თავი 1 ვკრთები. ჩვარი, რომელსაც მიწვდის, სუფთაა, მაგრამ მაინც სისხლის სუნი ასდის. ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მთელი ტანსაცმელი სისხლით მაქვს მოთხვრილი. რა თქმა უნდა, წითელი მე მეკუთვნის, ვერცხლისფერი კი - სხვებს: ევანგელინს, პტოლემუსს, დიდგვაროვან ნიმფას, ყველა მათ, ვინც არენაზე ჩემს მოკვლას ცდილობდა. ალბათ, მათ შორის კალის სისხლიცაა. ოთხი ჯალათისგან დასერილ-დალურჯებულმა ქვიშაზე ბევრი სისხლი დაღვარა. ახლა ჩემ წინ ზის და თავის ფეხებს დასჩერებია, აცდის, რომ მისმა ჭრილობებმა ბუნებრივად შეხორცება დაიწყოს. ჩემს მკლავებზე უამრავ ჭრილობას შორის ერთ-ერთს შევავლე თვალი, რომელიც, ალბათ, ევანგელინმა მომაყენა. ახალი ჭრილობაა, მეტისმეტად ღრმა საიმისოდ, რომ ნაიარევი დამიტოვოს, რაც გულის სიღრმეში მახარებს კიდეც. ამ დაკლაკნილ იარას ჯადოსნურად ვეღარ განკურნავს მკურნალის ცივი ხელები. მე და კალი ვერცხლისფერების სამყაროში აღარ ვართ, რომ ვინმემ დამსახურებულად მიღებული ჭრილობები გაგვიქროს. ჩვენ იქაურობას თავი დავაღწიეთ. ყოველ შემთხვევაში, მე მაინც. კალის ხელბორკილი ცხადყოფს, რომ ტყვეა.
ფარლი ხელზე საოცრად ნაზად მეხება.
- სახე დამალე, ელვა-გოგონა. ისინი სწორედ მას ეძებენ.
ამჯერად მის ნათქვამს ვემორჩილები. სხვებიც მბაძავენ და ცხვირ-პირზე წითელ ქსოვილს იფარებენ. მხოლოდ კალს მოუჩანს სახე, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება. ის ფარლის არ ეწინააღმდეგება, როდესაც ეს უკანასკნელი ნიღაბს უკეთებს და კალიც ჩვენისთანა ხდება.
ნეტავ მართლა ჩვენისთანა იყოს.
ელექტრონის ზუზუნი სისხლს მიჩქროლებს და ღრჭიალა მიწისქვეშა მატარებლის პულსაციას ვგრძნობ. მიდის, მივყავართ ქალაქისკენ, რომელიც ერთ დროს თავშესაფარი იყო. მატარებელი გაჰკივის, უძველეს ლიანდაგებზე მიქრის, როგორც ვერცხლისფერი ფეხმარდი რაში ტრიალ მინდორზე. ფოლადის ჭრიალს ვუსმენ, ძვლებში ატანს, სადაც გამყინავი ტკივილი ჩამსახლებია. ის სიშმაგე და ძალა, რომელიც არენაზე ვიგრძენი, შორეულ მოგონებად მეჩვენება, მან მხოლოდ ტკივილი და შიში დამიტოვა. ძნელი წარმოსადგენია, კალი რას ფიქრობს. მან ყველაფერი დაკარგა, ყველაფერი, რაც მისთვის ოდესმე ძვირფასი იყო: მამა, ძმა, სამეფო... არ ვიცი, როგორ ახერხებს თავის შეკავებას, მხოლოდ მატარებლის რყევისას ირხევა.
არავინ მეუბნება, რატომ ვჩქარობთ. ფარლი და მისი მცველები, ზამბარებივით რომ დაჭიმულან, ამის ასახსნელად სავსებით საკმარისია. ჩვენ ისევ გავრბივართ.
