რა თქმა უნდა, ხელნაწერი 1968 წლის 16 აგვისტოს ხელში ჩამივარდა წიგნი, რომელიც ვინმე აბატ ვალეს კალამს ეკუთვნოდა: „Le manu-script de Dom Adson de Melk, traduit en français d’après l’édition de Dom J. Mabillon“ (Aux Presses de l’Abbaye de la Source, Paris, 1842) („მელქელი მამა ადსონის ჩანაწერები, ფრანგულად თარგმნილი მამა ჟ. მაბიიონის გამოცემიდან“, პარიზი, ლა-სურის სააბატოს სტამბა, 1842 (ფრ.).). გამოცემა, რომელსაც მწირი ისტორიული მითითებები ერთვოდა, XIV საუკუნის ხელნაწერის ზედმიწევნით გამეორების მცდელობა იყო. თავის მხრივ, ეს ხელნაწერი მელქის მონასტერში უპოვია მეჩვიდმეტე საუკუნის ერთ სწავლულს, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ბენედიქტელთა ორდენის ისტორიის შესწავლაში. ამ ღირსშესანიშნავი აღმოჩენით გახალისებულს (მე უკვე მესამე ვიყავი, ვინც ეს ხელნაწერი აღმოაჩინა), პრაღაში ძვირფასი ქალის მოლოდინში მარტოობა არც კი მიგრძნია. სამი დღის შემდეგ საბჭოთა ჯარებმა დაიპყრეს ბედკრული ქალაქი. მე გამიმართლა და ლინცს, ავსტრიის საზღვარს, მივაღწიე, ვენაში კი ჩემს მეგობარ ქალს შევხვდი და ერთად ავუყევით აღმა დუნაის.
უდიდესი გზნებით, მოჯადოებული ვკითხულობდი მელქელი ადსოს შემზარავ ამბავს. გატაცებულმა, თითქმის სულმოუთქმელად ვთარგმნე მისი მონათხრობი „ჟოზეფ ჟიბერის“ რვეულებში, რომლის ფურცლებზეც ასე სასიამოვნოა წერა, თუ კალამი რბილია. მელქის შემოგარენს მივადექით, სადაც მდინარის პირას, შემაღლებულზე, საუკუნეთა მანძილზე მრავალჯერ რესტავრირებული ულამაზესი მონასტერია აღმართული. თუმცა, როგორც მკითხველი თავადაც მიხვდება, მონასტრის ბიბლიოთეკაში ადსოს ხელნაწერის კვალსაც ვერ მივაგენი.
ზალცბურგში ჩასვლამდე, ერთ უბედურ ღამეს, მონდზეეს ნაპირზე მდებარე პატარა სასტუმროში უეცრად დასრულდა ჩვენი მოგზაურობა: ჩემი თანამგზავრი გაქრა და აბატ ვალეს წიგნიც თან გაიყოლა, თუმცა ეს განგებ კი არ გაუკეთებია, არამედ - თავისი უთავბოლობითა და უპასუხისმგებლობით. ჩვენს ურთიერთობასაც ამით მოუღო ბოლო. ასე დამრჩა საკუთარი ნაწერით სავსე რვეულები ხელთ და ვეებერთელა სიცარიელე - გულში.
