***
(სახლის მცენარეს რა შეუძლია?) სახლის მცენარეს რა შეუძლია?
წყალს თუ დაუსხამ – მწყურვალს, უძინარს –
ფესვებით გაშლის ქოთანში ლოცვანს.
თუ არ დაუსხამ – მაინც ილოცებს –
ხველებ-ხველებით, გვალვის ბრონხიტით –
ოთახის ჰაერს მოხვეტავს ბორცვად.
მინდვრის ნარგავებს, ველურ არსებებს –
თუ უწყალობებ წვიმებს – მოსვამენ,
თუ მოაწყურებ – კისრებს დახრიან.
ვინც კი მშიერი სადმე დაგრჩება,
რომც გაგიბედოს და შემოგღრინოს –
მხოლოდ საკუთარ არსებას დახრავს.
სარჩოს – სარჩოსთვის რომ ანაწილებ –
შენი ხორბალი, მხეცი, ფრინველი –
ერთ უზარმაზარ ქვაბში ირევა.
ფოთოლი, ფრთა და ბრჭყალი ყოველი –
სრულქმნილებისთვის გამოყვანილი –
დანაყრებისთვის მაინც მცირეა.
რომ არ გყოლოდი თავისუფალი –
სიყვარულიდან გაზრდილი შიში –
დაკარგვის შიში – ჩემზეც დაგეშე.
ახლა თითების ბალიშებიდან,
თმის ღერებიდან, კიდურებიდან –
ეს შიში ჟონავს და არ გამიშვებს.