წიგნი მესამე - ნაპრალის დასაწყისი - I - ტედკასტერის სასტუმრო ლონდონში იმხანად მხოლოდ ერთი ხიდი იყო, ლონდონის ხიდი, რომელიც შენობებს გარემოეცვა. ეს ხიდი ლონდონთან გარეუბან საუთვორქს აერთებდა. საუთვორქის ქუჩები მდინარე თემზიდან ამოღებული ხვინჭით მოფენილი, მიხვეულ-მოხვეული და მეტად ვიწრო, ბევრგან ძნელად გასასვლელი შუკებითაც მთავრდებოდა. საუთვორქი ერთმანეთზე უწესრიგოდ მიჭეჭყილი სხვადასხვა შენობის, საცხოვრებელი სახლების და ფიცრული ქოხმახების გროვას წარმოადგენდა, რაც ხანძრის გაჩენას უქმნიდა ნიადაგს. 1666-მა წელმა ეს კიდევაც დაამტკიცა.
სიტყვა საუთვორქს მაშინ გამოთქვამდნენ ხოლმე როგორც სოუდრიქ; ჩვენს დროში გამოთქვამენ დაახლოებით სოუზვორქ. თუმცა ინგლისური სახელების წარმოთქმისთვის საუკეთესო საშუალება ისაა, რომ სრულად არ წარმოითქვას ისინი. მაგალითად, სიტყვა სოუთჰემპტონიდან მხოლოდ თანხმოვანი ასოები - სთპნტნ რჩება.
იმ ეპოქაში ჩეტენს გამოთქვამდნენ, როგორც JE T’AIME.
მაშინდელი საუთვორქი ისევე ჰგავდა ახლანდელს, როგორც ვოჟირარი მარსელს. ახლა იგი ქალაქია, ხოლო მაშინ დაბას წარმოადგენდა და ამასთანავე საკმაოდ ახმაურებულ ნავსადგურსაც. ზედ თემზის ნაპირზე ძველადვე აღმართული იყო ციკლოპისებური ნაგებობის მსგავსი გრძელი, უზარმაზარი სიმაღლის კედელი. შიგ რკინის რგოლები იყო ჩამაგრებული, რომელზეც სამდინარო გემებს ამაგრებდნენ ბაგირებით. ამ კედელს ეფროქის კედელს ანუ, ეფროქ-სთოუნს უწოდებდნენ. როდესაც იორკი ჯერ ისევ საქსონიისა იყო, მას ეფროქი ერქვა. გადმოცემა იუწყება, რომ ამ კედლის ძირას თავი ეფროქის რომელიღაცა ჰერცოგმა დიხრჩო. აქ მართლაც მდინარე საკმაოდ ღრმა არის საიმისოდ, რომ ჰერცოგი ადვილად დაეხრჩო. წყლის მოქცევის დროსაც კი მდინარის სიღრმე ექვს ბრასზე ნაკლები არა ყოფილა. ეს ადგილი საუკეთესო იყო ღუზის ჩასაშვებად და გემის დასაყენებლად, რის გამოც ზღვის ხომალდებსაც იზიდავდა იგი. ძველებური ჰოლანდიური, გვერდებგამობერილი, ორანძიანი ნავი „ვოგრაატი“ ჩვეულებრივ, ჩერდებოდა ხოლმე ეფროკ-სთოუნში. „ვოგრაატი“ ყოველკვირეულად დადიოდა პირდაპირი რეისით ლონდონიდან როტერდამში და როტერდამიდან ლონდონში. სხვა ნავ-ხომალდები აქედან დღეში ორ-ორჯერ გადიოდნენ, ზოგი დეტფორდში, ზოგიც გრინჩსა ან გრევსენდში. მიდიოდნენ წყლის მიქცევისას და ბრუნდებოდნენ უკუქცევისას. გრევსენდამდე გადასვლას ექვსი საათი სჭირდებოდა. თუმცა მანძილი ოცი მილიც არ იყო.
