუდგა. ადვილი როდია დედისთვის მემკვიდრეობის სამ ქალიშვილზე გადანაწილება, რომელთაგანაც უფროსებს თექვსმეტი და თოთხმეტი წელი შესრულებოდათ, და მათი ბედის პატივმოყვარე და სულელ მამაზე მინდობა. მაგრამ მას მეგობარი ჰყავდა - ჭკვიანი და ღირსეული ქალი, რომელიც მისდამი ერთგულებისა და ნაზი გრძნობების გამო სოფელ კილინჩში დასახლდა. სწორედ მისი იმედი ჰქონდა ლედი ელიოტს - იცოდა, რომ იგი ყოველთვის დაეხმარებოდა ქალიშვილებს მის მიერ დატოვებული რჩევა-დარიგებების შესრულებაში.
მათი ნაცნობების საყოველთაო მოლოდინის მიუხედავად, ეს მეგობარი ქალი და სერ უოლტერი ერთმანეთზე არ დაქორწინებულან. ცამეტი წელი გავიდა ლედი ელიოტის გარდაცვალებიდან, ისინი კი კვლავაც ქვრივებად, ახლო მეგობრებად და მეზობლებად რჩებოდნენ.
შეძლებული ლედი რასელი, თავისი ასაკისა და თვისებების მიუხედავად, ახალი უღლის დადგმას არ ჩქარობდა, რასაც საზოგადოების წინაშე გამართლება არც სჭირდებოდა, ვინაიდან ხალხის უკმაყოფილებას ქალის ხელმეორედ დაქორწინება უფრო იწვევს, ვიდრე დაუქორწინებლობა. სერ უოლტერის მარტოობას კი განმარტება სჭირდება. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სერ უოლტერი, ერთგული მამა (რამდენიმე ფარული იმედგაცრუების შემდეგ), ამაყობდა, რომ თავისი საყვარელი ქალიშვილების გამო არ ქორწინდებოდა. უფროსი შვილის გულისთვის იგი მართლა მზად იყო, უარი ეთქვა ყველაფერზე, რაც არცთუ ძალიან სჭირდებოდა. თექვსმეტი წლის ელიზაბეთს, შეძლებისდაგვარად, დედამისის ყველა უფლება და გავლენა მოეპოვებინა და, ვინაიდან კარგი გარეგნობითაც გამოირჩეოდა და მამასაც ჰგავდა, კაცი მის აზრს ყოველთვის ითვალისწინებდა და ისინი შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ. დანარჩენ ორ ქალიშვილს სერ უოლტერი ნაკლებად სწყალობდა. მერიმ კიდევ შეიძინა რაღაც წონა, როდესაც მისის ჩარლზ