მეივენი ადრე ამ გზით მოვიდა და კიდევ მოვა, ამჯერად მისი ჯარისკაცების, დედამისის, მისი ახალი სამეფოს მთელი მძვინვარებით. გუშინ ის პრინცი იყო, დღეს კი მეფეა. მეგონა, ჩემი მეგობარი იყო, ჩემი საქმრო, მაგრამ ახლა დაუძინებელი მტერია.
ერთხელ უკვე ვენდე, ახლა ვიცი, რომ უნდა მძულდეს და მისი მეშინოდეს. ტახტის გამო მამამისის მკვლელობას შეუწყო ხელი და დანაშაული ძმას გადააბრალა. იცის, რომ რადიაცია, დანგრეულ ქალაქს რომ ერტყმის გარს, სიცრუეა, ხრიკი, და ისიც იცის, ჩვენს მატარებელს საით გაუწევია. ფარლის აშენებული თავშესაფარი უსაფრთხო აღარ არის ჩვენთვის.
შენთვის.
შეიძლება ახლა ხაფანგისკენ მივიწევთ მთელი სისწრაფით.
ვიღაცის ხელი მეხვევა, გრძნობს, რომ ვღელავ. შეიდი. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ ჩემი ძმა აქ არის, ცოცხალია, და რაც ყველაზე უცნაურია, ჩემნაირია. წითელიც და ვერცხლისფერიც - და ორივე მათგანზე უფრო ძლიერი.
- შენი წაყვანის უფლებას აღარავის მივცემ, - ბუტბუტებს ისე ხმადაბლა, რომ ძლივს მესმის. როგორც ვხვდები, აქ დაშვებული არ არის ვინმეს ერთგულება, გარდა „ალისფერი მცველისა“, თუნდაც ეს ვინმე ოჯახის წევრი იყოს, - გპირდები.
მისი აქ ყოფნა მამშვიდებს, წარსულში მაბრუნებს, ჯარში მის გაწვევამდე, წვიმიან გაზაფხულზე, როდესაც ჯერ კიდევ შეგვეძლო თავის მოკატუნება, რომ ბავშვები ვიყავით. არაფერი არსებობდა, გარდა ტალახისა, სოფლისა და მომავლის უარყოფის ჩვენი სულელური ჩვევისა. ახლა კი მხოლოდ მომავალზე შემიძლია ფიქრი. ნეტავ წყვდიადით მოცულ რა გზას დავადექით ჩემ გამო?
- ახლა რა უნდა ვქნათ? - ვეკითხები ფარლის, მაგრამ კილორნს ვუყურებ. ის ფარლის გვერდით უდგას, როგორც ერთგული მცველი, კრიჭაშეკრული და სისხლიანი სახვევებით. ვინ იფიქრებს, რომ ცოტა ხნის წინ მეთევზის შეგირდი იყო. შეიდივით თითქოს ისიც არ ეკუთვნის აქაურობას, ძველი დროიდან გადმოსული აჩრდილია.
- გასაქცევი ყოველთვის არსებობს, - მპასუხობს ფარლი, თან კალს თვალს არ აცილებს.
ელის, რომ გაიბრძოლებს, წინააღმდეგობას გაგვიწევს, მაგრამ ის უძრავად ზის.
- ხელი არ მოაცილო, - ეუბნება ფარლი შეიდს და ხანგრძლივი დუმილის შემდეგ მისკენ ბრუნდება. ჩემი ძმა თავს უქნევს და მისი ხელის მტევანი ჩემს მხარზე მძიმდება, - მისი დაკარგვა დაუშვებელია.
არც გენერალი ვარ და არც ტაქტიკოსი, მაგრამ მისი მსჯელობა ჩემთვის სრულიად გასაგებია. მე პატარა ელვა-გოგონა ვარ, ცოცხალი ელექტრობა, ადამიანის ფორმის ელვა. ხალხმა იცის ჩემი სახელი, იცნობს ჩემს სახეს და რა შემიძლია. ფასეული ვარ, ძლიერი, და მეივენი