რედაქტორისგან
მაინც რა მანძილია ქართლიდან აფხაზეთამდე? ან უფრო რომ დავაკონკრეტოთ, თბილისიდან გალამდე? ან კიდევ უფრო კონკრეტულად – კალიფორნიის შტატიდან აფხაზეთამდე?
ვიღაცას გაუკვირდება, რას გვეკითხება ეს ადამიანი, ასეთ ანბანურ ჭეშმარიტებას შეკითხვა რაში სჭირდებაო, მაგრამ აქვე გიპასუხებთ, ჩემთვის ეს მანძილი მტკივნეულად გაიზარდა და ომის შემდეგ, ასე ახლომდებარე აფხაზეთი, შორეულ გეოგრაფიულ წერტილად მექცა. თუმცა, გულის თვალით ვინც იხედება, ვინც სევდისგან შეკუმშული გულით დაატარებს ბავშვობისა და მოზრდილობის ძვირფას სანახებს, ვისაც ყველაზე მეტად ენატრება იქაურობა, მისთვის შორეული აფხაზეთი ისევე ახლოს რჩება... ამ ადამიანებს ერთი დღეც არ უცხოვრიათ უაფხაზეთოდ. მათი სიზმრებიც აფხაზეთით, იქაური ქუჩებით, ზღვით, მეზობლებით, მეგობრებით, კიპარისებით არის სავსე...
ასეთია ნანა ჯეჯეია. წეღან, შემთხვევით არ მიხსენებია კალიფორნიის შტატი, იქ ცხოვრობს ნანა და იქიდან ეფერება მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი აფხაზეთს. საუბარში არაერთხელ უთქვამს, რომ კალიფორნიის ჰავა, რელიეფი აფხაზეთს აგონებს და ეს უმსუბუქებს მშობლიური კუთხის უნახაობით გამოწვეულ ნოსტალგიას.
ყოველი ხელსაყრელი შემთხვევისას, ნანა საქართველოში გამორბის და ოცნებობს ენგურსგაღმა სამშობლოში კვლავ ჩასვლაზე, ოცნებობს, ძვირფასი საფლავების მონახულებაზე, თავის ეზო-ყურეში წარსულის აჩრდილების გაცოცხლებაზე, თორემ მისი სახლი დიდი ხანია შეიწირა უაზრო ომმა. ვიცი, ნამდვილად ვიცი, რომ ეს ასე მოხდება, აუხდება ეს მტკივნეული ოცნება, ვინაიდან სიყვარულს წინ ვერაფერი დაუდგება, ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს.
...ვინც ახლა ამ სტრიქონებს კითხულობთ, გილოცავთ! ესე იგი, თქვენ შესანიშნავი პროზაიკოსის წიგნი გიჭირავთ ხელში. ადრეც მითქვამს და ვიმეორებ, ნანას ნოველებში (ერთადერთი გამონაკლისია „იაფოსხუნდები“) ომი სადღაც გვერდიდან გვიყურებს, გვაკვირდება, ღირსებას, გამძლეობას გვიმოწმებს ადამიანებს. აფხაზეთი, ამ შემთხვევაში გალი, ამ ღირსების გამოცდის მოლოდინშია და ეს ისე მძაფრად იგრძნობა ნანას ნოველებში, რომ კითხვისას სული გეკვრება, სხეულში ჩასაფრებული სევდა კი ადამიანობისკენ გაბრუნებს.
ნანა იმ მწერალთა რიგს განეკუთვნება, თუნდაც ყველაზე მხიარულ, სათავგადასავლო ამბავში სტრიქონებში გაბნეული ტკივილი რომ იკითხება, თითქოს არ გამძიმებს, მაგრამ თითოეული ნოველა უამრავ სათქმელს, საფიქრელს გიტოვებს და წაკითხვის მერე არ გცილდება, თან დაგყვება აფხაზურ დღეთა სევდიან მემატიანედ.
არ შევუდგები ცალ-ცალკე ნანას ნოველების განხილვას. ძვირფასო მკითხველო, პირველი წაკითხვით გამოწვეულ ემოციას თქვენ გიტოვებთ.
დაბოლოს, ამას წინათ სოციალურ ქსელში ჩვენი არაჩვეულებრივი მეცნიერის, გიორგი ლობჟანიძის მიერ თარგმნილ ჯალალ ედ-დინ რუმის კიდევ ერთ საოცრებას გადავაწყდი: „ცარგვალის ბრუნვას არც ჯილდო აქვს და არც სასჯელი, რადგან მისი მოძრაობა არჩევანის თავისუფლებას არ ემყარება, მაშინ, როცა განკითხვის დღეს სწორედ ის საქმე ჩაითვლება უნარად (ნიჭად, ღირსებად), რომელიც თავისუფალი არჩევანის საფუძველზე იქნება გაკეთებული“ (ზამანი, „არსთა მესნევის“ განმარტება, ტ. III, გვ. 844).
ნანას არჩევანი საქართველოა, ნანას არჩევანი აფხაზეთია და რუმისეული ხედვის განკითხვის დღესქართველ პროზაიკოსს შეეძლება ამაყად განაცხადოს, რომ მას საკუთარი მრწამსისთვის არასოდეს უღალატია, რომ სამშობლო მისი თავისუფალი ნების არჩევანია...
მარინა თექთუმანიძე