პროლოგი - მაისი
ქედზე ვდგავარ. ვიცი, რომ რაღაც საშინელება ჩავიდინე, თუმცა არ მახსოვს, რა.
ერთი წუთის, თუნდაც საათის წინ ვიცოდი, ახლა კი გონებიდან გამიფრინდა. დროც არ მქონდა, ჩამეწერა და ახლა ის სამუდამოდ დაკარგულია. ვიცი, რომ უნდა დავიმალო, თუმცა არ ვიცი, რას ვემალები.
მთის ქედზე ვდგავარ, წარმოუდგენლად ლამაზ, თოვლიან მიწაზე. შორს, ქვემოთ, ვრცლად გადაჭიმული ზღვა მოჩანს. ნაპირზე ორი ნიჩბიანი ნავი ტივტივებს, მეორე ნაპირი კი არ ჩანს; ყველგან მთებია, სადამდეც თვალი სწვდება. ცა მუქი ლურჯია, მზე ციმციმებს. მიწა თხელი თოვლითაა დაფარული, თუმცა მცხელა, რადგან სქელი, ბეწვიანი ქურთუკი მაცვია. ნათელი ადგილია. შეუძლებელია აქაურობა ნამდვილი იყოს. მე ჩემში შექმნილ მიწაზე ვარ, აქ ვიმალები.
უკან ვიხედები და ქვემოთ, ნავების შორიახლოს, ქოხს ვამჩნევ. მე მას გამოვექეცი და ბორცვზე ამოვედი, იმ რაღაცას გამოვექეცი, რაც ქოხშია. მაგრამ აქ მარტო ყოფნაც სახიფათოა - ვგრძნობ, რომ საფრთხე მემუქრება.
ჯობია, ველურ ბუნებას შევაფარო თავი, ვიდრე პირისპირ შევეჩეხო იმას, რაც ქოხშია.
ირგვლივ ერთი ხეც კი არაა, ამიტომ ქედი უნდა გადავიარო და დასამალი ადგილი ვიპოვო. როდესაც ამას გავაკეთებ, უკვე ველურ ბუნებაში ვიქნები. მხოლოდ მე, მთები, კლდეები და თოვლი... ვემზადები და ქურთუკის ჯიბიდან ორ ბრტყელ ქვას ვიღებ. წარმოდგენა არა მაქვს, ამას რატომ ვაკეთებ, მაგრამ ვიცი, ეს აუცილებელია. შავი ქვებია და ორივე იდეალურად მეტევა ხელის გულზე. ხელს ვიქნევ და ქვებს ერთმანეთის მიყოლებით ვისვრი, შეძლებისდაგვარად ძლიერად და შორს. ქვები თოვლით დაფარულ კლდეებში უჩინარდება და სიმშვიდე მეუფლება.
მალე ვეღარავინ მომაგნებს. სამალავს ვიპოვი და იქ ვიქნები მანამ, სანამ არ გავიხსენებ, რა ჩავიდინე. არ მაღელვებს, ეს რამდენ ხანს გასტანს, თუნდაც ამ გასიპულ ადგილზე მთელი დარჩენილი ცხოვრების გატარებამ მომიწიოს.