პირველი ნაწილი - 1 ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, ზუსტად ცამეტ მორდადს ( მორდადი - ირანული მზის კალენდრის მეხუთე თვე (22 ივლისი-23 აგვისტო).), სამ საათს თხუთმეტი წუთი აკლდა, რომ შემიყვარდა. განშორების სიმწარემ და სამსალამ, რომელიც ვიგემე, ბევრჯერ მაფიქრებინა - თორმეტი ან თოთხმეტი მორდადი რომ ყოფილიყო, იქნებ ეს არც მომხდარიყო-მეთქი.
იმ დღესაც, როგორც ნებისმიერ სხვა დღეს, ძალით, მუქარით, საღამოსთვის პატარ-პატარა სანუკვარი დაპირებებით, მე და ჩემს დას დასაძინებლად სარდაფში გვიკრეს თავი. თეირანის ხვატში შუადღის ძილი ყველა ბავშვისთვის სავალდებულო იყო. იმ დღესაც, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა შუადღეს, მამას ჩაძინებას ველოდით, რომ ბაღში სათამაშოდ გავპარულიყავით. როგორც კი მამამ ხვრინვა ამოუშვა, ტილოს გადასაფარებლიდან თავი ამოვყავი და კედლის საათს ავხედე. სამის ნახევარი იყო. მამას ჩაძინების მოლოდინში, საბრალო ჩემს დას თვითონაც ჩასძინებოდა. რა გაეწყობოდა, დავტოვე და გარეთ ფეხაკრეფით გავედი.
ბიძაჩემის ქალიშვილი ლეილი, თავის უმცროს ძმასთან ერთად, ნახევარი საათი იყო, ბაღში გველოდა. დიდ ბაღში ჩადგმულ ჩვენს სახლებს კედელი არ ყოფდა. ახლაც, როგორც ყოველდღე, დიდი კაკლის ჩრდილში ჩუმი საუბარი და თამაში დავიწყეთ. უცებ ჩემი მზერა ლეილის მზერას გადაეყარა. დიდრონი შავი წყვილი თვალი შემომცქეროდა. მის მზერას მზერა ვერ მოვწყვიტე. არ ვიცი, რამდენ ხანს ვუცქერდით ასე ერთმანეთს. უცებ წკეპლამომარჯვებული დედაჩემი თავზე წამოგვადგა. ლეილიმ ძმასთან ერთად შინისკენ მოკურცხლა, მე კი დედამ მუქარით სარდაფში, ტილოს გადასაფარებელში შემაბრუნა. სანამ გადასაფარებლის ქვეშ შევცურდებოდი, თვალი კედლის საათზე მომიხვდა - სამს ათი წუთი აკლდა. სანამ თვითონაც გადასაფარებლის ქვეშ შეცურდებოდა, დედამ მითხრა:
- ღმერთმა დაგვიფარა, რომ ბიძაშენს არ გაეღვიძა, თორემ ყველას ასო-ასო აგქნიდათ.
დედა არ ტყუოდა. თავისი ბრძანებების შესრულებას ბიძაჩემი ძალიან მკაცრად ეკიდებოდა.
ნაბრძანები ჰქონდა, ბავშვებს დღის ხუთ საათამდე არც კი ესუნთქათ. თუ რა შედეგი მოსდევდა სიფხიზლესა და ხმაურს მისი შუადღის ძილის დროს ბაღის გალავნით შემოსაზღვრულ სივრცეში, არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ ყვავებსა და მტრედებსაც ჰქონდათ ნაწვნევი - იმ არემარეში იშვიათად ჩნდებოდნენ, რადგან ბიძაჩემმა სანადირო თოფით არაერთხელ დააყრევინა ბუმბული. ჩვენს ქუჩაზე, რომელიც ბიძაჩემის სახელით იყო ცნობილი, მას მერე, რაც ორ-სამჯერ ნესვის ყეყეჩმა გამყიდველმა და ხახვით მოვაჭრემ მის სილაქს გემო გაუსინჯეს, ხუთი საათის მიდამოებში მეწვრილმანეებიც კი აღარ ჭაჭანებდნენ.
