ვარდნა
ნებას დამრთავთ, ბატონო, ჩემი სამსახური შემოგთავაზოთ? არ მინდა, აბეზარი გეგონოთ, მაგრამ ვშიშობ, სხვაგვარად ვერაფერს შეასმენთ ამ პატივცემულ გორილას, რომელიც ამ დაწესებულების ბედს განკარგავს. იგი ხომ მხოლოდ ჰოლანდიურად ლაპარაკობს. თუკი საშუალებას არ მომცემთ თქვენი ინტერესები დავიცვა, ის ვერასდროს მიხვდება, რომ ჯინი გნებავთ. აჰა, ვგონებ მიმიხვდა. ეს თავის დაქნევა სწორედ იმის ნიშანია, რომ ჩემი არგუმენტები მისთვის მისაღებია. მართლაც, დარბაისლური სიდინჯით მოაქვს ჯინი. გაგიმართლათ, რომ არ დაუღრენია. თუკი მომსახურებაზე უარს ამბობს და შეიღრინა, ვეღარავინ ბედავს შეკამათებას. საკუთარი გუნება-განწყობის მიხედვით მოქმედება ხომ დიდი ცხოველების პრივილეგიაა. მე კი დაგტოვებთ, ჩემო ბატონო, მოხარული ვარ, რომ დაგეხმარეთ. სიამოვნებით დავრჩებოდი, დარწმუნებული რომ ვიყო თავს არ შეგაწყენდით. ძალიან კეთილი ბრძანდებით. მაშინ, ჩემს ჭიქას თქვენსას მივუდგამ, თუკი არ დამძრახავთ.
მართალს ბრძანებთ. მისი სიმუნჯე გასაოგნებელია. ეს დუმილი უსიერ ტყეებში გამეფებულ სიჩუმეს ჰგავს. ზოგჯერ მაოცებს ჩვენი მდუმარე მეგობრის სიჯიუტე, უგულებელყოს ცივილიზებული ენები. მისი მოვალეობა ხომ ყველა ეროვნების მეზღვაურის მომსახურებაა ამსტერდამის ამ ბარში, რომელსაც კაცმა არ იცის რატომ, მეხიკო-სიტი უწოდა. ასეთი მოვალეობების მქონე ადამიანის ამგვარი უვიცობა ცოტა არ იყოს უხერხულია, არა? წარმოიდგინეთ კრომანიონელი ადამიანი, რომელიც ბაბილონის გოდოლზე მოხვდა და იქ ცხოვრება უწევს. როგორ დაიტანჯებოდა უცხო გარემოში! თუმცა ეს ბატონი თავს გარიყულად სულაც არ გრძნობს, თავის გზას მიუყვება და ვერაფერი შეაჩერებს. იმ იშვიათი ფრაზებიდან ერთ-ერთი, რომელსაც წამოისვრის ხოლმე, არის: თუ გინდა წაიღე, თუ არა, ჯანდაბამდე გზა გქონია. რა უნდა წაიღო ან ვის ჰქონია ჯანდაბამდე გზა? ალბათ თავად ჩვენს მეგობარს. გამოგიტყდებით, ასეთი ტიპის ადამიანები მიზიდავენ. როდესაც ადამიანებზე ბევრი ფიქრი უწევთ პროფესიიდან გამომდინარე ან მოწოდების გამო, ბოლოს პრიმატები ენატრებათ. მათ ქვენა გრძნობები არ ამოძრავებთ.
მართალი გითხრათ, ჩვენს მასპინძელს ახასიათებს გარკვეული მზაკვრობა, თუმცა კარგად შენიღბული. რადგან ვერ იგებს, მისი თანდასწრებით რას ამბობენ, ხასიათში უნდობლობა გამოუმუშავდა. ამიტომაც, მისი ეს მოქუფრული გამომეტყველება იმის ნიშანია, თითქოს მიხვდა, რომ ადამიანებს შორის ყველაფერი რიგზე ვერ არის. ასეთი განწყობა ართულებს მასთან საუბრის გაბმას ისეთ თემაზე, რომელიც მის პროფესიას არ ეხება. აგერ, შეხედეთ მის უკან კედელს, ეს ნაკლებად გახუნებული მართკუთხედი მიგვანიშნებს, რომ ყოველთვის ცარიელი არ იყო. მართლაც, იქ მეტად საინტერესო ნახატი, ნამდვილი შედევრი ეკიდა. მე მოწმე ვარ, როგორ შეიძინა და როგორ შეელია მას ჩვენი ბარმენი. ორივეჯერ ერთი და იგივე უნდობლობა გამოიჩინა, კვირების განმავლობაში იღებდა გადაწყვეტილებას. ამ კუთხით, უნდა ვაღიაროთ, რომ საზოგადოებამ ერთგვარად გააფუჭა მისი ბუნების პირვანდელი უშუალობა.
