როსტომ ჩხეიძე
დრო მოზაიკურ ქარგაში
(გივი ალხაზიშვილის ავტობიოგრაფიული რომანი)
„მომავალი წარსულის“ შექმნა მოულოდნელობა არა ყოფილა.
ის კი არა, თუ ჩვენს თანამედროვეთაგან ვინმეს შეიძლება დაეწერა მრავალმხრივ საგულისხმო ავტობიოგრაფიული რომანი, მათ შორის უთუოდ გივი ალხაზიშვილსაც, ვინც პოეზიიდან დროდადრო ბელეტრისტიკაში გადანაცვლებული აქეთ მოემართებოდა, დოკუმენტური პროზის ამ ჟანრისაკენ, და მოემართებოდა დოკუმენტური ფონის სულ უფრო გამკვეთრებით ადრინდელ რომანებში.
„ამოდის თუ ჩადის მზე?!“ პროზად დაწერილ პოემას (ლირიკულს რომ არქმევენ) უფრო მოგვაგონებდა და აშკარად ემჩნეოდა, მაძიებელი სულის პოეტს რომ მოენდომებინა თავის მოსინჯვა ბელეტრისტის ამპლუაში და ლირიკული დღიურის მსგავს თხრობას მიჰყვებოდა სტილური მანერითაც და პერსონაჟთა ხასიათების თავისებურებითაც უფრო სიმბოლოებს რომ ჰგვანან, ვიდრე რეალისტურ სახეებს.
ამ ყაიდის მხატვრული ნიმუში არაერთი დაწერილა დასავლეთში და ერთხანს თეორეტიკოსები მტკიცებასაც მოჰყვებოდნენ, რომ ეს და მხოლოდ ეს მიდრეკილება იყო თანამედროვე ბელეტრისტიკის მთავარი გზა, პოეზიისა და პროზის მიჯნაზე შექმნილი თხრობის მანერაც და საერთო ფონიც... დიახ, მხოლოდ ეს… თუმც ამაო აღმოჩნდებოდა ეპიკასთან პროზის მართლაც უმთავრეს ძარღვსა და საფუძველთან ეს მიამიტური დაპირისპირება და ლირიკული დღიურის მსგავსი ბელეტრისტული ნიმუშები რჩება ცალკეულ, ზოგჯერ ძალიანაც მომხიბლავ, მაგრამ მაინც ცალკეულ ცდებად.
ლირიკული პროზა არამარტო მინიატურებად ქუცმაცდება, არამედ შესაძლოა ვრცელი ასპარეზიც გამოძებნოს სიუჟეტური ქარგისათვის, მაგრამ ის ვერასოდეს გადაიქცევა ბელეტრისტული ჟანრის მიმდინარეობის განმსაზღვრელად. ანკი რანაირად შეიძლება გადაქცეულიყო?!.
გივი ალხაზიშვილიც ხელშესახებად იგრძნობდა ამ გარდუვალობას, და თუმც იმ პირველი რომანის სულისკვეთება და განწყობილება ძალდაუტანებლად მიესადაგებოდა მისი პოეზიის აღმსარებლობით ბუნებასა და სტილისტიკას, ამ გზას ვეღარ გაჰყვებოდა და არამცთუ ეპიკურ სიუჟეტსა და ხასიათებს დაეყრდნობოდა მეორე რომანის „სოდომიდან სოდომამდე“ შეთხზვისას, არამედ თვალსაჩინოს გახდიდა დოკუმენტურ ნაკადსაც, კიდევ უფრო რომ გამკვეთრდებოდა მესამე რომანში „რკინის კარს აქეთ და იქით“, რომელსაც დაბეჯითებით ვერც განსაზღვრავ, უფრო მხატვრული ქმნილებაა თუ უფრო ავტობიოგრაფიული რომანი.
ასეა თუ ისე, თანდათანობითი სვლა დოკუმენტალიზმისაკენ ადრე თუ გვიან უნდა დაგვირგვინებულიყო ამ ჟანრის ჩინებული ნიმუშით, რომლის სახელწოდებაც „მომავალი წარსული“ პარადოქსული ეფექტისათვის კი არ არის შერჩეული, არამედ ცხადად მიანიშნებს იმ მოვალეობას, რაც ამ ყაიდის ქმნილებებს დაჰკისრებიათ.
რა მოვალეობას და: დაკარგული დროის ძიებით ისტორიული მატიანის დანიშნულებასაც რომ ითავსებენ.
