წიგნი და სათაური წიგნის სათაური ნახევარი საქმეა, ძალიან ბევრს ნიშნავს. ბევრი კარგი წიგნი გაუფუჭებია სათაურს. ჯეინ ოსტინს უყვარდა პოეტური სათაურები, ერთმანეთთან რითმაში, ალიტერაციაში, ასონანსში შესული სიტყვების გამოყენება, უმთავრესად, წყვილის. მსოფლიო ლიტერატურის ამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სერიოზული შედევრის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნის ორი თარგმანი გვქონდა ქართულ ენაზე და ორივეგან სათაური იყო პრობლემა. „სიამაყე და ცრურწმენა“, უბრალოდ, არ ასახავს იმას, რაც რომანში წერია და ამიტომ ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა ერქვას ამ წიგნს. „სიამაყე და მცდარი აზრი“ უფრო სწორია, მაგრამ – მოუხერხებელი. Pride and Prejudice ძალიან ლამაზი სათაურია – ორი შესანიშნავი ტაქტი და ალიტერაცია, ფაქტობრივად, ლექსი. სინამდვილეში, ადრე დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, ეს არის ორი მთავარი მოქმედი პირის სახელი, ისევე, როგორც იყო „რომეო და ჯულიეტა“, „ტრისტან და იზოლდა“. „ვეფხისტყაოსანიც“ ხომ ნესტანი და ტარიელია, ისევე, როგორც Pride and Prejudice არის მთავარი გმირების ხასიათის შესატყვისი ცნებები.
რატომ არის ამპარტავანი მისტერ დარსი? იმიტომ, რომ ის არის მდიდარი და ძალიან მაღლა დგას სოციალურ კიბეზე. ქალი, რომელიც მოსწონს, არ არის მისი შესაფერისი სოციალური თვალსაზრისით, მაგრამ ახლობელია ემოციურად და ინტელექტუალურად. დარსი პირდაპირი კაცია და ეუბნება ამ ქალს, არ შემეფერებითო, რაც ცუდი მოსასმენია ქალისთვის. თავის მხრივ, ელიზაბეთ ბენეტსაც წინასწარ შექმნილი, აკვიატებული, ამოჩემებული აზრი აქვს დარსის შესახებ. იგი დარწმუნებულია, რომ დარსი არის ქედმაღალი, ცივი და უაზროდ ამპარტავანი ადამიანი. მაგრამ, ამავე დროს, ელიზაბეთ ბენეტი არის ქალი, რომელსაც მხოლოდ ამოჩემება კი არ შეუძლია, არამედ, როცა ხდება გარდატეხა, ახერხებს, დაამარცხოს თავისივე ამოჩემება და დაინახოს დარსი ისეთი, როგორიც იგი არის – კეთილშობილი, მართლა ძალიან ფაქიზი, სულ სხვა კაცი, რომელიც ამპარტავნობის ტყავშია გახვეული. ასე რომ, საბოლოოდ, ბენეტიც არ არის ამომჩემებელი ქალი. ის საკმაოდ ნაზი და დამყოლი არსებაა, რომელიც ასევე ერთგვარ მატყუარა გარსშია გახვეული.
ეს არის ბრწყინვალე წიგნი იმაზე, როგორ ამარცხებს დიდ ბრძოლაში სიყვარული ამპარტავნობასა და ამოჩემებას. როგორ დამთავრდება რომანი, წინასწარ აცხადებს სწორედ ეს სათაური. ამიტომ ეს კარგი სათაურია.
ვიცი ქართველი მკითხველის ამბავი – მოსალოდნელია „რა სისულელეა“ და მსგავსი შეფასებები, რადგან „ამოჩემება“, ალბათ, არ არის ყველაზე მოხდენილი და ლიტერატურისთვის საყვარელი სიტყვა. მაგრამ ის მაქსიმალურად ზუსტად გამოხატავს არსს. ამასთან, მთარგმნელმა შეძლო და ამ ფორმაში, ნაწილობრივ მაინც, ასახა ავტორის მისწრაფება ალიტერაციისაკენ, რომელიც ასეთი მკაფიოა დედნის სათაურში Pride and Prejudice.ე „ამპარტავნობა და ამოჩემება“ ამ მხრივაც გაუმჯობესებული ვერსიაა და ეს არ არის პატარა ამბავი. რაც მთავარია, ამსათაურიან წიგნს რომ აიღებ, უკვე იცი, რაზეა ის.
შენიშვნები იქნება, მაგრამ ეს კამათი მხოლოდ წაადგება ამ წიგნის გადმოქართულების მცდელობებს. ძველი სათაურები უკვე ბევრი წელია დევს, ყველამ იცის, რომ ისინი არასწორია, ყველა ეძებს და, აი, ვიღაცამ ეს იპოვა. სხვებს შეუძლიათ გააგრძელონ ძებნა, არავინ დაუშლის. ამ დრომ და ამ დონემ აჩვენა ეს შანსი. თუ ვინმე უკეთეს შესატყვისს იპოვის, მასაც ექნება შანსი... ეს წიგნი 17-ჯერ თუ მეტჯერ არის ეკრანზე გადატანილი და ბოლო ორ ეკრანიზაციას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც ამ სათაურებს შორის.
საერთოდ კი, კამათს სჯობია, და ღმერთმა ქნას, დავწეროთ ამ ბრწყინვალე წიგნის მსგავსი წიგნები, რომლებსაც მთელ მსოფლიოში წაიკითხავენ.
ლევან ბერძენიშვილი,
ლიტერატორი