ნაწილი I - თავი 1 - მისბა „ფლობდე დაკარგვის ხელოვნებას, - არ მეგულება
რთულ საქმედ, რადგან თავად ფლობა არის შემცველი
დაკარგვის ცნების; ეს არ არის უბედურება“.
ელიზაბეთ ბიშოპი
„ერთი ხელოვნება“ (აქაც და შემდგომშიც მოყვანილია ლელა სამნიაშვილის თარგმანი.)
ივნისი, მაშინ
ლაჰორი, პაკისტანი
ლაჰორის თავზე ღრუბლები ისეთივე იისფერი იყო, როგორიც ჭორიკანას ენა იმ დღეს, როცა დედამ მითხრა, მალე დაქორწინდებიო.
ამ ამბის გაგების შემდეგ მამაჩემს ვერანდაზე გადავაწყდი. ჩაის წრუპავდა და ფრანებით დაფარულ ცაზე მოახლოებულ შტორმს აკვირდებოდა.
აზრი შეაცვლევინე! მინდოდა მეყვირა. უთხარი, რომ მზად არ ვარ.
სამაგიეროდ, მის გვერდით დავდექი, ჯერ კიდევ ბავშვი, მომლოდინე, რომ თვითონ იზრუნებდა ჩემზე. რამის თქმა საჭირო არ ყოფილა. მამაჩემმა შემომხედა და ყველაფერს მიხვდა.
- წამოდი, პატარა პეპელავ, - ჩრჩილისფრად ყავისფერი თვალები მომაპყრო და მხარზე მომეფერა, - ჩემსავით ძლიერი ხარ. ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივა, თანაც, ბოლოს და ბოლოს, დედაშენისგან გათავისუფლდები.
გაიღიმა. მხოლოდ ნახევრად ხუმრობდა.
რამდენიმე წუთში ლაჰორი მუსონურმა წვიმამ წალეკა. წიწილები და ბავშვები ყაყანით ეძებდნენ თავშესაფარს. ჩვენი სახლის ცემენტის იატაკი წყლით გაიჟღინთა. მაინც ჩავხარე თავი სალოცავად.
გთხოვ, ჩემი მომავალი ქმარი სათნო იყოს, გავიფიქრე, როცა ჩემი ბიძაშვილის, ამნას ჩალურჯებები გამახსენდა. იგი ქერა ინგლისელ ბიზნესმენზე დაქორწინდა მშობლების ნების საწინააღმდეგოდ, გთხოვ, კარგი კაცი იყოს.
თვრამეტი წლის ვიყავი. შიშით სავსე. გაუტეხელი კაცისთვის უნდა მელოცა.