ისტორიული მატიანის დანიშნულება კი სხვა რა ყოფილა, თუ არა თვალსაჩინოების გადაშლა შთამომავლობისათვის - ვინ და რა მიზნით მოქმედებდნენ ცხოვრების ასპარეზზე დრო-ჟამის კერძო განზომილებაში, ვინ გამოხატავდნენ ადამიანთა მარადიულ ვნებებსა და მისწრაფებებს.
ამა თუ იმ პიროვნების ბიოგრაფია მეტ-ნაკლებად გადაჯაჭვია ან აირეკლავს ქვეყნის ცხოვრებას, ეპოქალურ ძვრებსა თუ იმ „წვრილმან“ მოვლენებს, რომელნიც, ვინ იცის, ოდესმე თვალისმომჭრელ ამბებზე უფრო მნიშვნელოვანნიც აღმოჩნდნენ დროის სულის ამოსაცნობად.
მწერლებისათვის მაინც განსაკუთრებით ღირებულია ეს „წვრილმანები“, ეს დეტალები თუ რეალიები, რომელნიც იმ წამს შესაძლოა არც არაფრად გიღირდეს, მაგრამ არასგზით რომ არ გავიწყებენ თავს და ამით მიგანიშნებენ, არა ვართ ასე იოლად დასაკარგავნიო.
და, ვინ იცის, როგორ იცვალონ ფერი და ელვარება, რა ტევადობა გაამჟღავნონ გარდასული ჟამის სურათთა აღდგენისას, გრანდიოზულად შერაცხილი მოვლენები უეცრად უკან რომ გადაიწევენ და სარბიელს ამ თითქოსდა წვრილმანებს დაუთმობენ.
ოფიციალური ისტორია, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ ლიტერატურული, ყოველთვის ცვალებადია და ძალიანაც ცვალებადი, ამა თუ იმ მძლავრის ნება-სურვილის მიხედვით შედგენილი, ხან სიყალბით აღბეჭდილი და ხან სულაც სიცრუის მორევში ჩათრეული... მაგრამ მათ გვერდით ხომ ყოველთვის არსებობდა და იარსებებს ნამდვილი მატიანეები, სანდო გზამკვლევთა მიერ ამოკრებილნი დროის მდინარებიდან და იმ სუბიექტივიზმით განმსჭვალულნი, რაც საბჭოთა ეპოქაში პოლიტიკურ ერესად შერაცხულიყო, როგორც გადახვევა მარქსისტული მოძღვრებიდან... არადა, ეს სუბიექტივიზმია ხედვის ის ბუნებრივი კუთხე, საიდანაც ხდება ხელოვნური, მოჩვენებითი მიუკერძოებლობის ჩარჩოების გარღვევა და მკითხველი გაცილებით უფრო უახლოვდება ჭეშმარიტ რეალობას.
სხვადასხვა სუბიექტური ხედვა თუკი ეპოქა ან ესა თუ ის დროება ნამდვილი მწერლისა თუ მოაზროვნის ხელში მოექცევა ასამეტყველებლად ერთმანეთს კი არ უარყოფს ან აბათილებს, არამედ ავსებს და განსხვავებულ წახნაგებსაც უხვად გამოკვეთს; წინააღმდეგობანი კი, რამაც მათ შორის შეიძლება იჩინოს თავი, არამცთუ არ დააბნევს მკითხველს, არამედ უფრო ჩაახედებს ეპიზოდის, მოვლენის სიღრმესა თუ პერსონაჟთა ხასიათების თავისებურებებში.
ავტობიოგრაფიული რომანი მოგონებებს ეყრდნობა, ისევე, როგორც მემუარული თხზულებანი. ეს ყოველივე თითქოს ერთი და იგივეა, მაგრამ მაინცაა საგრძნობი განსხვავება მათ შორის და ამ განსხვავებას ქმნის მხატვრული რანგი ყველა მემუარულ თხზულებას ვერ მიიჩნევ ავტობიოგრაფიულ რომანად და ამიტომაც მარტოდენ ინფორმაციულ თავისთავად არცთუ მცირე მნიშვნელობას ანიჭებ.
ავტობიოგრაფიული რომანის შექმნის უნარი კიდევ თავისებური ნიჭია, ზოგისათვის შემოქმედების ერთ-ერთი განშტოება, ზოგისთვის კი მთავარი ბირთვი, და ამიტომაც