გივი ალხაზაშვილი - ამოდის თუ ჩადის მზე?!
რომანი
იგი მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. ერთფეროვანი ყოფა უეცრად გამომიცოცხლა, საფიქრალიც ბევრი გამიჩინა. არც კი უკითხავს, მსურდა თუ არა ჩემი სიმშვიდის ჩარჩოდან გადმომებიჯებინა და გადაუჭრელ პრობლემათა მორევში ამომეყო თავი. პირველად სამსახურში გამომეცხადა, ჩვენი ძველი ნაცნობობა გამახსენა და მაგიდაზე მომცრო საქაღალდე დამიდო, თან დამპირდა, წავიკითხავდი თუ არა, ვინმეს ხელით ისევ გამომიგზავნიდა ახალ ხელნაწერებს. მისი სახელი სიმონი - თითქოს ღიმილისმომგვრელად ჟღერდა ჩემთვის, მაგრამ ცნობილი მუსიკოსი იყო და სახელიც გაღიმების საბაბს კარგავდა. სიმონს რომ ვუყურებდი, ასე მეგონა, სარკეში საკუთარ ორეულს ვათვალიერებდი. მაგრამ იგი მაინც განსხვავდებოდა ჩემგან - ზედმეტად ეგზალტირებული და ენერგიული მიხრა-მოხრით, ნერვიულად ანთებული თვალებით, ეს განსხვავებაც დროებითი თუ პირობითი იყო, რადგანაც ხანგამოშვებით, მეც ზუსტად ასეთი ენერგიული და ეგზალტირებული ვჩანდი სხვათა თვალში, მზერაც ზედმეტი აგზნებულობისგან მილაპლაპებდა. მე არ შემიძლია დაბეჯითებით განვაცხადო, რომ საკუთარ ორეულს შევხვდი, მაგრამ რაღაც ამის მაგვარი რამ ხდებოდა. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ჩვენ, დროდადრო, ვხვდებოდით ერთმანეთს ხან ჩემს სამსახურში, ხანაც მასთან, სახლში და, როცა მის სახლში გრძელ მაგიდასთან ვიჯექი ოდნავ ნაღვლიანი და ყავას შევექცეოდი, თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ ამ სახლში ვცხოვრობდი უხსოვარი დროიდან და ის საგნები და ნივთები, ჩვენთან ერთად რომ დუმდნენ, იმ ნაცნობ დუმილს აგრძელებდნენ, რომელსაც შევეზარდე დიდი ხანია და რომლის გარეშე ჩემი სიმყუდროვე საერთოდ კარგავდა აზრს. მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ იქ, მაინც სიმონი იყო მასპინძელი და ჩემი გაშინაურება არაფერს ნიშნავდა. თქმა იმისა, რომ სიმონი მუსიკით იყო გატაცებული, არ იქნებოდა მართალი, რადგან იგი, როგორც მოგახსენეთ, ცნობილი მევიოლინე იყო, მაგრამ ბოლო წლებში, თვითონ ასე გამიმხილა: რაღაც ოპუსების წერას მიჰყო ხელი და სურდა, მე, როგორც ლიტერატორს, თვალი შემევლო ამ ტექსტისათვის და ჩემი მოსაზრება გამემხილა. მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, სიმონს ნაკლებად აინტერესებდა ჩემი პროფესიული აზრი, იგი ცდილობდა ჩემთან დისკუსია გაება ჩვენს მსგავსებასა და განსხვავებაზე და, როგორც თვითონ მიმანიშნა, სურდა ჩემში გაეღვიძებინა მთვლემარე ვნება, რათა დამეწუნებინა ჩემი რაციონალური ყოფა და შემეცვალა მდორე ცხოვრების წესი. მოკლედ, როგორც აღმოვაჩინე, მევიოლინე სიმონი ცდილობდა ის პირობითი სხვაობაც წაეშალა, ჩვენ შორის რომ არსებობდა და მე მთლიანად მის ჭკუაზე გადავწყობილიყავი. ჩემთვის, თავიდან, იმდენად არასერიოზულად ჟღერდა სიმონის შეგონებანი, რომ სიამოვნებით ავყევი ამ თამაშს.
