ბორხესი, კორტასარი და ზოგი სხვა რამ...
კორტასარის კითხვისას შეუძლებელია, არ გაგახსენდეს ბორხესიარა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ 1985 წელს, კორტასარის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, ბუენოს-აირესში გამოიცა მისი „რჩეული მოთხრობები“ ხორხე ლუის ბორხესის წინასიტყვაობით; არც იმის გამო, რომ ამავე წელს (1985) გარდაიცვალა „თანამედროვეობის ლეგენდარული მწერალი“ ბორხესი, ანუ ერთი წლის შემდეგ, რაც პარიზში ლეიკემიით სული განუტევა ასევე თანამედროვეობის უდიდესმა მწერალმა ხულიო კორტასარმა; არსებობს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც თვითონ კორტასარი გულწრფელად აღიარებდა ეველინ პიკონ ჰარფილდთან საუბრებში (ამ საუბრების ფრაგმენტები და აგრეთვე კორტასარის „ესეები და მოთხრობები“ გამოქვეყნდა „ინოსტრანნაია ლიტერატურას“ 2001 წლის ივნისის ნომერში).
აქ არ შეიძლება, არ ვახსენოთ ბორხესი, თუმცა, საბედნიეროდ, გავლენა, ჩემზე რომ მოახდინა ბორხესმა, არ იყო თემატური და არც სტილისტური; გავლენა, უპირველეს ყოვლისა, ეთიკური იყო. ბორხესმა მასწავლა მე და მთელ ჩემს თაობას მკაცრი მომთხოვნობა საკუთარი თავის მიმართ, გვასწავლა, ფხიზლად შეგვეფასებინა საკუთარი თავი, გვასწავლა, არ დაგვებეჭდა არაფერი, რაც პროფესიული თვალსაზრისით არცთუ ისე კარგად იყო შესრულებული...
შემდეგ კორტასარი საუბრობს ორ ურთიერთსაპირისპირო, პოლარულად განსხვავებულ მწერალზე - რობერტო არლტსა და ბორხესზე და ასკვნის, რომ არლტს არ გააჩნდა ნასახი თვითკრიტიკულობისა; მას არ შეეძლო, ობიექტურად შეეხედა საკუთარი თავისათვის. მისი ენა გაუგებარი და სტილისტური შეცდომებით აჭრელებული იყო. სამაგიეროდ, მასში იმალებოდა წარმოუდგენელი შემოქმედებითი ძალა. ბორხესი, თუ მას არლტს შევადარებთ, ასეთ მხატვრულ ენერგიას არ ფლობდა და ამის კომპენსირებას აღწევდა ისეთი დონის, ისეთი სიღრმის გონებრივი შრომით, რომ ჩემზე შემაძრწუნებელი შთაბეჭდილება მოახდინა და მე, თითქმის დაუფიქრებლად, გადავწყვიტე იმ დროის ლიტერატურის სუპერინტელექტუალურ ფრთას მივკედლებოდი. თუმცა სხვა კუთხითაც შეიძლება შევავლოთ თვალი წარსულს. იმ დროსვე აღმოვაჩინე ჩემთვის ორასიო კიროგა და რობერტო არლტი - „ყველასათვის გასაგები“ მწერლები.