მინდა იცოდეთ, რომ მის განსჯას არ ვაპირებ. ვაფასებ მის უნდობლობას და სიამოვნებით გავიზიარებდი მას, ჩემი კომუნიკაბელურობა რომ არ მიშლიდეს ხელს, როგორც ალბათ უკვე შენიშნეთ. ეჰ, დიდი ყბედი ვინმე გახლავართ! ძალიან ადვილად შევდივარ კონტაქტში. იმის მიუხედავად, რომ ვიცი, საჭირო მანძილის დაცვა, გაცნობის ნებისმიერი საბაბი ჩემთვის მისაღებია. როდესაც საფრანგეთში ვცხოვრობდი, ჭკვიან ადამიანთან შეხვედრისას არ არსებობდა დაუყოვნებლივ მასთან დაახლოების გზების ძებნას რომ არ შევდგომოდი. აჰა! ვხედავ, ჩემ მიერ გამოყენებულმა კავშირებითი კილოს არქაულმა ფორმამ გაგაოცათ და წარბი ასწიეთ. რა ვქნა, მიყვარს მისი გამოყენება და ზოგადად, აღმატებული საუბარი. მერწმუნეთ, ამის გამო ჩემს თავს ვკიცხავ კიდეც. მშვენივრად ვიცი, რომ ძვირფასი ქსოვილის თეთრეულის ტარება არ გამორიცხავს ჭუჭყიანი ფეხების ქონას. მართლაც, ხშირად დახვეწილი სტილი ეგზემაზე გადაფარებულ პოპლინს მიაგავს. თავს იმით ვინუგეშებ, რომ არც აბდაუბდად მოსაუბრეები არიან მოქარგულენიანებზე სუფთები. მართალს ბრძანებთ, გავიმეოროთ ჯინი.
ამსტერდამში დიდხანს დარჩენას აპირებთ? ლამაზი ქალაქია, არა? მომაჯადოებელი? რა ხანია, ეს ზედსართავი არ გამიგონია. მას მერე, რაც პარიზი დავტოვე. მაგრამ გული ბევრ რამეს ინახავს და არც მე დამვიწყებია ჩვენი ლამაზი დედაქალაქი და სენის სანაპიროები. პარიზი ნამდვილი ოპტიკური ცთომილებაა, არაჩვეულებრივი დეკორაცია, ოთხი მილიონი უფორმო არსებით დასახლებული. თითქმის ხუთი მილიონი ბოლო აღწერის მიხედვით? თავი არ დაუზოგავთ გასამრავლებლად. სულაც არ მიკვირს. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ორი დაუძლეველი ჟინი ამოძრავებთ: აზროვნება და ავხორცობა. ყველგან და ყოველთვის, შეიძლება ითქვას. თავი შევიკავოთ მათი განსჯისგან; მარტო მათ კი არ სჭირთ ეს, მთელი ევროპა ასეა. ხშირად მიფიქრია, რას იტყვიან ჩვენზე მომავალი ისტორიკოსები. ჩვენი დროის ადამიანის დასახასიათებლად ერთი ფრაზაც ეყოფათ: მრუშობდნენ და გაზეთებს კითხულობდნენო, იტყვიან. ასეთი ამომწურავი განმარტების შემდეგ, დასამატებელიც აღარაფერი იქნება.
ჰოლანდიელები? არა, ისინი ჩვენზე ჩამორჩენილები არიან. თუმცა დრო აქვთ და დაკარგულს მალე აინაზღაურებენ. შეამჩნიეთ, რის ხარჯზე ცხოვრობენ? ქალებს