ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება 8 ნომერი ავტობუსი იყო საშინლად აყროლებული
და ასეთივე იყო იმ დღეს ნომერი სამოცდაათიც –
სიყვარულის დამთავრების მეორედღისნაირი.
არც უსაფრთხოების სარკმელი გაიღო, ვიღაც კაცი რომ
ცუდად გახდა.
ჩვენ ის ტურტლიან იატაკზე დავაწვინეთ და
მოვასულიერეთ.
მთავრობა – გავლანძღეთ.
მე ჩემი თავიც მივაყოლე,
ავტობუსით მგზავრობა რომ გადავწყვიტე.
ვთქვი, ამ ამბის გამო, ერთ ლექსს ხომ დავწერ
უნიათო პრეზიდენტებსა და მინისტრებზე!
მეორე დღეს, ვინმე ინტელექტუალი ოპოზიციონერი
გულებს დამიწერს.
მთავრობა კი გამოაცხადებს, რომ მიკერძოებული
პოეტი ვარ.
პოეზიის მოყვარულები წლების მერე იტყვიან, რომ
მე მოქალაქე პოეტი ვიყავი.
თუ მოვესწარი, მხარზე ხელსაც დამიტყაპუნებენ,
რამე იუბილეს მომიწყობენ,
სცენაზე შემოდგმულ ყვავილებს კუბოს მიდგმა რომ
დაამშვენებდა.
ჟურნალისტები სიუჟეტს მოამზადებენ ჩემს მშობლიურ
სოფელზე,
სადაც 40 წელია არ ვყოფილვარ.
ვფიქრობდი ასეთ სისულელეებზე ავტობუსში,
რომელიც მირახრახებდა ღარიბი ქვეყნის უღიმღამო
ქუჩებში.
სადაც ისეთი მოწყენილი ხალხი იჯდა,
როგორიც ასი წლის ბებიაჩემია,
ავადმყოფი შვილის საწოლთან მიმჯდარი.
ისხდნენ ადამიანები
უხერხულად დაწყობილი ხელებით მუხლებზე,
ითვლიდნენ ხურდებს და არსად მიდიოდნენ.