„ვოგრაატი“ იმგვარი ხომალდი იყო, როგორსაც ახლა მხოლოდ საზღვაო მუზეუმებშიღა შევხვდებით. მისი მეტისმეტად გამობერილი კორპუსი პატარა მდინარეებში სახმარ, ჩინურ ორაფრიან ნავს - ე.წ. ჯონკას მოგაგონებდათ. იმ ეპოქაში საფრანგეთი საბერძნეთს ჰბაძავდა, ხოლო ჰოლანდია ჩინეთს. „ვოგრაატს“, მძიმე, ორანძიან ნავს, ტრიუმში პერპენდიკულარული წყალშეუვალი გარიგი ჰქონდა; შუაში ღრმა კაიუტა მოჩანდა, ხოლო ცხვირსა და კიჩოზე ბაქანს გვერდის მესერი არ ჰქონდა, ისევე, როგორც ახლანდელ ქონგურებიან გემებზეა მოწყობილი. გვერდის ნაპირებზე მესრის უქონლობას ერთი ის უპირატესობა გააჩნდა, რომ ქარიშხლის დროს ტალღების მოძალება ნაკლები იყო; მაგრამ, ამავე დროს ხომალდის ეკიპაჟი ხიფათში ვარდებოდა. აზვირთებულ ტალღას შეეძლო ხალხი ზღვაში გაეტაცა, რაკი არავითარ დაბრკოლებას არ წააწყდებოდა. ადამიანების ზღვაში გადავარდნისა და დაღუპვის შემთხვევები კიდევაც ხშირი იყო; ამის გამო ასეთი ტიპის ნავ-ხომალდების გამოყენებაზე ხელი აიღეს. „ვოგრაატი“ ჩვეულებრივ, პირდაპირ მიდიოდა ჰოლანდიაში, ისე რომ გრევსენდშიც არ ჩერდებოდა.
ეფროკ-სთოუნს ძირს უძველესი ქვითნაგები ლავგარდანი გასდევდა, ნაწილობრივ თვითონ კლდისავე შვერილიდან და ნაწილობრივ მინაშენი, კიბურად გამოწეული, რაც იქვე, რკინის რგოლებზე ხომალდ-ნავების ბაგირით მიმაგრებას აადვილებდა, მიუხედავად იმისა, რა სიმაღლეზედაც უნდა ყოფილიყო წყლის დონე. ამ კლდიდან რამდენიმე ადგილას ქვითკირის კიბეები ასდევდა ნაპირისაკენ და საუთვორქის სამხრეთ ნაწილსაც ასევე კედელი ესაზღვრებოდა. სანაპიროზე მიწაყრილი იმ დონეზე იყო კედელთან, რომ გამვლელებს შეეძლოთ ეფროქ-სთოუნის თხემს ისე დაყრდნობოდნენ, როგორც სანაპიროს მოაჯირს. აქედან თვალწინ იშლებოდა მდინარე თემზის სანახაობა. ამ ადგილიდან, მდინარის მეორე ნაპირზე, ლონდონის შენობები უკვე თავდებოდა და შემდეგ მინდვრიანი გასდევდა.
ეფროქ-სთოუნის მახლობლად, თემზის მოსახვევებში, თითქმის სენტ-ჯეიმსის სასახლის პირდაპირ, ლამბეთ-ჰაუსის უკან, იმ სასეირნო ადგილის მახლობლად, რომელსაც ფოქს-ჰოლს უწოდებდნენ ხოლმე, სადაც ფაიფურის ჭურჭელს და შუშის ფერად ბოთლებს ამზადებდნენ, ერთი იმ ცარიელ ადგილთაგანი მდებარეობდა, ბალახბულახითა და ეკალნარით გაბარდნილი, რომელთა მსგავსს საფრანგეთში სათარეშო-სალაღობო ვაკიანს უწოდებდნენ, ხოლო ინგლისში რგოლ-ბურთთა საგორებელ მწვანე მდელოს „BOWLING-GREEN“. ჩვენ ეს სიტყვა „BOULINGRIN“-ად ვაქციეთ. ჩვენს დროში ასეთი პატარა მდელოები უკვე სახლებში გავიჩინეთ, მხოლოდ ისინი მაგიდებზე მოვაწყვეთ, მწვანე მოლის მაგივრობას მწვანე მაუდი სწევს, ამ ყოველივეს კი ბილიარდი ეწოდება.
სხვათა შორის, სრულიად გაუგებარია შემდეგი გარემოება: როდესაც უკვე გვაქვს სიტყვა ბულვარი („BOULEVARD-BOULE-VERT“), რომელიც თავისი მნიშვნელობით სავსებით ეფარდება სიტყვა „BOULINGGREEN“-ს, რატომ გამოვიგონეთ კიდევ „BOULINGRIN“. საკვირველია, რომ ისეთი პატივსაცემი რამ, როგორიც ლექსიკონია, ამას დასაშვებად მიიჩნევს.
საუთვორქის „მწვანე მდელოს“ ტარინზოფილდი ერქვა, ვინაიდან ოდესღაც იგი ბარონ ჰასტინგსებს ეკუთვნოდა, რომლებიც აგრეთვე ტარინზონ-მოკლაინის ბარონების ტიტულსაც ატარებდნენ. ტარინზოფილდი, ბარონ ჰასტინგსებისგან, ბარონ ტედკასტერებს გადაეცათ, რომლებიც ამ ადგილს იჯარით გასცემდნენ ხოლმე, როგორც სახალხო სეირნობის ადგილს, ისევე, როგორც შემდეგ დროში