თავი 1 - როცა ცხოვრებაში ერთხელ გაგიმართლებს, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვა
„ხუთი წლიდან მეგობრები ვართ, როქსანა, და ახლა მხოლოდ ის ხუთი წელი მაგონდება შენ გარეშე, მაგრამ...“
აი, საიდან დაიწყებოდა ახალი გვერდი. და იდეალურ სამყაროში, როქსის ამაში გარკვევას ვთხოვდი. რაღაცას დახატავდა ან მხოლოდ მონახაზს გააკეთებდა, საუკეთესო შემთხვევაში, ჩამქრალი ნაკვერჩხალი აინთებოდა და ზუსტად მეცოდინებოდა, რა იქნებოდა შემდეგ. მე ის მჭირდება. მჭირდება, იმის გარკვევაში დამეხმაროს, როგორ ვუთხრა, რომ მიყვარს.
ვიცი, როგორი შეგრძნებაცაა: ეპიკური, მაგრამ ტკბილიც. სუპერგმირული ფილმის რომანტიკული სიუჟეტური ხაზივით. „ადამიანი ობობაში“ ნაჩვენები კოცნასავით წვიმაში. მაგრამ იმის ცოდნა, რომ რაღაც უნდა გადმოსცე და ეს აუცილებლად უნდა გააკეთო, საოცრად ძნელია. ნებისმიერ მწერალს ჰკითხეთ.
ტუმბოზე ჩემი ტელეფონი ზუზუნებს, ჩვეულებრივზე დიდხანს. ზარი შეტყობინების მაგივრად? ეკრანზე როქსანას ნაჩქარევად დახატული ავტოპორტრეტი ჩნდება და აუხსნელ პანიკას ვგრძნობ, წინადადებები გონებაში ისე ამოდის, როგორც ეკრანზე: „ღმერთო, ალბათ რაღაც მოხდა და ამიტომ მირეკავს; მოკვდა თუ უფრო უარესი? ღმერთო, შეყვარებული ჰყავს და ქორწინდებიან?..“
ვცდილობ ამ სულელურ აბდაუბდას საუბრის დროს თავი ავარიდო, მაგრამ, როგორც ირკვევა, საერთოდ ვერაფერს ვამბობ.
– გრეჰემ, გრეჰემ, გრეჰემ, აბა, თუ გამოიცნობ, რა მოხდა? ის ჩამოდის! – სულს ძლივს ითქვამს, როგორც ჩემი ნახევარდა სპორტულ შეჯიბრებაზე, მე კი აზრზე არა ვარ, რაზე ლაპარაკობს, თუმცა მაინც ვიღიმი. ალბათ მისი საყვარელი ბრიტანული ტელეშოუს რომელიმე ვარსკვლავი ბროდვეიზე ჩამოსვლას აპირებს. ანგარიშს შევამოწმებ იმის გასარკვევად, შევძლებ თუ არა უახლოეს მომავალში ბილეთის ყიდვას. აიპედს ვიღებ და ბანკის აპლიკაციაზე ვაწკაპუნებ.
– ვინ... – ვიწყებ, მაგრამ დასრულებას არ მაცდის.
– რ ო ბ ე რ ტ ც ი ნ კ ი.
პაროლის შეყვანას გაოცებული ვწყვეტ.
– ჩამოდის?
სად ჩამოდის? ალბათ ლონგ-აილენდში ან შეერთებული შტატების აღმოსავლეთში არა? ან კიდევ რუკაზე არსებულ რომელიმე ადგილას. ცინკი 1995 წლის 3 ნოემბრის მერე არავის უნახავს, მასთან ინტერვიუს ჩაწერასა და ფოტოს გადაღებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. არ უნახავთ ხუთი წლის წინაც კი, როცა „ალთინას ქრონიკები“ გადატვირთეს; ნახევარი წლის წინაც, როცა, როგორც იქნა, კინოადაპტაცია დაანონსდა, სამსახიობო შემადგენლობაც გამოცხადდა და გადაღებებიც დაიწყო.
– კომიკ-კონზე. ნიუ-იორკში. მიდი, შეამოწმე. რაღას უცდი.
