მერვე ტყვია მანსარდი, როგორც სენაკი
შალაბერ ბაკურ-იზნაურის დრამატრუგიულ-სასიყვარულო, ლამის თეატრალური თავგადასავალი დაიწყო სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის მისადგომებთან, სარეჟისორო ფაკულტეტის მისაღებ გამოცდებზე ჩაჭრის შემდეგ, რამაც ისე გაამწარა, რომ თუ რომელიმე სპექტაკლზე არ იყო, იჯდა და სულ პიესებს უკირკიტებდა ხოლმე.
ერთი სიტყვით, შალაბერი ისე გაიტაცა სასცენო ხელოვნებამ, დღესა და ღამეს პიესების ხმამაღალ კითხვაში და თეატრალურ კამათებში ატარებდა ნებისმიერ შემხვედრთან. ამას კი შედეგად ის მოჰყვა, რომ უძილობითა და ბევრი კითხვით მთლად შეიშალა და პიესების წერა დაიწყო, რაშიც ხელს ვერ უშლიდა სახურავიდან წვეთ-წვეთობით ჭერის საყრდენ ძელზე კაპა-კუპით ჩამოსული წვიმა და ვერც გაურკვეველი წარმოშობის წრიპინი, დროდადრო და დაჟინებით რომ ისმოდა იმის მანსარდში.
ეს მანსარდი ძველებური, ეზოიანი საცხოვრებელი სახლის სხვენში იყო გამართული და შედგებოდა: ერთი ობმოდებული ფანჯრისაგან, ტახტისაგან და ამ ტახტზე მუდამ მძინარე კატა „ ფალსტაფისაგან “ , ჭრიალა მაგიდისაგან, ფეხმოტეხილი სკამისაგან, გაურკვეველი დანიშნულების კარადისაგან, რომელიც პეპლის ფრთებიანი შუშებით იყო გამოტენილი და შესასვლელი კარისაგან.
ამ მანსარდს „ სენაკს “ ეძახდა შალაბერი, ხოლო პეპლის ფრთებიანი შუშებიდან კი მელანს ამზადებდა სიზმარში ნანახი ხერხით (რეცეპტი იხილეთ შალაბერ ბაკურ-იზნაურის „ დრამატურგის რვეულში “ : „ პეპლის ფრთების მტვერი გემოვნებით მოაყარეთ სასურველი ფერის მელანს და ეგ არი “ ) და ამ ჯადოსნური მელნით წერდა თავის პიესებს, რათა იმისი სიტყვები პეპლებივით ლაღად მოფარფატე ყოფილიყვნენ...
ასე რომ, გაზაფხულ-ზაფხულის განმავლობაში ქალაქის შემოგარენში პეპლების საჭერი ბადით მორბენალ კაცს თუ დაინახავდით, საგანგებო შუშებში რომ ჩასვამდა ხოლმე დაჭერილ პეპლებს, შალაბერ ბაკურ-იზნაური იქნებოდა, სხვა არავინ... …
დანარჩენ დროს, თუ თეატრებში არ დაწანწალებდა, სულ იმ თავის სენაკში იჯდა, პიესებს წერდა და რაკი „ ფალსტაფი “ ყურადღებას არ აქცევდა არავის, ბეისბოლის ხელკეტით თავად დასდევდა ხოლმე ვირთაგვებს...
თუმცა შალაბერ ბაკურ-იზნაური ვირთაგვებზე, როგორც ბედისწერისა თუ განგების ერთგვარ მინიშნებებზე სულაც არ ფიქრობდა, ქალღმერთებად გაეხადა ტრაგედიის ნიღბიანი მელპომენე და კომედიის ნიღბიანი თალია, - სწორედ ამათგან გამოელოდა თავისი პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლების ფურორებს და არანაირ ფიასკოზე არ უნდოდა ფიქრი.
დაბლა, ერთ ოთახიან ბინაში პენსიონერი დედა ჰყავდა, რომელიც სულ იმას ეხვეწებოდა, ცოლი მოიყვანეო...
