ნაწილი I -
თავი 1 ემა ვუდჰაუზი ლამაზი, ჭკვიანი და მდიდარი ახალგაზრდა ქალი იყო, კეთილმოწყობილი სახლისა და ხალისიანი გუნების პატრონი. მასში თითქოს თავი მოეყარა ყოფიერების ნარჩევ სიკეთეებს და ლამის უკვე ოცდაერთი წელი ამქვეყნად ისე გაეტარებინა, რომ ტკივილისა და ფორიაქის შესახებ პრაქტიკულად არაფერი იცოდა.
ემას მამას – ძალიან მოსიყვარულე, თვინიერ კაცს ორი ქალიშვილი ჰყავდა. დებს შორის უმცროსი ემა გახლდათ, რომელიც უფროსი დის გათხოვების შემდეგ მამისეულ სახლში ადრეული ასაკიდანვე დიასახლისობდა. დედა იმდენი ხნის წინ გარდაცვლოდა, რომ ემას მისი ალერსი ბუნდოვნად ახსოვდა, დედის ადგილი კი აღმზრდელს დაეკავებინა – არაჩვეულებრივ ქალს, რომლის მზრუნველობა და სითბო დედობრივს არაფრით ჩამოუვარდებოდა.
მის ტეილორს მისტერ ვუდჰაუზის სახლში ცხოვრების თექვსმეტწლიანი სტაჟი ჰქონდა და მეგობარი უფრო ეთქმოდა, ვიდრე აღმზრდელი. მას ვუდჰაუზის ორივე ქალიშვილი უყვარდა, თუმცა, ემა – გამორჩეულად. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ „აღმზრდელი“ ერქვა, მის ტეილორს თავისი დამყოლი ბუნება სიმკაცრის საშუალებას არ აძლევდა; მას მერე კი, რაც ავტორიტეტის ისედაც მკრთალი კონტურები წარსულს ჩაბარდა, ამ ორის სიახლოვე და ურთიერთსიყვარული დებისას გაუტოლდა. ემა მის ტეილორის აზრს უდიდეს პატივს სცემდა, თუმცა საკუთარ ცხოვრებას მაინც თავისი შეხედულებისამებრ განაგებდა; ყოველთვის იმას აკეთებდა, რაც მოეპრიანებოდა და მისი მდგომარეობის სიავეებიც სწორედ აქ იმალებოდა: მას ჰქონდა ჭარბი ძალაუფლება, მხოლოდ თავის ჭკუაზე ევლო და ჭარბი მიდრეკილება, საკუთარ თავზე საჭიროზე უკეთესი წარმოდგენა ჰქონოდა. ეს არასახარბიელო გარემოება კი მის არა ერთ ცხოვრებისეულ სიამეს ემუქრებოდა გაუფერულებით, თუმცა საფრთხე ჯერჯერობით იმდენად შეუმჩნეველი იყო, რომ ემასთვის უბედურების წყაროს ოდნავადაც არ წარმოადგენდა.
დარდის დროც მოვიდა. მსუბუქი დარდის. უსიამოვნო გამოფხიზლება ან რაიმეს მძაფრად გაცნობიერება ამას არამც და არამც არ მოჰყოლია. მის ტეილორი გათხოვდა. ემა სწორედ უსაყვარლესი მეგობრის ქორწილის დღეს დაჯდა პირველად და სევდიან ფიქრებს მიეცა. ქორწილი დასრულდა, პატარძალი წავიდა, სტუმრები დაიშალნენ, ემა და მამამისი სუფრასთან ერთმანეთის ამარა დარჩნენ და არც იმის პერსპექტივა ჩანდა, რომ ვინმე მესამე გრძელ საღამოს გაუხალისებდათ. ნასადილევს მამა, ჩვეულებისამებრ, დასაძინებლად გაეშურა, ემას კი ისღა დარჩენოდა, დაფიქრებულიყო იმაზე, რაც ის-ის იყო, დაკარგა.
