მოტივი რადგან ვერ ვნახე უკეთესი თავშესაქცევი –
ამ აფეთქებულ სამყაროში სტრიქონს ჩავცქერი.
მეტი აზარტით მსხვილ ბანკნოტებს და ბანქოს დასტას
ჩაყურებს ბევრი, მაგრამ ლექსი ძვალ-რბილში ატანს.
თავის დროს უცდის, რომ მოგძებნოს, აგეკვიატოს.
მისთვის არც ადრე არ არსებობს და არც გვიან. დროს
ითვლის პირველი ბგერიდან და თანხმოვანს, ხმოვანს,
ყველა ამბავს და უამბობას, რაც უსახსოვრა –
ერთმა გონებამ – ყველა შემდეგს – იბეჭდავს სწრაფად,
სულსწრაფად, ვიდრე მელოდიას გაჰყვება ძაბვა.
და თავისთავად ჩნდება რიტმი, ეწყობა პაზლი
და აქაც მხოლოდ აზარტია მთავარი აზრი.
ტყვია-წამალი, შაშის დაფა, ფქვილის საცერი –
უთვალავია ალბათ მსგავსი თავშესაქცევი,
მაგრამ სტრიქონი მოვძებნე და ისე ჩავცქერი,
თითქოს ეს არის – დასარჩენი და გასაქცევი.