შვიდი რეჟისორი (სამი-ოთხი მათგანის ცდომილებით)
წაიღებდა მორიგ პიესას კულტურის სამინისტროში. იქ დრამატული განყოფილების რედაქტორი, ბუბუსია ჩრდილელი ურჩევდა, რეჟისორი მონახეო და კომპიუტერის მონიტორზე ცნობარს ამოუშლიდა.
ესეც ჩაიწერდა თეატრების მისამართებს, რეჟისორთა გვარ-სახელებს, მობილ-ტელეფონის ნომრებს, ბინების მისამართებს. ლიტერატურული ნაწილის გამგეთა გვარსებსაც.
პიესას კომპიუტერში ააწყობინებდა, ერთ პირად ამოაღებინებდა, სამსაც ქსეროქსზე გადააღებინებდა, ეგრე უფრო იაფი გამოდიოდა და ოთხი ეგზემპლარი შეუგროვდებოდა.
დაიწყებდა ასლების ჩამორიგებას.
სავარაუდო სია, დაახლოებით, რამდენიმე რეჟისორის ცდომილებით (მაგალითად, იაგორ ოღიაძე ჩაძირული თეატრიდან, გიუნტერ ძალისელი რკინის კაცის თეატრიდან, ამირინდო მხეცია თანაავტორთა თეატრიდან და კახაბერ მარჩენკო თეატრ-მარანიდან), ასეთი იყო:
1. გულბაათ კუხნიტაშვილი – აბანოს კონსერვატიული თეატრი; მეტსახელად „ დასტური “ . საყვარელი გამონათქვამი: „ დასტურ, იცოცხლე, გენცვალე “ ; შეთავსებით, - გარეუბნის თეატრი, იქაური გამონათქვამი: იგივე.
2. ირემო ხაჟალია – ნელ-თბილი თეატრი, „ ტაშ-ტაშ-ტაშ-ტაშ-ტაშიი!.. “
3. სმოკუჭი ყაითმაზაშვილი – საპნის ქარხნის თეატრი; „ დადგას სხვამ და დავდგამ მეც “ .
4. ბიძო ჯონჯოლია – მოხეტიალე თეატრი, „ ჰო, კარგია, მაგრამ რა ვიცი?.. “
5. იასე ბუდუტაური – ზღვისპირა თეატრი, „ მაინც ვეძებოთ შავი კატა ბნელ ოთახში, გინდაც იქ არ იყოს “ .
6. გულვარდი კოჭიბროლაშვილი - ჩავლილი და ამოვლილი დროის გაღმა-გამოღმა თეატრი, „ თამაშ-თამაშ დოს მარილი აკლია “ .
7. აბიბო გობირეხვაძე – გიჟების თეატრი, „ ტიტანურია, არადა, თითქოს მომეწონა... “
ადრე იქნებოდა თუ გვიან, დაუბრუნდებოდა ხოლმე უკან ის თავისი პიესა, რომელთაც თან ერთვოდა ხან წერილობითი და ხან ზეპირი, თითქოს თავაზიანი ახსნა-განმარტება, თუ რატომ ვერ დაიდგმებოდა.
შალაბერ ბაკურ-იზნაურის „ დრამატურგის რვეულიდან “
*
დავრეკე გულბაათ კუხნიტაშვილის მეზობლებთან, რადგან თავად გულბაათის ნომერი ვერ გავიგე.
არავინ აიღო ყურმილი.
რამდენიმე დღის წინ დავტოვე გულბაათის მეზობელთან ჩემი პიესა, ბაზილიო ბერბერას ქუჩის 127 ნომერში, ნანავა როზეტასთან, გულბაათის მოპირდაპირედ რომ ცხოვრობს.
და ბაზილიო ბერბერა ვინ ოხერი იყო, რომ ქუჩას იმისი სახელი დაარქვეს, აზრზე არა ვარ.
წერილიც დავურთე, მთავარი როლების შემსრულებლებად წარმომედგინა მისი წამყვანი მსახიობები.
პირადადაც ვნახავდი, მაგრამ ბატონი გულბაათის ძალიან მეშინია. ჯერ კიდევ აბიტურიენტობის დროიდან.
მაშინ სარეჟისოროზე ვაბარებდი თეატრალურ ინსტიტუტში, ტურების