ლეპტოპი გავხსენი და z-men.net-ი ჩავწერე. ფორუმის პირველი შეტყობინება მთავრული ასოებით სწორედ ის იყო, რაც როქსიმ ეს-ესაა მითხრა.
არც კი მჯერა. რობერტ ცინკი, ჩემი საყვარელი სერიალის შემქმნელი და კომიქსური სამყაროს სელინჯერი, როგორც იქნა, გამოჩნდა. ექსკლუზიურ 45-წუთიან პრესკონფერენციას დათანხმდა, თან საჯაროს ნიუ-იორკის კომიკ-კონზე... და ეს სამ კვირაში იქნება.
სულ რაღაც ერთსაათიანი მგზავრობა მატარებლით. როქსისა და მე შაბათ-კვირის ბილეთები უკვე გვაქვს, თუმცა...
– პარასკევსაა, – მეუბნება როქსანა სკეპტიკურად. – 3 საათზეა, – ჩამკვდარი ხმა აქვს. – გგონია მშობლები სკოლას გაგაცდენინებენ?
– ეს ცხოვრებაში ერთხელ ხდება... – დავარწმუნე მე. – ჩვეულებრივ ცხოვრებაში კი არა, „დროის მბრძანებლის“ ცხოვრებაში.
– რა თქმა უნდა. ეს ვიცი. შენც იცი. მაგრამ დედიკოსა და მამიკოსთვის ამის ახსნა... – მესმის, როგორ ამოიოხრა. – მაგრამ მაინც ვცდი. ყველანაირად შევეცდები.
ამასობაში, NYCC-ის ვებგვერდზე მოუთმენლად დავაწკაპუნე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე შეგუებული ვიყავი იმას, რომ პარასკევის ბილეთები გაყიდული იქნებოდა (ასეც იყო). კარგი, ამაზე მოგვიანებით ვიზრუნებ. ახლა კი ის უნდა გავარკვიო, როგორ მოვხვდე პრესკონფერენციაზე.
მხოლოდ სამი წინადადება ეწერა: „რობერტ ცინკი, ოდესღაც საკულტო „ალთენას ქრონიკების“ შემქმნელი, პრესკონფერენციაზე სოლომონ პირს-ჯონსონთან, მომავალი ფილმის „ალთენას ქრონიკების“ რეჟისორის, გვერდით იჯდება. ღონისძიებაზე დასწრება სპეციალური სამაჯურებით მოხდება, რომლებიც პარასკევ დილას ჯეტვის-ცენტრში, დილის ცხრა საათიდან გაიყიდება. თითო დამსწრეზე ერთი სამაჯური გაიცემა“.
– კარგი, – ვამბობ და ჩემი ტვინი ორგანიზაციულ გადატვირთვაში გადადის. როგორც კი ჰოლოგრამული პროექციები რეალობად იქცევა, ეს ის მომენტი იქნება, როცა ჩემი შუბლიდან დიდი ელექტრონული ცხრილი ამოვა. – 9 საათი იმას ნიშნავს, რომ რიგში ხუთშაბათს, ღამის ცხრა საათზე უნდა ჩავდგეთ. პირადად ეს ადრე არასოდეს გამიკეთებია, მაგრამ ვიცი, როგორც მუშაობს. თუ გაყიდვები დილით იწყება, თავგადაკლული ფანები მაშინვე რიგში ჩადგებიან, როგორც კი წინა ღამის შეკრება დასრულდება. სხვა რა არის კომიკ-კონი, თუ არა თავგადაკლული ფანების შეკრება?
როქსი ოხრავს, შემდეგ კი სიმწრით იცინის.
– რა პრობლემაა, არა? პარასკევს მარტო სკოლას კი არ გავაცდენ, იმის ნებასაც კი მომცემენ, რომ მთელი ხუთშაბათი ქუჩაში გავატარო. ნიუ-იორკში. ღამისთევით. ეს ხომ საოცარი მოვლენების დასაწყისია.
როქსის მეტად მკაცრი მშობლები ჰყავს. როგორც თავად ამბობს ხოლმე, ისინი „ზედმეტად სპარსელები“ არიან.
– რაღაცას მოვახერხებთ, როქსი. გპირდები,