მაგრამ იმ დღეს ჩემი გონება იმდენად იყო შეპყრობილი, რომ ბიძაჩემის ჩხუბი და დაწიოკება არც გამხსენებია. ლეილის თვალებისა და მისი მზერის მოგონება წამითაც არ მტოვებდა. საითაც არ უნდა მექცია გვერდი, საითაც არ უნდა მიმემართა ფიქრი, მის შავ თვალებს ისე ცხადად ვხედავდი, თითქოს მართლაც თვალწინ მყოლოდა.
ღამით, კოღოებისგან დამცავი დოლბანდის ქვეშ, ლეილის თვალებმა ისევ მომაკითხეს. საღამოს აღარ მინახავს, მაგრამ აქ იყო მისი თვალები და ალერსიანი მზერა.
არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა. უცებ ჩემი გონება უცნაურმა ფიქრმა მოიცვა:
- ღმერთო! ნუთუ ლეილი შემიყვარდა!
ვცადე, ამ ფიქრზე გამცინებოდა, მაგრამ სულაც არ გამცინებია. შეიძლება, კაცს სულელურ ფიქრზე არ გაეცინოს, მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ ის სულელური არ არის. ნუთუ შეიძლება, ადამიანს ასე, ყოველგვარი შესავლის გარეშე, ვინმე შეუყვარდეს?
რაც კი სიყვარულის შესახებ ვიცოდი, ყველაფრის გაანალიზება ვცადე. სამწუხაროდ, დიდი ვერაფერი ცოდნა იყო. ცამეტი წელი გავათავე, მაგრამ აქამდე ჩემს სიცოცხლეში ერთი შეყვარებულიც კი არ მენახა. წიგნები სიყვარულზე და შეყვარებულთა განცდების აღწერა იმხანად იშვიათად იბეჭდებოდა. თანაც, ამ ყველაფრის წაკითხვის ნებას არც გვრთავდნენ. დედ-მამა, ნათესავები, მით უფრო, ბიძაჩემი, რომლის აჩრდილი, ფიქრები და აზრები ოჯახის ყველა წევრს თავს დასტრიალებდა, ბავშვებს თანმხლების გარეშე სახლიდან გასვლას გვიკრძალავდნენ; ქუჩის ბავშვებთან მიახლოებასაც ვერ ვბედავდით. რადიოც, რომელიც დიდი ხანი არ იყო, რაც ამოქმედდა, ყოველდღიურად ორ-სამსაათიანი მაუწყებლობისას ისეთს არაფერს გადმოსცემდა, რაც გონებას გამინათებდა.
როდესაც სიყვარულის თაობაზე ჩემს ცოდნას თვალი გადავავლე, გონებაში ყველაზე უწინ ლეილისა და მაჯნუნის ამბავი ამომიტივტივდა, რომელიც ბევრჯერ მქონდა მოსმენილი. ჩემი ტვინის ყველა კუთხე-კუნჭული გადავქექე, მაგრამ აღმოჩნდა, არაფერი მსმენოდა იმაზე, თუ როგორ შეუყვარდა მაჯნუნს ლეილი. მარტო იმას ამბობდნენ, მაჯნუნს ლეილი შეუყვარდაო.
იქნებ ჯობდა, ლეილი და მაჯნუნი ამ განსჯაში არ ჩამერთო, რადგან ლეილისა და ბიძაჩემის ქალიშვილის სეხნიობამ, ალბათ, გაუცნობიერებლად, ჩემს შემდგომ დასკვნებზე გავლენა იქონია. თუმცა სხვა რა გზა მქონდა? მათ შორის, ვისაც ვიცნობდი, მთავარი შეყვარებულები სწორედ ლეილი და მაჯნუნი იყვნენ. არც შირინსა და ფარჰადზე ვიცოდი ბევრი რამ, მით უფრო, იმაზე, თუ როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი. გაზეთში ერთი სასიყვარულო ისტორია მქონდა წაკითხული, რომელიც ნაკვეთებად