* * * ინგლისში ყველაფერი დიდებულია, ცუდიც კი, თვით ოლიგარქიაც. ინგლისის პატრიციატი, პატრიციატია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ფეოდალური წყობილება არსად ყოფილა ესოდენ ბრწყინვალე, ესოდენ მკაცრი და ესოდენ გამძლე, როგორც ეს ინგლისში იყო. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ თავის დროზე იგი სასარგებლო აღმოჩნდა. სწორედ ინგლისში უნდა ვსწავლობდეთ ფეოდალურ სამართალს ისე, როგორც მეფის უფლებას საფრანგეთში.
ამ წიგნისთვის უფრო შესაფერისი იქნებოდა „არისტოკრატია“ დაგვერქმია. მეორე წიგნს, რომელიც ამის გაგრძელება იქნება, შესაძლოა ვუწოდოთ „მონარქია“. ორივე ხსენებული წიგნი, თუკი ავტორი დაასრულებს ამ შრომას, წინამორბედი იქნება მესამისა, რომელიც თავის მხრივ დააბოლოებს მთელ ციკლს და ეწოდება „ოთხმოცდაცამეტი წელი“.
ოტვილ-ჰაუსი. 1869 წ. აპრილი.