მწვერვალი, საიდანაც უკან ვეღარ ბრუნდებიან თითქოს ნაცნობი მწერლის გულახდილი, მაშინვე ჩაწერილი ლაპარაკი:
„ თუ სწორად იარა, ეგ კარგი მწერალი იქნება...
ვითომ, რაღა უნდა შეეშალოს ამის მერე და...
სიყალბეებმა შეიძლება მოიმატონ და სინაღდეებმა დაიკლონ. ამ დროს რაღაც სიმაღლეზე ადიხარ და თუ იქ სუნთქვა აღარ გეყო, ვეღარ გაქაჩავ, უკან უნდა დაბრუნდე...
ეგ ადგილები უკვე გავლილი მაქვს და იქიდან ვიცი...
მაგ დროს მე გალოთების საშიშროება მქონდა და ძველმა მეგობრებმა გადამარჩინეს მაშინ, თორემ უკვე ციროზით და „ ცე “ ჰეპატიტით ვიქნებოდი მკვდარი. თუმცა ეს ძველი ამბავია, უკვე ჩავლილი...
ლოთობას არც ეხლა ვუკლებ?..
მე სადაც ვარ, აქ სუნთქვა ჭირს და წინ ძალიან ფრთხილად უნდა იარო, სიმთვრალე ვეღარ გიშველის...
ახლა უკვე ის სიმაღლეა, რომ ან დაიწერება დიდი წიგნი, ან ვერა და მოიტეხს კაცი კისერს...
უკან არ უნდა იყურო, რომ - აბა, რა გავაკეთეო... წინ უნდა გაიხედო, მწვერვალისკენ. სულ წინ უნდა იარო და თუ შეძელი და ახვედი იმ შენ მწვერვალზე, უკვე მორჩა, - შენი მიზანიც ეგ იყო და უკან დაბრუნებაზე აღარც უნდა იფიქრო, ვეღარ შეძლებ...
ეგეთი მწვერვალებიდან უკან ვეღარ ბრუნდებიან.
როგორ წიგნივით გელაპარაკები?...
მგონია, რომ მარტო მე მაქვს „ ყნოსვა “ , მაგრამ არაა ეგრე?
მთაში რომ ვიარებოდი, სუ აქერცლილი მქონდა ცხვირი მზისგან - მთის მზე სულ სხვანაირად მწველია ხოლმე... ალბათ, ყნოსვაც იქ მივაკარგე, ამპარტავნობასთან ერთად... მე მარტო ალპინისტების სიარული ვიცი, - როგორ უნდა იარო მთაში...
არა, არა, მე ვერ ვივლი გრაფ ტოლსტოისავით სტეპებში - გადაშლილ და უკიდეგანო ალაგებზე. მე ვერტიკალში ვმოძრაობ, - ან მაღლა-მაღლა უნდა ავიდე, ანდა ქვემოთ ჩავვარდე და, თუ კისერი არ მოვიტეხე, ისე ზემოთკენ გავაგრძელო სიარული...
იაპონელი მფრინავი- “ კამიკაძეები “ იყვნენ ეგრე მეორე მსოფლიო ომისას, - მარტო დანიშნულების პუნქტამდე უსახმდნენ ბენზინს, რომ მტრის გემებზე თავიანთი თვითმფრინავებიანად აფეთქებულიყვნენ... “