(გა) თავისუფლება მე მგონი, გაშვების ნიჭი ცალკე ნიჭია.
ადამიანების ჩვენგან გაშვებაზე ვლაპარაკობ. ცხრაკლიტულის გაღებაზე და მათთვის გზის ჩვენებაზე. ოღონდ ისე, გასაღებს რომ ცხრა მთას იქით მოისვრი. აი, აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი - აირჩიე, ეტყვი. არჩევანის მიცემა - თავისუფლების სიყვარულის სწავლებაა. თავისუფლების სიყვარული კიდევ მუდამ დაბრუნების გარანტია მგონია. ვიცი, უძნელესია. ყველას გამოგვიცდია. არ გვინდა მოვიგლიჯოთ, არ გვინდა სხვისი გახდეს. საქმეც ესაა - ჩვენგან წასვლა უპირობოდ მისი სხვისად ქცევა გვგონია. თუ ჩვენს შემოხაზულ წრეს გადასცდა, უცხოდ ვაქცევთ და თავს მიტოვებულების გრძელ რიგში ვაყენებთ.
აი, გავზარდე. აი, ვასწავლე. აი, ჩავაცვი. რა შემეშალა? აი, ამ ფოტოზე როგორ მეხვევა, აი, რჩევას სულ მე მეკითხებოდა. რა შემეშალა? საკუთარ თავს ვიღრღნით ხოლმე შიგნიდან, როცა სიმართლის აღიარებაზე თავიდანვე უარი გვაქვს გამოცხადებული. ჩვენთვის სწორი გზა ერთია - ისინი ჩვენგან არ უნდა მიდიოდნენ. მხოლოდ დროებით უნდა შორდებოდნენ ჩვენს კალთას და მალევე, ჩვენი გადახდილი ფულით მიღებული ცოდნით ბრუნდებოდნენ უკან. სხდებოდნენ ჩვენს ფეხებთან და გვივლიდნენ. სხდებოდნენ ხელის გაწვდენაზე და ახლა მათი შვილების გაზრდას ვიწყებდეთ. სხდებოდნენ ისე ახლოს, რომ ვეღარასოდეს მივხვდეთ - ისინი გაიზარდნენ.
გაშვება - საკუთარი თავის ხელახლა პოვნაც მგონია. თითქოს რაღაც მისიას შეასრულებ. გააჩენ და გამოზრდი, მერე კი ზურგის ქარს გამოიძახებ ჯადოქრული ძალებით და ერთ ახალ ადამიანს მისცემ სამყაროს. შენ კი, იმაზე იწყებ ფიქრს, რა დაგრჩა კიდევ შესაქმნელი, დასამთავრებელი. შენი თავის დასამარხ პარკუჭს კი არ იქსოვ გარშემო, მშვიდად იწყებ შენი გაშვებული ადამიანით გაბედნიერებას და შენი ხელახალი თავისუფლებით ტკბობას. მთავარია, გაიხსენო, რომ ეს თავისუფლება ერთხელ დაკარგე, როცა ადამიანი გააჩინე.
მე მგონი, გაშვება მართლა ნიჭია. და კიდევ იმის აღიარება, რომ ის ჩვენი საკუთრება აღარ არის. რომ მას - შეუძლია იცხოვრობს დედამიწის ნებისმიერ კუთხეში, რომელსაც აირჩევს და ჰყავდეს ისეთი ადამიანი გვერდით, როგორსაც აირჩევს. ჩვენ არ უნდა ვუწესებდეთ, ჩვენ არ უნდა ვამოწმებდეთ, ჩვენ არ უნდა ვაყურადებდეთ - მათი ცხოვრებაა, სხვა ადამიანების, რომლებიც უბრალოდ ჩვენგან გავიდნენ, როგორც ძალა. როგორც ენერგია.
გაშვებაზე მეც ჩემმა ამბავმა დამაფიქრა. როცა ჩემი ადამიანიც ერთ დღეს წავიდა, მეც გავიფიქრე, რომ ღალატი იყო. წასვლა - ცოტათი დანაშაულიც. ბევრი ვიდარდე და ვუყურე ცას, რომელსაც გაჰყვა. ბევრი ვიფიქრე და თავი დავიიმედე, რომ თუ ვალდებულებებს შევახსენებდი, დაბრუნდებოდა, მაგრამ ერთ დღეს, იქნებ ერთ ცას შეჩერებულ დღესაც მივხვდი, რომ ის, სხვა გრძედსა და განედზე იყო ბედნიერი. და მე არ მქონდა არანაირი, არანაირი უფლება მეფიქრა მასზე, როგორც ჩემი, ჩვენი ოჯახის საკუთრებაზე.
ის ბედნიერია, მშვიდობიანად ცხოვრობს სხვა ქვეყნის სხვა ქალაქში. ხანდახან მოდის, მერე ვაცილებ. მაგრამ დედაჩემს და მამაჩემს დღემდე ჰგონიათ, რომ რაღაც სადღაც შეეშალათ. მე კი ვარწმუნებ, რომ ერთმანეთი უნდა გავათავისუფლოთ, რადგან იმ დღის შემდეგ, რაც ჩვენ დავტოვეთ მათი სხეულები, ჩვენ გავხდით თავისუფალი ადამიანები. ვცდილობ, ავუხსნა, რომ არ არსებობს არც ერთი მიზეზი, რაც ადამიანებს ერთმანეთზე ხელოვნურად მიაჯაჭვავს. და რომ სამყარო აღარ არის ისეთი დიდი და უკონტაქტო როგორც ადრე.
მე მათ ჩვენს გათავისუფლებას ვასწავლი. და საკუთარი თავისუფლების შეყვარებას.
და ისეთი სიყვარულის მიღებას, რომელიც ერთი სახლის რამდენიმე ოთახში არ არის გამომწყვდეული.