ერთი თვის შემდეგ, როცა სიმონის შეგონებებით ერთი საქაღლდე შეივსო, რატომღაც გამიჩნდა სურვილი მათი გამოქვეყნებისა. ამავდროულად, არც კი მიფიქრია საავტორო უფლებებს თუ ვარღვევდი და ავტორის დაუკითხავად, მისი ნებართვის გარეშე თუ შეიძლებოდა ამ ტექსტების დაბეჭდვა. ეს ეჭვი რომ არ გამიჩნდა, ესეც ბუნებრივია, რადგან სიმონის ნაწერი, ზოგჯერ ჩემი მეგონა, ისე ჰგავდა ჩემი აზროვნების სტილს, მანერას, მაგრამ მაინც ჩემი არ იყო. ამიტომ, ალბათ, ჯობდა ამ ტექსტის გამოქვეყნებაზე მისი წერილობითი თანხმობა მიმეღო, მაგრამ მე ქურდულად მოვიქეცი, სიმონის ხელნაწერები მემანქანეს გადავეცი გადასაბეჭდად და როცა ხელნაწერი ჩემს მაგიდაზე იდო გაწკრიალებულ-გალამაზებული, კიდევ ერთხელ გადავიკითხე და წერტილ-მძიმე, ზოგიერთი სტილისტური შეცდომა ჩავასწორე, აღარ ვყოყმანობდი, რომ აუცილებლად გამოვაქვეყნებდი. მაგრამ როგორც კი კომპიუტერზე ავაწყობდი სიმონის ოპუსებს, ამასობაში ახალ-ახალი ჩანაწერები ჩნდებოდა და მე ერთ მშვენიერ დღეს მომეჩვენა, რომ ეს წიგნი არასოდეს დასრულდებოდა. ამიტომ შევთავაზე ერთ-ერთ ჟურნალს, ნომრიდან ნომერში გაგრძელებებით გამოექვეყნებინა, ხოლო მოგვიანებით ცალკე წიგნად გამოვცემდი.
უნდა გამოგიტყდეთ, რომ პირველი ჩანაწერი ნამდვილად მე მეკუთვნის, ხოლო შემდეგ იწყება სიმონის ოპუსები, რომელთაც ზოგჯერ ერთვის ჩემი კომენტარები. ასე რომ, ეს წიგნი ჩემი და სიმონის თანაავტორობით შეიქმნა - იგი არაა მხოლოდ სიმონის ან მხოლოდ ჩემი, იგი საერთო საკუთრებაა. გთხოვთ, ამ ნიუანსს მიაპყროთ ყურადღება, რადგან მომავალში ამ საკითხს რაღაც მნიშვნელობა მიენიჭება.
ახლა მივყვეთ ტექსტის თანმიმდევრობას.
***
შეუძლებელია ფიქრიც კი... აქ იმდენი ხალხი შემოდის, თან თავისი პრობლემებით, რომ რაიმე საქმის წამოწყება მართლაც, შეუძლებელია.
გარეთ კი მშვენიერი შემოდგომის ამინდია ან შემოდგომის მშვენიერი ამინდია. აქ, შიგნით, ოთახში (კაბინეტში) ჩინოვნიკური ატმოსფეროა. უმრავლესობა, ვინც აქ შემოდის, უკმაყოფილოა ან შეწუხებული. ჰგონიათ, რომ თავიანთ პრობლემებს აქ გადაწყვეტენ. თითქმის ყველა ცდილობს ამკიდოს თავისი სატკივარი. ისინი ვერც კი ხვდებიან, ისე მიცარიელებენ სულს, მართმევენ იმ ენერგიას, რომლის წყალობითაც სულდგმულობს ადამიანი. ეს გაუცნობიერებელი „ვამპირიზმი“ გავრცელებული დაავადებაა. ახლა ვფიქრობ თავდაცვის საშუალებები გამოვნახო თავის გადასარჩენად. პრობლემა რომ აღმოვაჩინე - ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ისევ საკუთარ თავში უნდა ჩავბრუნდე - საკუთარი თავი სულაც არ ნიშნავს ჩემთვის სხეულით