გასაგებია, რასაც გულისხმობს კორტასარი: ორ განსხვავებულ საწყისს, ძნელად გასაგებ, ინტელექტუალურ პროზას, სადაც პრივალირებს უნივერსალური „გონებრივი შრომა“ (ბორხესი) და ყველასათვის მისაწვდომი, გასაგები მხატვრული აზროვნება, რომლის შემოქმედებითი ძალა უპირატესად „ინტუიციას“ ეყრდნობა, ვიდრე მკაცრ თვითკრიტიკულობას, ანუ „გონების“ პრიმატს. მე შემთხვევით არ ჩამისვამს ბრჭყალებში ორი თითქოსდა ურთიერთგამომრიცხავი, მაგრამ სინამდვილეში ერთარსება, ერთმანეთთან შერწყმული ორი სიტყვა - „გონება“ და „ინტუიცია“, რადგან მათი სემანტიკა, ერთი შეხედვით გამიჯნული, გამუდმებით თანაარსებობს და ეს თავს იჩენს ისეთ ტექსტებში, რომლებიც თითქოს კონკრეტული პირის მიერ კი არ არის დაწერილი, არამედ „ყოველი კაცის“ მიერ, ანდა „მთელი კაცობრიობის მიერ“ (ბორხესი - „ღვთისმეტყველნი“, „ენიგმათა სარკე“; თარგმანი თამაზ ჩხენკელისა). იოანე ერიუგენას პანთეისტური მოძღვრების განმარტებისას ბორხესი აღნიშნავს, რომ „საგნები წარმოადგენენ თეოფანიებს (ღვთაებრივ გამოცხადებებს, ღმერთჩინებებს), მათ უკან დგას თავად ღმერთი, რომელიც ერთადერთი რეალობაა, თუმცა მან არ იცის, რომ ის არის, იმიტომ, რომ იგი არ არის არანაირი „რაიმე“ და იგი თავისთვისაც მიუწვდომელია და, მაშასადამე, მიუწვდომელია ყოველგვარი გონებისათვის. იგი არ არის გონიერი, იმიტომ, რომ აღმატებულია ყოველგვარ გონებაზე, იგი არ არის კეთილი, იმიტომ, რომ აღმატებულია ყოველგვარ კეთილობაზე. უცნაური და უთქმელი - იგი უკუაქცევს ყოველგვარ ატრიბუტს, რაკი ყოველგვარ ატრიბუტზე აღმატებულია. ღმერთის განსაზღვრების ძიებისას იოანე ერიუგენა მოიხმობს სიტყვას ნიჰილ, ანუ „არარას“. ღმერთი დასაბამიერი არარაა, რომლისგანაც წარმოდინდა ქმნილი, ჩრეატიო ეხ ნიჰილო (ქმნილი არარასაგან)“.
შეუძლებელია, არ გავიხსენოთ XVII საუკუნის გერმანელი პოეტის ანგელუს სილეზიუსის გამონათქვამი: „უცნობი ღმერთი“, რომელიც, როგორც ერიუგენას ნააზრევი, შორს დგას საეკლესიო ორთოდოქსულობისაგან და ეძებს ღმერთს არა ცაში, არამედ ბუნებასა და ადამიანში.
საყურადღებოა ბორხესის ერთი გამონათქვამიც: „ნაკვალევი, რომელსაც დროში ტოვებს ადამიანი დაბადების დღიდან სიკვდილამდე, ერთგვარ შეუცნობელ სურათად იხაზება“. ადამიანის მიერ დროში დატოვებული ნაკვალევი, კვალი, გზის გაკვლევა, სხვა სინონიმებიც შეიძლება მოვიხმოთ, ერთ-ერთი საყრდენია ჟაკ დერიდას გრამატოლოგიისა, საერთოდ, დეკონსტრუქციული მეთოდისა. ბორხესისეული ნაკვალევის და დერიდას „კვალის“, „გზის გაკვლევის“ პირველწყაროა, ალბათ, ზიგმუნდ ფროიდი, რომელიც აღნიშნავდა „შთაბეჭდილებათა გაუცნობიერებელ შეგროვებას“ „ნაკვალევთა“ სახით.
როგორც ჩანს, ყოვლის შეცნობა, ან ყოვლის შემეცნება, ყოვლის გაგება, ყოვლის შეგრძნება, ჩვეულებრივ, მიუწვდომელია ნებისმიერი ადამიანისათვის და რაც უფრო გენიალურია იგი, უფრო მძაფრად განიცდის ამ გარდაუვალ ადამიანურ სისუსტეს და მეტი სიშმაგით განაგრძობს ძიებას, ან იქნებ სულაც არ ეძებს და, როგორც პიკასო ამბობდა: „მე არ ვეძებ, მე ვპოულობო“, ასევე, „უბრალოდ“, პოულობს „რაიმეს“ განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე.
მახსენდება, ქუთაისში ზოგიერთები როგორ დასცინოდნენ ცნობილ მკვლევარს, პეტრე ჭაბუკიანს: „რას აკეთებს ისეთს, ყველას რომ გიკვირთ? შეყო ხელი რომელიღაც ხვრელში და გამოიღო V საუკუნის შუბი, დაბოდიალობდა ტყეში და დინოზავრის ნაკვალევს გადააწყდა. მორიგი ხეტიალისას სათაფლიის გამოქვაბულს