ავტორისაგან ამ სარკმლიდან, რასაც მოისურვებ, ის გამოჩნდება. შეგიძლია წაშალო პეიზაჟი და სხვა დახატო, იმის იმედით, რომ ოდნავ მაინც მიუახლოვდე მას, ვისაც მუდამ ახსენდება შენი აქ ყოფნა... ეს ღამეა, წყვდიადიდან რომ სახეები ამოეზრდება და დაგყურებენ მორიგეობით. იმათ არ უჭირთ შენს ფიქრებში ჩუმად შეღწევა და ნატვრის ისე ასრულება, რომ გაკვირვების სინათლეში ამოსულ სიტყვას ხელი ჩაჰკიდო და ისევ იქით გაემართო, სადაც იგი სინათლედ იქცა, და რაც მიზიდავს, უჩინარი ცეცხლის სითბოა, შენ რომ არ იცი, სად ანთია და ხელს მაინც იქითკენ იშვერ.
გივი ალხაზიშვილი