თავი პირველი
საყოველთაო ჭეშმარიტებად მიიჩნევა, რომ უცოლო და მდიდარი კაცი იმთავითვე ცოლის შერთვას მოიწადინებს.
ჰოდა, როცა ასეთი კაცი შენს მეზობლად ესახლება, ჯერ წესიერადაც რომ არ იცნობდე, მაინც იმას გაიფიქრებ, ჩემს ქალიშვილს ბედმა გაუღიმაო.
- ძვირფასო, - უთხრა მისტერ ბენეტს მეუღლემ, - გაიგე, რომ ნეზერფილდპარკი როგორც იქნა, გაქირავდა?
- არა, არ გამიგია, - უპასუხა მისტერ ბენეტმა.
- ჰო, აბა! ლონგმა მითხრა.
მისტერ ბენეტი დუმდა.
- რატომ არ მეკითხები, ვინ იქირავაო?! - მოუთმენლობისგან კინაღამ იყვირა ცოლმა.
- რადგან ასე გინდა თქმა, მითხარი, ყურადღებით გისმენ.
ცდუნება დიდი იყო და მისის ბენეტმაც ვერ მოითმინა:
- ძვირფასო, ლონგმა ყველაფერი მიამბო. ნეზერფილდი ერთმა ძალზე მდიდარმა ახალგაზრდა კაცმა იქირავა. თურმე ჩრდილოეთიდან არის. ორშაბათს ოთხცხენიანი კარეტით მოსულა და ადგილი ისე მოსწონებია, რომ მისტერ მორისისთვის დასტური დაუყოვნებლივ მიუცია, - კვირის ბოლომდე მსახურებს გამოვგზავნიო.
- რა ჰქვია?
- ბინგლი.
- დაქორწინებულია თუ არა?
- უცოლოა, ძვირფასო! უცოლო და თანაც საარაკო სიმდიდრის პატრონი! ოთხი-ხუთი ათასი აქვს წლიური შემოსავალი. რა კარგია! ჩვენს ქალიშვილებს როგორ გაუმართლა, არა?
- გაუმართლა?
- მაკვირვებ, პირდაპირ. ნუთუ ვერ ხვდები... ერთ-ერთი ჩვენი ქალიშვილი ცოლად რომ შეირთოს...
- ეს გეგმაში აქვს თუ?..
- გეგმაში აქვსო?! რას ამბობთ, ძვირფასო. ხომ შეიძლება, ერთ-ერთი ჩვენი გოგონა შეუყვარდეს. არა, დაუყოვნებლივ უნდა ესტუმრო, როგორც კი გამოჩნდება!
- ვესტუმრო? უხერხულია. უმჯობესია, შენ წახვიდე ან მარტო გოგონები გაუშვა. ასე აჯობებს! მისტერ ბინგლის შენი მისვლა უფრო გაუხარდება. სილამაზით არც ერთ ჩვენს ქალიშვილზე ნაკლები არა ხართ.
- ძვირფასო, ნუ მთაფლავ! ლამაზი ერთ დროს მართლაც ვიყავი. მაგრამ ახლა, ხუთი მოწიფული ქალიშვილის დედას მსგავს რამეზე ფიქრი არ შემფერის.
- ჰო, ასეთ დროს ქალებს სილამაზე მართლაც არ ჰყოფნით...
- ძვირფასო, უეჭველად უნდა წახვიდე და ინახულო მისტერ ბინგლი.
- ამისთვის მე ვერ გამოვდგები, ჩემო კარგო.
- შვილებზე იფიქრე! ეს რომ მართლაც მოხდეს, ერთ-ერთ ჩვენს ქალიშვილს დიდი ბედნიერება ელის. უნდა წახვიდეთ. მისტერ უილიამი და ლედი ლუკასიც მიდიან. მგონი იმათაც რაღაცის იმედი აქვთ, თორემ როდის იყო ახალ მეზობლებს სტუმრობდნენ. თუ არ წახვალ, ვერც ჩვენ წავალთ.
- სულ ტყუილად იკავებ თავს. მისტერ ბინგლის თქვენი ნახვა გაუხარდება. მე, ჩემდათავად, წინააღმდეგი როდი ვიქნები, თუ რომელიმე შვილის ხელს მთხოვს. ისე კი, ლიზის ვურჩევდი...
- რატომ? ლიზი არც არავისზე მეტია და არც ნაკლები. ის კი არა, ჯეინი უფრო ლამაზია და ლიდია უფრო მხიარული. შენ ლიზი მაინც გამორჩეულად გიყვარს.
- არც ერთი არ უქნია ღმერთს! - უთხრა მისტერ ბენეტმა, - ხუთივე უტვინოა! მაგრამ დანარჩენებთან შედარებით ყველაზე გონიერი მაინც ლიზია.
- ასე აუგად რატომ ახსენებ შენს ქალიშვილებს და რატომ მაბრაზებ? ჩემს ნერვებს რატომ არ უფრთხილდები!..
- ცდები, ჩემო კარგო, შენს ნერვებს უდიდეს პატივს ვცემ, - სულ ცოტა, ოცი წელიწადია, რაც მათთან დამამეგობრეთ.
- თქვენ არ იცი, რას განვიცდი.
- არა უშავს, ძვირფასო, მაგასაც მოერევი და დიდხანს იცოცხლებ, რომ კიდევ ბევრი ასეთი ახალგაზრდა კაცი გაიცნო, რომელიც მეზობელ მამულს იყიდის და საარაკო სიმდიდრის პატრონი იქნება.
- ჰო, მაგრამ შენ თუ არ ესტუმრები, რა აზრი აქვს... ოცი მაგისთანა ყმაწვილიც რომ ჩამოესახლოს.
- კარგი, ძვირფასო, როცა ოცივე შეგროვდება, ყველას ერთად ვესტუმრები.
მისტერ ბენეტმა ხუმრობა, სარკაზმი და თავშეკავებული ახირება ერთმანეთს ისევ მოხდენილად შეუზავა. ასეთი რთული ხასიათის ამოსაცნობად ოცდასამწლიანი თანაცხოვრება როდი კმარა. მისის ბენეტი კი გულმარტივი, სულმდარე და ცოტა უმეცარიც იყო. რამე რომ არ აკმაყოფილებდა, ნერვების მოშლას იმიზეზებდა ხოლმე.
ქალიშვილების გათხოვება ცხოვრების მიზნად აქცია. სტუმრად წასვლა და წაჭორავება ხომ შვება იყო მისთვის.