მისი მეგობარი უდავოდ ბედნიერი უნდა ყოფილიყო – მისტერ უესტონს, უნაკლო რეპუტაციის კაცს, ქონება დამოუკიდებლად ეშოვნა, ასაკიც შესაფერისი ჰქონდა და მანერებიც – სასიამოვნო. ემას კმაყოფილებას ჰგვრიდა იმის გაცნობიერებაც, რომ თავად ერთობ უანგარო, წრფელი, მეგობრული გრძნობით გულშემატკივრობდა ამ ქორწინებას და მეგობრის გაბედნიერებას თავგამოდებით უწყობდა ხელს; მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ამ ამბავმა მეტად დაადარდიანა; მის ტეილორი პირველსავე დღეს მოისაკლისა. ახსენდებოდა, როგორ ასწავლიდა, როგორ ეთამაშებოდა ხუთი წლისას; ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ მასში ცნობისმოყვარეობა გაეღვივებინა; ართობდა, როცა ემა ჯანმრთელად გრძნობდა თავს, და დედობრივი მზრუნველობით უვლიდა, როცა სხვადასხვა საბავშვო ავადმყოფობას იხდიდა. თუნდაც მხოლოდ ამის გამო უნდა ყოფილიყო მისი უზომოდ მადლიერი და მისგან დავალებულიც, მაგრამ ემას კიდევ უფრო ძვირფასი, სათუთი მოგონება უკანასკნელ შვიდ წელს უკავშირდებოდა – ყოვლად თანასწორი და გულახდილი ურთიერთობის პერიოდს, რომელიც თითქმის იზაბელას გათხოვებისთანავე დაიწყო, როცა ემა და მის ტეილორი ერთმანეთის ამარა დარჩნენ. ასეთი მეგობარი და თანამგზავრი გარშემო ცოტას თუ ჰყავდა: ჭკვიანი, განათლებული, პრაქტიკული, მოსიყვარულე, ოჯახური წვრილმანების უბადლო მცოდნე და ემას ყველა სიხარულისა თუ წამოწყების თანაზიარი. ემას მასთან ნებისმიერი თემის განხილვა შეეძლო; შეეძლო გაემხილა ყოველი უმნიშვნელო აზრი, რაც კი თავში მოუვიდოდა. ამ ქალს ისე უყვარდა ემა, რომ მასში ვერავითარ ნაკლს ვერ ამჩნევდა.
სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მის ვუდჰაუზი გრძნობდა, რომ უმისობა ძალიან გაუჭირდებოდა. მართალია, მეგობარი სულ რაღაც ნახევარი მილის მანძილზე დასახლდა, ემა ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ასევე ნახევარი მილის იქით მცხოვრებ მისის უესტონსა და მათ სახლში მცხოვრებ მის ტეილორს შორის სხვაობა უდავოდ დიდი იყო. გარდა ამისა, ყველა – თანდაყოლილი თუ შეძენილი – პრივილეგიის მიუხედავად, ნამდვილი ინტელექტუალური სიმარტოვე ემუქრებოდა. მამა ძალიან უყვარდა, მაგრამ მეგობრად ვერ გამოადგებოდა, მისტერ ვუდჰაუზი ქალიშვილს ვერც ცელქ საუბრებში აჰყვებოდა და ვერც – ჭკვიანურში.
ასაკობრივი სხვაობით განპირობებულ მეტად არახელსაყრელ ვითარებას (მისტერ ვუდჰაუზი ახალგაზრდა არ დაქორწინებულა) მამის არასახარბიელო ფიზიკური მდგომარეობა და ზნე-ჩვეულებებიც ამწვავებდა. სუსტი ჯანმრთელობის მქონე და მთელი ცხოვრება სწორედ ჯანმრთელობის საკითხებით შეპყრობილი მისტერ ვუდჰაუზი გონებისა და სხეულის აქტივობით საერთოდ არ გამოირჩეოდა, რის გამოც თავის ასაკთან შედარებით, კიდევ უფრო მოხუცი ჩანდა; მართალია, თბილი გულისა და კეთილშობილური ბუნების წყალობით ყველას უყვარდა, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული ნიჭითა