რამდენიმე თვის შემდეგ პარიზში გადავწყვიტე, ბოლომდე მიმეყვანა კვლევა. ფრანგული წიგნიდან შემორჩენილ მწირ ცნობებს შორის იყო მითითებაც წყაროზე, უაღრესად დაწვრილებითი და ზუსტი:
Vetera analecta, Sive Collectio Veterum aliquot operum & Opusculorum omnis generis, Carminum, Epistolarum, Diplomatum, Epitaphiorum, & cum itinere Germanico, Adnotationibus & aliquot disquisitionibus R.P.D. Joannis Mabillon, Presbiteri ac Monachi Ord. Sancti Benedicti e Congregatione S. Mauri. – Nova Editio Cui accessere Mabilonii Vita & aliquot opuscula, scilicet Dissertatio de Pane Eucharistico, Azymo et Fermentato, ad Eminentiss. Cardinalem Bona. Subjungitur opusculum Eldefonsi Hispaniensis Episcopi de eodem argumento Et Eusebii Romani ad Theophilum Gallum epistola, De cultu Sanctorum Ignoturum, Parisiis, apud Levesque, ad Pontem S. Michaelis, MDCCXXI, cum privilegio Regis (ძველი ანთოლოგია, ანუ ძველი შრომებისა და თხზულებების - წერილების, ჩანაწერებისა და ეპიტაფიების - კრებული, ღირსი მამის, თეოლოგიის დოქტორის, წმინდა ბენედიქტეს ორდენისა და წმინდა მავრის კონგრეგაციის პრესვიტერის - ჟან მაბიიონის გერმანულენოვანი შენიშვნებით, დანართებითა და გამოკვლევით. ახალი გამოცემა, რომელიც მაბიიონის ცხოვრებას და მის თხზულებებს შეიცავს, კერძოდ კი, მიმართვას მის უწმინდესობა კარდინალ ბონასადმი „ზიარების კვერზე, ხმელსა და მჟავეზე“. ესპანეთის ეპისკოპოსის, ილდეფონსის შენიშვნებით ამავე საკითხზე და ევსებიუს რომაელის ეპისტოლით თეოფილე გალისადმი „უხილავ წმინდანთა თაყვანსაცემად“, პარიზი, ლევეკის სტამბა, სენ-მიშელის ხიდთან, 1721, ხელმწიფის ნებართვით (ლათ.). ).
სასწრაფოდ მოვიძიე „Vetera Analecta“ სენტ-ჟენევიევის ბიბლიოთეკაში, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, ამ გამოცემას ორი რამ განასხვავებდა იმისგან, რომელსაც ვეძებდი: გამომცემელი იყო Montalant, ad Ripam P. P. Augustinianorum (prope Pontem S. Michaelis) (მონტალანი, სენტ-ოგიუსტენის სანაპირო (სენ-მიშელის ხიდთან) (ლათ.).), თარიღი კი - ორი წლით გვიანდელი. აღარცაა საჭირო თქმა, რომ ეს „Analecta“ არავითარი მელქელი ადსოს, ანუ ადსონის, ხელნაწერს არ შეიცავდა. ესაა უბრალოდ, როგორც ყველას შეუძლია გადაამოწმოს, მცირე და საშუალო ტექსტების კრებული, ვალეს მონათხრობი კი ასობით გვერდზე იყო გაშლილი. შუა საუკუნეების უდიდეს მკვლევარებს დავეკითხე, მათ შორის უძვირფასეს და დაუვიწყარ ეტიენ ჟილსონს, მაგრამ ნათელი იყო, რომ ერთადერთი „Vetera Analecta“ სწორედ ის იყო, რომელიც სენტ-ჟენევიევში ვიხილე. პასის მიდამოებში მდებარე ლა-სურსის სააბატოში შევლამ და ჩემს მეგობარ მამა არნე ლაანეშტედტთან საუბარმაც დამარწმუნა, რომ არავითარ აბატ ვალეს არ დაუბეჭდავს ნაშრომები სააბატოს სტამბაში (არც კი არსებულა ასეთი სტამბა). ყველასათვის ცნობილია, რა ზედაპირულნი არიან ფრანგი მკვლევრები ბიბლიოგრაფიული მითითებებისას, მაგრამ ეს შემთხვევა ყოველგვარ ზღვარს სცილდებოდა. ვიფიქრე, ყალბი დოკუმენტი ჩამივარდა ხელში-მეთქი. თავად ვალეს წიგნს ვეღარაფრით დავიბრუნებდი (ყოველ შემთხვევაში, იმას ვეღარ ვთხოვდი, ვისაც ის წაჰყვა). მოკლედ, საკუთარი შენიშვნებიღა მრჩებოდა, მათში კი უკვე თავადაც მეპარებოდა ეჭვი.
არსებობს რაღაც მაგიური წამები უკიდურესი გადაღლილობისა